სანერწყვე ჯირკვლების კიბო
დაავადების აღწერა
ქვედა ყბის ქვეშ ადამიანს 3 წყვილი სანერწყვე ჯირკვალი გააჩნია – ყბაყურა, ენისქვეშა და ყბისქვეშა ჯირკვლები. მცირე ზომის ბევრი სანერწყვე ჯირკვალი ასევე წარმოდგენილია ტუჩებში, ლოყების შიდა მხარეს, პირის ღრუსა და ყელის ნაწილებში.
სანერწყვე ჯირკვლის კიბო, ყველაზე ხშირად, ყალიბდება ყბაყურა ჯირკვალში, ზუსტად ყურის წინ.
სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნის მკურნალობა, ხშირად, მოიცავს ქირურგიულ ჩარევას. დაავადების სამკურნალოდ სხვა მეთოდებია ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია.
გამომწვევი მიზეზი
სანერწყვე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ექიმები თვლიან, რომ სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე ვითარდება, როდესაც ჯირკვალში არსებული უჯრედების დნმ-ში ყალიბდება მუტაცია. მუტაციების გაჩენა იწვევს უჯრედების სწრაფ ზრდასა და გაყოფას. ჩვეულებრივი უჯრედებისგან განსხვავებით, გადაგვარებული უჯრედები აგრძელებენ სიცოცხლეს და გვიან კვდებიან. დაგროვილი უჯრედები აყალიბებენ სიმსივნეს, რომელსაც შეუძლია დაიპყროს მიმდებარე ქსოვილები. კიბოს უჯრედებს შეუძლიან მოწყდნენ თავდაპირველ ადგილს(მეტასტაზირება) და გავრცელდნენ სხეულის სხვა ნაწილებში.
სანერწყვე ჯირკვლების კიბოს ტიპები
სანერწყვე ჯირკვლების კიბოს სხვადასხვა ფორმა არსებობს. ექიმები ახარისხებენ სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეებს ჩართული უჯრედების ტიპის მიხედვით. სანერწყვე ჯირკვლის კიბოს ფორმა ეხამრება ექიმს სამკურნალო მეთოდის არჩევაში.
სანერწყვე ჯირკვლების კიბოს ფორმები:
- აცინური უჯრედების კარცინომა
- ადენოკარცინომა
- ადენოიდური კისტური კარცინომა
- გამჭვირვალე უჯრედოვანი კარცინომა
- ავთვისებიანი შერეული სიმსივნე
- მუკოეპიდერმოიდული კარცინომა
- ონკოციტური კარცინომა
- პოლიმორფული დაბალი ხარისხის ადენოკარცინომა
- სანერწყვე ჯირკვლის სადინარის კარცინომა
- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
სიმპტომები
სანერწყვე ჯირკვლების კიბოს სიმპტომები:
- ამობურცულობა ან შესიება ყბაზე, მასთან ახლოს, კისრის არეში ან პირის ღრუში
- მგრძნობელობის დაქვეითება სახის რომელიმე ნაწილში
- კუნთის სისუსტე სახის ცალ მხარეს
- ყლაპვის გაძნელება
- პირის ფართოდ გაღების გაძნელება
როდის მივმართოთ ექიმს
საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სანერწყვე ჯირკვალთან ამობურცულობა ან შესიება სიმსივნის ყველაზე ხშირი ნიშანია, თუმცა სიმპტომი ყოველთის კიბოზე არ მიუთითებს. სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეების დიდი ნაწილი კეთილთვისებიანია. ბევრი არასიმსივნური მდგომარეობა იწვევს სანერწყვე ჯირკლვის შესიებას, მათ შორის ინფექცია ან კენჭი სანერწყვე ჯირკვლის სადინარში.