რაქიტი
დაავადების აღწერა
რაქიტი წარმოადგენს ძვლების დარბილებასა და დასუსტებას ბავშვებში. მდგომარეობა, როგორც წესი, გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით.
D ვიტამინი ასტიმულირებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვალში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის დარღვევას, რაც განაპირობებს რაქიტს.
იმ შემთხვევაში, თუ რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობის გამო, ამ ვიტამინის დამატება, ძირითადად, ასწორებს ბავშვის ძვლებში ა რსებულ პრობლემას. გენეტიკური მიზეზით გამოწვეული რაქიტი საჭიროებს დამატებით მედიკამენტებს ან სხვა სახის მკურნალობას. რაქიტით გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციები, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
გამომწვევი მიზეზი
ორგანიზმს ვიტამინი D ესაჭიროება საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისათვის. რაქიტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ იღებს ვიტამინის საკმარის რაოდენობას ან მის ორგანიზმს არ შეუძლია ამ ვიტამინის სათანადოდ შეთვისება და გამოყენება.
D ვიტამინის ნაკლებობა
ორგანიზმში D ვიტამინის მოხვედრის ორი წყარო არსებობს:
- მზის სინათლე. მზის სინათლეზე კანს შეუძლია წარმოქმნას D ვიტამინი. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები დღესდღეობით სახლის გარეთ ცოტა დროს ატარებენ. ისინი ასევე იყენებენ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ლოსიონს, რაც ხელს უშლის კანში ვიტამინის წარმოქმნას.
- საკვები. თვზის ზეთები, ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული შეიცავენ D ვიტამინს. ვიტამინი ასევე დამატებულია ზოგიერთ საკვებში, როგორიცაა რძე, ბურღულეულისგან დამზადებული საკვები და ხილის ზოგიერთი წვენი. ვიტამინის ნაკლებობა შესაძლებელია განვითარდეს ბავშვები, რომლებიც არ იღებენ ამ საკვებ ნივთიერებებს
შეწოვის პრობლემები
ზოგიერთი ბავშვი იბადება დაავადებით, რომელიც ზემოქმედებს D ვიტამინის შეწოვაზე. ასეთი დაავადებების ზოგიერთი მაგალითი:
- ცელიაკია
- ნაწლავების ანთებითი დაავადება
- კისტური ფიბროზი
- თირკმლის დაავადებები
სიმპტომები
რაქიტის სიმპტომები:
- გვიანი ზრდა
- ტკივილი ხერხემლის, მენჯისა და ქვედა კიდურების არეში
- კუნთების სისუსტე
რადგანაც რაქიტი არბილებს ბავშვის ძვლების ბოლოებში არსებულ ძვლისსაზრდელას, მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- ქვედა კიდურების გაღუნვა
- მაჯებისა და კოჭების შესქელება
- მკერდის ძვლის გამობურცვა
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენს შვილს აღენიშნება ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თვალსაჩინო დეფორმაციები, მიმართეთ ექიმს.