რეის სინდრომი
დაავადების აღწერა
რეის სინდრომი იშვიათი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა, რომელიც იწვევს შეშუპებას ღვიძლსა და თავის ტვინში. რეის სინდრომი ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება, რომლებმაც ახლახანს გადაიტანეს ვირუსული ინფექცია– გრიპი ან ჩუტყვავილა.
რეის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია დაბნეულობა, გულყრა, ცნობიერების დაკარგვა და საჭიროა გადაუდებელი დახმარება. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა აუცილებელია ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.
რეის სინდრომს უკავშირებენ ასპირინს, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე ბავშვებსა და მოზარდებში ასპირინის გამოყენების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ასპირინის გამოყენება დაშვებულია ბავშვებში 2 წლის ან მეტის ასაკში, ბავშვები და თინეიჯერები არ უნდა იღებდნენ ასპირინს გრიპის ან ჩუტყვავილის შემდეგ. მიმართეთ ექიმს მეტი ინფორმაციისათვის.
გამომწვევი მიზეზი
რეის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე ფაქტორი სავარაუდოდ თამაშობს გარკვეულ როლს ამ დაავადების განვითარებაში. რეის სინდრომი სავარაუდოდ გამოწვეულია ასპირინის გამოყენებით ვირუსული ინფექციის დროს, განსაკუთრებით გრიპის ან ჩუტყვავილას შემდეგ. რეის სინდრომი ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც აქვთ ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის მეტაბოლური დაავადებები.
ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის დაავადებები წარმოადგენს მეტაბოლური დაავადებების ჯგუფს, რომელთა დროსაც ორგანიზმი ვერ შლის ცხიმებს ფერმენტების ნაკლებობის ან ფუნქციური დეფექტის გამო. საწიროა სკრინინგ–ტესტის ჩატარება, რათა ბავშვებში დადგინდეს ამ მეტაბოლური დაავადებების არსებობა.
ზოგიერთ შემთხვევაში, რეის სინდრომი მეტაბოლური მდგომარეობაა, რომელსაც გამოავლენს ვირუსული ინფექცია ან ავადმყოფობა. გარკვეული ტოქსინების ზემოქმედება, როგორიცაა ინსექტიციდები, ჰერბიციდები და საღებავის გამათხელებლები ასევე თამაშობს გარკვეულ როლს.
სიმპტომები
რეის სინდრომის დროს, ბავშვის სისხლში შაქრის შემცველობა ტიპიურად ეცემა, ხოლო ამიაკის და მჟავას კონცენტრაცია იმატებს. ამავდროულად, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის შეშუპება და ცხიმოვანი ფოლაქები. შეშუპება შესაძლებელია თავის ტვინშიც, რაც იწვევს გულყრებს, შეტევებსა და ცნობიერების დაქვეითებას.
ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ვირუსული ინფექციის დაწყებიდან 3–5 დღის შემდეგ ვლინდება. ეს ინფექციებია: გრიპი (ინფლუენცა ვირუსი) ან ჩუტყვავილა. ასევე, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა გაციება.
თავდაპირველი ნიშნები და სიმპტომები
2 წლამდე ბავშვებში, რეის სინდრომის ნიშნებია:
- ფაღარათი
- აჩქარებული სუნთქვა
უფროს ბავშვებსა და მოზარდებში, თავდაპირველი ნიშნებია:
- ხშირი, განმეორებითი ღებინება
- ძილიანობა, ლეთარგია
დამატებითი ნიშნები და სიმპტომები
როცა მდგომარეობა პროგრესირებს, ნიშნები და სიმპტომებიც უარესდება:
- გაღიზიანება, აგრესია, არარაციონალური ქცევა
- დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები
- სისუსტე და პარალიზი კიდურებში
- გულყრა
- ჭარბი ლეთარგია
- ცნობიერების შემცირებული დონე
ეს ნიშნები და სიმპტომები საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
როდის მივმართოთ ექიმს
ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა შესაძლოა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს რეის სინდრომი აქვს, აუცილებლად მოითხოვეთ დამხარება.
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ ბავშვს აღენიშნება:
- გულყრები
- ცნობიერების დაქვეითება
მიმართეთ ბავშვის ექიმს, თუ ბავშვს აქვს ჩამოთვლილი სიმპტომები გრიპის ან ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ:
- განმეორებითი ღებინება
- ძილიანობა, ლეთარგია
- უეცარი ქცევითი ცვლილებები