შიზოტიპური პიროვნული აშლილობა

დაავადების აღწერა

შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებს ხშირად აღწერენ, როგორც უჩვეულოს, ექსცენტრიულს. პაციენტი ახლო ურთიერთობებს ერიდება. ხშირად, არ ესმის, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთობა ან რა გავლენა აქვს ურთიერთობას ქცევაზე. პაციენტი სხვის მიზნებს და ქცევას არასწორად აღიქვამს და არ ენდობა ადამიანებს.

ეს პრობლემები ვლინდება ძლიერი შფოთვითა და გარიყვის ტენდენციით სოციალურ სიტუაციებში, რადგან შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი არასწორად იგებს სხვის მიზნებს და აქვს უჩვეულო აჩემებები.

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა ტიპიურად დიაგნოსტირდება ზრდასრულობის ადრეულ ასაკში და ქრონიკულია, თუმცა სიმპტომები ასაკთან ერთად შეიძლება გამოსწორდეს. მედიკამენტური და ფსიქოლოგიური თერაპია დაგეხმარებათ.

გამომწვევი მიზეზი

პიროვნება წარმოადგენს ფიქრების, ემოციებისა და ქცევების კომბინაციას, რომელიც ადამიანს უნიკალურობას სძენს. პიროვნება განსაზღვრავს ადამიანის მიერ გარემო სამყაროს აღქმას, ურთიერთობას სხვებთან და საკუთარი თავის აღქმასაც. პიროვნება ყალიბდება ბავშვობაში, თანდაყოლილი ტენდენციებისა და გარემო–ფაქტორების ზემოქმედებით.

ნორმალური განვითარების დროს, ბავშვები დროთა განმავლობაში სწავლობენ, როგორ უნდა მოიქცნენ სოციალურ სიტუაციებში და რა რეაქციები განავითარონ კონკრეტულ შემთხვევებში. შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანში, ეს პროცესი დარღვეულია, რაც იწვევს არალოგიკურ აჩემებებს, ფიქრის უცნაურ ტენდენციასა და პარანოიას. რა ირღვევა, უცნობია, მაგრამ პრობლემას ალბათ რამდენიმე ფაქტორი იწვევს: თავის ტვინის ფუნქციები, გენეტიკა და გარემო.

სიმპტომები

შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებს უჭირთ ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. მათ აქვთ აჩემებები და უჩვეულო ქცევები.

სიმპტომები და ნიშნებია:

  • პაციენტი მარტოსულია, არ ყავს ბევრი მეგობარი ოჯახის გარეთ
  • პაციენტი არასწორად აღიქვამს მოვლენებს, ფიქრობს, რომ გარეგან მოვლენას ეფექტი აქვს კონკრეტულად მასზე
  • ახასიათებს ფიქრის ან ქცევის უჩვეულო, ექსცენტრიული ტენდენცია
  • იცვამს უჩვეულოდ
  • ჯერა ზებუნებრივი მოვლენების, როგორიცაა ტელეპათია
  • აქვს აღქმის ცვლილებები, როგორიცაა სხეულის ფანტომური ტკივილი, შეგრძნებების უცნაური აღქმა
  • ხშირი და ჭარბი სოციალური შფოთვა
  • მეტყველების უჩვეულო სტილი, როგორიცაა გაუგებარი მეტყველება, ჩურჩული ხანგრძლივად საუბრის დროს
  • პარანოიდული, ეჭვიანი იდეები, ზედმეტი მგრძნობელობა და მუდმივი ეჭვი სხვისი ერთგულების ან განზრახვების შესახებ
  • ემოციების ნაკლებობა, ლიმიტირებული ან არაადეკვატური ემოციური რეაქციები



შიზოტიპური პიროვნული აშლილობის ნიშნები, როგორიცაა მარტოსულობა ან სოციალური შფოთვის მოჭარბება, ზოგჯერ ვლინდება მოზარდებში. ბავშვი შესაძლოა ცუდად სწავლობდეს სკოლაში ან სოციალური ურთიერთობები უჭირდეს თანატოლებთან, რის გამოც ხშირად ძალადობის ან დაცინვის მსხვერპლიც ხდება სკოლაში.

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა და შიზოფრენია

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა ზოგჯერ შიზოფრენიაში ერევათ. შიზოფრენია მძიმე დაავადებაა, რომელიც იწვევს პაციენტის რეალობიდან მოწყვეტას–ფსიქოზს. შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფსიქოზური ეპიზოდების ხანმოკლე ვარიანტები, მაგრამ ეს იმდენად ხშირად არ ხდება, როგორც შიზოფრენიის დროს.

მეორე განსხვავება შიზოფრენიასა და შიზოტიპურ პიროვნულ აშლილობას შორის მდგომარეობს პაციენტის მიერ მდგომარეობის აღქმაში. შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტს ესმის საკუთარი იდეებისა და რეალობის სხვაობა, ხოლო შიზოფრენიით დაავადებულებში აჩემებები ბევრად უფრო ძლიერია.

განსხვავებების მიუხედავად, შიზოტიპური პიროვნული აშლილობა ექვემდებარება შიზოფრენიის მსგავს მკურნალობას და ზოგჯერ მიიჩნევა შიზოფრენიის ერთ–ერთ ვარიანტად.

როდის მივმართოთ ექიმს

რადგანაც პიროვნული ცვლილებები უფრო რთული სამკურნალოა ასაკის მატებასთან ერთად, რეკომენდირებულია მკურნალობის ადრეული დაწყება.

შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტები მკურნალობას ძირითადად მეგობრების ან ოჯახის წევრების რჩევით იწყებენ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან ოჯახის წევრს აქვს ეს აშლილობა, დააკვირდით გარკვეულ ნიშნებს. ურჩიეთ მას, მიიღოს პროფესიონალური სამედიცინო რჩევები ექიმისაგან.