რეაქტიული ართრიტი

დაავადების აღწერა

რეაქტიული ართრიტი ვლინდება სახსრების ტკივილითა და შეშუპებით, რომელიც გამოწვეულია ინფექციით სხეულის სხვა ნაწილში– ძირითადად, ნაწლავებში, გენიტალიებსა და საშარდე სისტემაში.

მუხლის სახსარი, კოჭის და ტერფის სახსრები ყველაზე ხშირად ზიანდება რეაქტიული ართრიტის გამო. რეაქტიული ართრიტის დროს, ანთება ასევე შეიძლება გამოვლინდეს თვალებზე, კანზე, შარდსადინარზე.

რეაქტიულ ართრიტს ზოგჯერ რეიტერის სინდრომსაც უწოდებენ, თუმცა რეიტერის სინდრომი რეაქტიული ართრიტის სპეციფიკური ტიპია. ამ სინდრომის დროს, ანთება ძირითადად თვალებზე და შარდსადინარზეც გვხვდება, ისევე, როგორც სახსრებზე.

რეაქტიული ართრიტი არ არის ხშირი. უმეტესად, ნიშნები და სიმპტომები ქრება და ისევ ჩნდება, საბოლოოდ კი დაახლოებით 12 თვეში გაივლის.

გამომწვევი მიზეზი

რეაქტიული ართრიტი ვითარდება სხეულის სხვა ნაწილში არსებული ინფექციის გამო, ხშირად ნაწლავური, გენიტალიური ან საშარდე გზების ინფექციების დროს. შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ გამომწვევი ინფექციის არსებობა, თუ იგი მინიმალური სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მრავალი ბაქტერია იწვევს რეაქტიულ ართრიტს. ყველაზე ხშირია:

  • ქლამიდია
  • სალმონელა
  • შიგელა
  • იერსინია
  • კამპილობაქტერი



რეაქტიული ართრიტი გადამდები არ არის. ამის მიუხედავად, ბაქტერია, რომელიც მდგომარეობას იწვევს, ვრცელდება სქესობრივი გზით ან საკვებით. ბაქტერიებით დაინფიცირებული ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება რეაქტიული ართრიტი.

სიმპტომები

რეაქტიული ართრიტის ნიშნები და სიმპტომები ზოგადად იწყება ინფიცირებიდან 1–3 კვირის შემდეგ. ესენია:

  • ტკივილი და სახსრის მოძრაობის შეზღუდვა. სახსრის ტკივილი რეაქტიული ართრიტის დროს ყველაზე ხშირია მუხლებში, კოჭებსა და ტერფებში. შესაძლოა განვითარდეს ტკივილი ქუსლებზე, წელზე და დუნდულებზეც კი.
  • თვალის ანთება. რეაქტიული ართრიტის დროს, მრავალ პაციენტს უვითარდება თვალის გარსის ანთება– კონიუქტივიტი.
  • საშარდე გზების პრობლემები. ხშირი შარდვა და დისკომფორტი შარდვის დროს ვითარდება რეაქტიული ართრიტის გამო, ასევე შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ყელის ანთება.
  • თითების შესიება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელის ან ფეხის თითები იმდენად სივდება, რომ ამსგავსებენ სოსისებს.