სეზონური აფექტური აშლილობა

დაავადების აღწერა

სეზონური აფექტური აშლილობა დეპრესიის ტიპია, რომელიც დაკავშირებულია სეზონურ ცვლილებებთან. სეზონური აფექტური აშლილობა იწყება და მთავრდება ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს. სიმპტომები ძირითადად შემოდგომაზე ვლინდება, გრძელდება მთელი ზამთარი, რაც იწვევს ენერგიის ნაკლებობას და განწყობის დაქვეითებას. უფრო იშვიათად, სეზონური აფექტური აშლილობა იწვევს დეპრესიას გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულშიც.

სეზონური აფექტური აშლილობის მკურნალობა მოიცავს სინათლის თერაპიას– ფოტოთერაპია, ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტებს.

არ შეეცადოთ, რომ სეზონური აფექტური აშლილობა მხოლოდ დროებით მოვლენად აღიქვათ, რომელსაც თავად უნდა გაუმკლავდეთ. ეცადეთ, განწყობა მთელი წლის განმავლობაში სტაბილური იყოს, მიიღეთ მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

სეზონური აფექტური აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლო ფაქტორების მაგალითებია:

  • ბიოლოგიური საათი (ცირკადული რითმები). მზის სინათლის შემცირება შემოდგომასა და ზამთარში იწვევს ზამთრის აშლილობას. ეს შემცირება შესაძლოა მოქმედებდეს სხეულის შინაგან ბიოლოგიურ საათზე და იწვევდეს დეპრესიულ შეგრძნებებს.
  • სეროტონინის დონე. სეროტონინის დონის შემცირება იწვევს განწყობის ცვლილებას და შესაძლოა ჩართული იყოს სეზონურ აფექტურ აშლილობაში. შემცირებული მზის სინათლე ასევე იწვევს სეროტონინის დონის შემცირებას და სავარაუდოდ, დეპრესიას.
  • მელატონინის დონე. სეზონური ცვლილება იწვევს მელატონინის დონის დისბალანსს, რომელიც დიდ როლს თამაშობს ძილისა და განწყობის რეგულაციაში.

სიმპტომები

უმეტეს შემთხვევებში, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები ვლინდება გვიან შემოდგომაზე ან ადრეულ ზამთარში. სიმპტომები ქრება გაზაფხულის ან ზაფხულის დადგომასთან ერთად. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აქვს საწინააღმდეგო ფორმა, როცა სიმპტომები გაზაფხულსა და ზაფხულში იჩენს თავს. ნებისმიერ ვარიანტში, სიმპტომები უფრო მსუბუქად იწყება და მძიმდება სეზონურად.

მძიმე დეპრესია

სეზონური აფექტური აშლილობა წარმოადგენს მძიმე დეპრესიული აშლილობის ერთ–ერთ ტიპს, რომელიც სეზონურად ვარირებს. სიმპტომები წააგავს დეპრესიას:

  • დეპრესიული განწყობა თითქმის მთელი დღე, თითქმის ყოველდღე
  • უიმედობა
  • ენერგიის ნაკლებობა
  • ინტერესის დაკარგვა ნებისმიერ აქტივობაში
  • ძილის დარღვევა
  • მადისა და წონის ცვლილებები
  • აჟიტირება, დაქანცვა
  • კონცენტრირების უნარის დაქვეითება
  • ფიქრები სიკვდილსა და სუიციდზე



შემოდგომა და ზამთარი

სეზონური აფექტური აშლილობა, რომელიც შემოდგომასა და ზამთარში გამოვლინდება (ზამთრის დეპრესია) სპეციფიკურად იწვევს:

  • გაღიზიანებას
  • დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას
  • სხვებთან ურთიერთობის პრობლემებს
  • გარიყვის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას
  • სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში
  • ჭარბ ძილს
  • მადის ცვლილებებს, განსაკუთრებით ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მოთხოვნილება
  • წონის მატებას



გაზაფხული და ზაფხული

სეზონური აფექტური აშლილობა, რომელიც გაზაფხულსა და ზაფხულში გამოვლინდება (ზაფხყლის დეპრესია) სპეციფიკურად იწვევს:

  • დეპრესიას
  • უძილობას
  • წონის კლებას
  • უმადობას
  • აჟიტირებას, შფოთვას



სეზონური ცვლილებები ბიპოლარული აშლილობის დროს

ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს გაზაფხულსა და ზაფხულში აქვს მანიის ან ჰიპომანიის ეპიზოდების გაძლიერება, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში– მძიმე დეპრესიული ეპიზოდები ჭარბობს.

როდის მივმართოთ ექიმს

ზოგიერთ დღეებში განწყობის დაქვეითება ნორმალურია. თუ განწყობის ცვლილება ხანგრძლივია და დაკარგეთ სასიამოვნო აქტივობებში ჩართვის ინტერესი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ იცვლება ძილის ტენდენცია და მადა ან აღინიშნება თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.