შიზოიდური პიროვნული აშლილობა

დაავადების აღწერა

შიზოიდური პიროვნული აშლილობა იშვიათი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი თავს არიდებს სოციალურ აქტივობებს, მორცხვია და ვერ ურთიერთობს სხვებთან. შიზოიდური პიროვნული აშლილობა უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება. თუ გაქვთ შიზოიდური პიროვნული აშლილობა, შესაძლოა იყოთ მარტო, არ გქონდეთ სურვილი, დაამყაროთ ახლო ურთიერთობები ადამიანებთან.

სხვებისთვის, შიზოიდური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი მოსაწყენი, მაგრამ უვნებელია ხოლმე. პაციენტი არ ავლენს ემოციას, ამიტომ სხვები ფიქრობენ, რომ მას არ აინტერესებს, რა ხდება გარშემო. ამ ყველაფრის მიუხედავად, პაციენტი ზოგჯერ თავს მარტოსულად გრძნობს, თუმცა ამის აღიარება და აღქმა უჭირს. პაციენტი ძირითადად მარტო უფრო კარგად გრძნობს თავს და ამ პოზიციაში კომფორტულადაა.

შიზოიდური პიროვნული აშლილობის მიზეზი უცნობია. თერაპია და ზოგჯერ, მედიკამენტები შესაძლოა დაგეხმაროთ.

გამომწვევი მიზეზი

შიზოიდური პიროვნული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა ფაქტორთა კომბინაცია. ეს ფაქტორები გენეტიკური და გარემო–ფაქტორებია, განსაკუთრებით ადრეული ბავშვობის დროს.

სიმპტომები

შიზოიდური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტი მარტოსულია. თუ გაქვთ ეს მდგომარეობა, შესაძლოა ვლინდებოდეს ეს ქცევები:

  • პაციენტი არჩევს მარტო ყოფნას
  • პაციენტს უყვარს დამოუკიდებლობა და არ ყავს ბევრი ახლო მეგობარი
  • პაციენტი იბნევა ნორმალური სოციალური საუბრების დროს და ბევრს არ ლაპარაკობს
  • პაციენტს არ აქვს სექსუალური ქცევისადმი მაღალი ინტერესი
  • პაციენტი ვერ განიცდის სიამოვნებას
  • პაციენტს აღიქვამენ, როგორც მოსაწყენ, უემოციო, ცივ ადამიანს
  • პაციენტი არ არის მოტივირებული სკოლაში ან სამსახურში



პიროვნული აშლილობა იწყება ადრეულ ასაკში, ყველაზე გვიან– ზრდასრული ასაკის პირველ წლებში. ზოგიერთი ქცევითი ტენდენცია ბავშვებშიც გამოვლენილია. ქცევები სოციალური და პიროვნული სიტუაციების სხვადასხვა შემთხვევებში იჩენს თავს. ქცევა შესაძლოა გახდეს სამსახურში, სახლში ან სხვაგან პრობლემების მიზეზი. შიზოიდური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტი მარტო უკეთ მუშაობს.

თუ გაქვთ შიზოიდური პიროვნული აშლილობა, შესაძლოა არ გესმოდეთ, როგორ უნდა შეიძინოთ მეგობრები, ან ნერვიულობდეთ ადამიანების გარშემო. ამის გამო, ხშირად უარს ამბობთ ურთიერთობებზე და მარტო რჩებით.

შიზოფრენიული სპექტრი

შიზოიდური პიროვნული აშლილობა შედის შიზოფრენიული სპექტრის დაავადებათა რიცხვში. სხვა ასეთი დაავადებებია: შიზოტიპური პიროვნული აშლილობა და შიზოფრენია. ამ მდგომარეობებს მსგავსი სიმპტომები აქვთ, მაგალითად სოციალური ურთიერთობების დამყარების ნაკლებობა, ემოციური გამოხატულების უნარის დაქვეითება.

განსხვავებით შიზოტიპური აშლილობისა და შიზოფრენიისაგან, შიზოიდური პიროვნული აშლილობის დროს:

  • პაციენტი რეალობას აღიქვამს და ძირითადად არ აქვს პარანოია ან ჰალუცინაციები
  • საუბრისას აყალიბებს აზრს, თუმცა ტონი შესაძლოა ექსპრესიული არ იყოს. შიზოტიპური აშლილობის ან შიზოფრენიის დროს, პაციენტის საუბარი ხშირად უცნაურია და შესაზლოა რთული აღსაქმელიც იყოს.



პიროვნული აშლილობების კლასიფიკაცია

პიროვნული აშლილობების დაყოფის სხვა გზა მდგომარეობს ჯგუფებად კლასიფიცირებაში. შიზოიდური პიროვნული აშლილობა, შიზოტიპურ და პარანოიდულ პიროვნულ აშლილობებთან ერთად, შედის A კლასის პიროვნული აშლილობების ჯგუფში. ეს კლასი მოიცავს უცნაურ, ექსცენტრიულ ქცევებს. B კლასი– დრამატულ და ემოციურ ქცევებთანაა დაკავშირებული, ხოლო C კლასი– შფოთვით, შიშით გამოწვეულ ქცევასთან.

როდის მივმართოთ ექიმს

შიზოიდური პიროვნული აშლილობის მკურნალობა ძირითადად ასოცირებული პრობლემის გამო იწყება, როგორიცაა დეპრესია. თუ მარტოსულობა აწუხებს პაციენტს ან აქვს სხვა სიმპტომები, შესაძლოა დაიწყოს ფსიქოთერაპიაც.

თუ თქვენს ნაცნობს ან ოჯახის წევრს აქვს შიზოიდური პიროვნული აშლილობის მსგავსი სიმპტომები, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თავიდან თქვენს ოჯახის ექიმთან ან მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალთან.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან ოჯახის წევრს აქვს შიზოიდური პიროვნული აშლილობა, ფრთხილად ურჩიეთ მათ სამედიცინო დახმარების მიღება. წაყევით მას ექიმთან, რათა გაუადვილდეს ამ ნაბიჯის გადადგმა.