შიზოფრენია

დაავადების აღწერა

შიზოფრენია მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს რეალობის სწორად აღქმა. შიზოფრენიამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები, აჩემება, მძიმედ დააზიანოს ფიქრის პროცესი ან ქცევითი ტენდენციები.

არსებობს გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რომ შიზოფრენია პიროვნების გაორება ან მრავლობითი პიროვნული აშლილობაა. სიტყვა შიზოფრენია ნიშნავს გონების გაორებას, რაც იწვევს ემოციებისა და ფიქრების ჩამოყალიბების პროცესის დისფუნქციას.

შიზოფრენია ქრონიკული მდგომარეობაა და მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებს.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს შიზოფრენიას, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარკვეული როლი აქვს გენეტიკას და გარემოს.

თავის ტვინის ბუნებრივი ნეიროტრანსმიტერების დონეების ცვლილებები, როგორიცაა გლუტამატი და დოფამინი, შესაძლოა ვლინდებოდეს შიზოფრენიის დროს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში. სანამ მეცნიერები ამ ცვლილებების მნიშვნელობას შეისწავლიან, მიიჩნევა, რომ შიზოფრენია თავის ტვინის დაავადებაა.

სიმპტომები

მამაკაცებში, შიზოფრენიის სიმპტომები ტიპიურად ადრეულ ან გვიანდელ 20–იან წლებში იწყება. ქალებში, სიმპტომები 20–იანი წლების ბოლოს ვლინდება. უჩვეულოა ბავშვებში შიზოფრენიის დიაგნოზი, ან 45 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

შიზოფრენია მოიცავს ფიქრის (კოგნიტიური), ქცევის ან ემოციის დისფუნქციას. ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია, მაგრამ ყველა მათგანი ეფუძნება ამ სამი პროცესის მოშლას. სიმპტომებია:

  • აჩემება, რეალობის არასწორი აღქმა. ეს სიმპტომი მოიცავს არარეალური ფაქტების დაჯერებას და აჩემებას. მაგალითად, პაციენტს ჰგონია, რომ მისთვის საფრთხის შექმნა უნდათ და უთვალთვალებენ, თვლის, რომ გარკვეული ქცევა მისთვისაა განკუთვნილი. პაციენტს ზოგჯერ ჯერა, რომ განსაკუთრებული ნიჭი ან პოპულარობა აქვს, ან სხეულში “რაღაც არ უმუშავებს”. აჩემება ვლინდება შიზოფრენიის 5 შემთხვევიდან 4 ში მაინც.
  • ჰალუცინაციები. ჰალუცინაციების დროს პაციენტი ხედავს ან მას ესმის ისეთი რამ, რაც არ არსებობს. შიზოფრენით დაავადებულისათვის, ჰალუცინაცია ნორმალური გამოცდილებაა და შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოვლინდეს. ყველაზე ხშირად, გვხვდება სმენითი ჰალუცინაციების სიმპტომი.
  • არაორგანიზებული ფიქრი ან მეტყველება. არაორგანიზებული ფიქრის პროცესი ვლინდება მეტყველებაშიც. ეფექტური კომუნიკაცია ზოგჯერ შეუძლებელია, დასმულ კითხვებზე პასუხები ნაწილობრივ ან საერთოდ არ ეხება შეკითხვას. იშვიათად, მეტყველების დარღვევა ვლინდება უშინაარსო სიტყვების გამოგონებით, რასაც “სიტყვების სალათს” უწოდებენ.
  • არაორგანიზებული და უჩვეულო მოძრაობითი (მოტორული) ქცევა. ეს სიმპტომი რამდენიმენაირად შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ბავშვური ქცევებით ან არაპროგნოზირებადი აჟიტირებით. ქცევა არ არის ფოკუსირებული მიზანზე, რაც ართულებს დავალებების შესრულებას. უჩვეულო მოძრაობითი ქცევა ვლინდება უცნაური სიარულის მანერით, რეაქციის განვითარების არარსებობით ან უმიზნო, ჭარბი მოძრაობების შესრულებით.
  • უარყოფითი სიმპტომები. არყოფითი სიმპტომები ვლინდება ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო უნარების ნაკლებობით. მაგალითად, ადამიანს აკლია ემოცია, არ ამყარებს მხედველობით კონტაქტს, არ ცვლის სახის გამომეტყველებას, საუბრობს მონოტონურად, არ ამატებს მეტყველებას სხეულის ენას– ხელების ან თავის მოძრაობებს. ასევე, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ქცევების ნაკლებობა, როგორიცაა პირადი ჰიგიენის დაცვის უუნარობა, ყოველდღიური მოძრაობების შესრულების სურვილის დაკარგვა, სოციალური გარიყვა ან სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება.



სიმპტომები მოზარდებში

შიზოფრენიის სიმპტომები მოზარდებში წააგავს მოზრდილთა სიმპტომებს, მაგრამ მდგომარეობა უფრო რთული სადიაგნოსტიკოა ამ ასაკობრივ ჯგუფში. ეს გამოწვეულია შიზოფრენიის ადრეული სიმპტომების მსგავსებით ამ ასაკისათვის დამახასიათებელ ნორმალურ ქცევებთან. ასეთი მსგავსი ქცევები და სიმპტომებია:

  • გარიყვა ოჯახისა და მეგობრებისაგან
  • სკოლაში ცუდად სწავლა
  • უძილობა
  • გაღიზიანება, დეპრესია
  • მოტივაციის ნაკლებობა



მოზრდილებთან შედარებით, მოზარდებში ვლინდება:

  • აჩემების, რეალობის არასწორი აღქმის ნაკლები შემთხვევა
  • მხედველობითი ჰალუცინაციების მეტი ალბათობა



როდის მივმართოთ ექიმს

შიზოფრენიით დაავადებულს უჭირს იმის აღქმა, რომ მისი სიმპტომები და პრობლემები გამოწვეულია მენტალური მდგომარეობით. ამის გამო ხშირად ეს პაციენტები გვიან იღებენ სამედიცინო მკურნალობას და საჭიროა მეგობრების ან ოჯახის დახმარება.

როგორ დავეხმაროთ შიზოფრენიით დაავადებულს

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან ოჯახის წევრს აქვს შიზოფრენია, ესაუბრეთ მას თქვენი შფოთვის შესახებ. რა თქმა უნდა, ვერ დააძალებთ ადამიანს, მიიღოს პროფესიონალური სამედიცინო დახმარება, მაგრამ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას მხარდაჭერა და დახმარება, კვალიფიციური ექიმის მოძებნაში და მკურნალობის პროცესში.

თუ თქვენი ოჯახის წევრი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, სხვებს, უჭირს საკუთარი თავისთვის საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის უზრუნველყოფა, დარეკეთ 112–ზე და მოითხოვეთ მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალის მიერ მდგომარეობის შეფასება. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა გადაუდებელი ჩარება. ფსიქიატრიული მკურნალობის არა ნებითი ჩატარების კანონები განსხვავებულია ყველა ქვეყანაში. დაუკავშირდით პოლიციას ან შესაბამის ორგანოებს ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად.

სუიციდური ფიქრები ან ქცევა

სუიციდური ფიქრები და ქცევა ხშირად შესაძლებელია გამოვლინდეს შიზოფრენიის დროს. თუ თქვენი ნაცნობი ან ოჯახის წევრი ამ საფრთხის წინაშეა ან უცდია თვითმკვლელობა, აუცილებლად დარჩით მასთან ან დატოვეთ ვინმე, სანამ დარეკავთ 112–ზე. თუ შესაძლებელია, გადაიყვანეთ ეს ადამიანი თავად უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.