რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა

დაავადების აღწერა

რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა იშვიათი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა, რომლის დროსაც ახალშობილი ან ბავშვი ვერ ამყარებს ნორმალურ ურთიერთობას, დამოკიდებულებას მის მშობლებთან ან სხვა მომვლელ პირთან. რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა შესაძლოა განვითარდეს, თუ ბავშვის მოთხოვნილებები კომფორტის, ყურადღების და მოვლის შესახებ არ კმაყოფილდება მშობლების მიერ.

მკურნალობის დახმარებით, რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობის მქონე ბავშვებმა შესაძლოა დაამყარონ ნორმალური ურთიერთობები მშობლებთან და სხვებთან. მკურნალობა საჭიროებს მშობელთა და ბავშვთა შორის ნორმალური დამოკიდებულების წახალისებას, სტაბულურ, მოსიყვარულე გარემოს, ფსიქოლოგიურ თერაპიასა და მშობლების განათლებას მდგომარეობის შესახებ.

გამომწვევი მიზეზი

იმისათვის, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და გაუჩნდეს ნდობა, საჭიროა სტაბილური, მზრუნველობითი დამოკიდებულება და გარემო. ბავშვის ბუნებრივი ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს მშობლების მიერ. მაგალითად, როცა ბავშვი ტირის, მისი მოთხოვნილება კვების, საფენის გამოცვლის შესახებ უნდა განხორციელდეს დადებითი ემოციური დამოკიდებულებით, რაც ღიმილით ან მოფერებით გამოიხატება.

თუ ბავშვის მოთხოვნილებები იგნორირებულია ან ურთიერთობაში მშობელი არ ავლენს ემოციურ რეაქციებს, ბავშვს აკლია მზრუნველობა და ვერ აყალიბებს სტაბილურ, ნორმალურ დამოკიდებულებას სხვების მიმართ.

ბავშვების უმეტესობას რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა არ უვითარდება, მაგალითად, თავშესაფარში გაზრდილი ან მშობლების გარეშე გაზრდილი ბავშვებიც ახერხებენ სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. უცნობია, რატომ ვითარდება მდგომარეობა ზოგიერთ ბავშვში.

არსებობს რამდენიმე თეორია რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობის შესახებ, მაგრამ საჭიროა მეტი კვლევა, მდგომარეობის უკეთ გასაგებად და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გასავითარებლად.

სიმპტომები

რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა შესაძლოა ახალშობილებში დაიწყოს. ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი კვლევები ამ ასაკში სიმპტომების შესახებ, არ არის ცნობილი ხდება თუ არა აშლილობა 5 წლის ასაკის შემდეგ.

ნიშნები და სიმპტომებია:

  • გარიყვა, შიში, სევდიანობა, გაღიზიანება, რომელიც არ აიხსნება
  • მოწყენილი, უიმედო მდგომარეობა
  • კომფორტზე, სითბოზე პასუხის არარსებობა
  • ღიმილის ნაკლებობა
  • სხვებზე დაკვირვება, მაგრამ სოციალურ აქტივობებში ჩართვის სურვილის არქონა
  • დახმარების თხოვნის სურვილის არქონა
  • ხელში აყვანისას, ბავშვი არ იშვერს ხელებს
  • არ აინტერესებს ინტერაქტიული თამაშები



რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა იშვიათია. ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა აშლილობის არმქონე ბავშვებშიც შეგვხვდეს, მაგალითად აუტიზმის სპექტრის დაავადების დროს. მნიშვნელოვანია, ბავშვი შეაფასოს ფსიქიატრმა, რომელიც განასხვავებს ქცევით სიმპტომებს და განსაზღვრავს რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობის არსებობას.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა, მიმართეთ ექიმს, თავდაპირველად პედიატრს. შესაძლოა მოგიწიოთ ფსიქიატრთან ან სხვა სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც ერკვევა რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ბავშვი ან ახალშობილი ავლენს ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებსა და სიმპტომებს.