კანის კიბო
დაავადების აღწერა
კანის კიბო კანის უჯრედების პათოლოგიური გროვაა, რომელიც ყველაზე ხშირად მზის გავლენის ქვეშ ხანგრძლივად მყოფ ადგილებში ჩნდება. კიბოს ეს გავრცელებული ფორმა ასევე შეიძლება განვითარდეს მზისაგან დაფარულ ადგილებშიც.
არსებობს კანის კიბოს სამი მთავარი ტიპი: ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა.
კანის კიბოს რისკის შემცირება შესაძლებელია მზისგან თავის დაცვით და ულტრაიისფერი გამოსხივების ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილებით. კანის შემოწმება ცვლილებებზე ასევე დაგეხმარებათ კიბოს ადრეულად აღმოჩენაში. ადრეული დიაგნოზი იძლევა განკურნების მაღალ შანსს მკურნალობით.
გამომწვევი მიზეზი
კანის კიბო ვითარდება, როცა კანის უჯრედების დნმ–ში მუტაცია ხდება. მუტაციები იწვევენ უჯრედების უკონტროლო ზრდას და კიბოს წარმოქმნას.
კიბოს უჯრედების ტიპები
კანის კიბო იწყება კანის გარეთა შრეში– ეპიდერმისში. ეპიდერმისი თხელი შრეა, რომელიც კანს იცავს. ეს უჯრედები განმეორებით ცვდება და ჩანაცვლდება ახალი უჯრედებით. ეპიდერმისი შედგება სამი მთავარი უჯრედული ტიპისაგან:
- ბრტყელი უჯრედები მდებარეობენ გარეთა ნაწილში და კანის საფარველი ფუნცია აქვთ.
- ბაზალური უჯრედები წარმოქმნიან კანის ახალ უჯრედებს და მდებარეობენ ბრტყელი უჯრედების ქვეშ.
- მელანოციტები წარმოქმნიან მელანინს–პიგმენტს, რომელიც კანს ფერს აძლევს. მელანოციტი მდებარეობს ეპიდერმისის შიდა შრეში. მელანოციტები მზის გავლენით მეტ მელანინს წარმოქმნიან, რათა დაიცვან კანის შიდა შრეები.
რომელ უჯრედში იწყება კიბო, მნიშვნელოვანია ტიპის განსასაზღვრად და მკურნალობის ასარჩევად.
ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვა შესაძლო მიზეზები
კანის უჯრედის დნმ–ის დაზიანების მთავარი მიზეზი ულტრაიისფერი სხივებია, რომლებიც მზის სხივებს და სოლარიუმებს ახასიათებთ. მზის გავლენა არ ახსნის კიბოს, რომელიც მზისგან დაფარულ ადგილშიც ვითარდება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას. სავარაუდოა ტოქსიური ნივთიერებები, ან იმუნური სისტემის დამაქვეითებელი დაავადება.
სიმპტომები
სად ვითარდება კანის კიბო
კანის კიბო ხშირად ვითარდება მზის გავლენის ქვეშ მყოფ ადგილებში, როგორიცაა სკალპი, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, ხელები, მკლავები, ფეხები (ქალებში). კიბო შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, რომლებიც მზისაგან ძირითადად დაფარულია: ხელისგულები, ფრჩხილის ქვეშ მდებარე კანი, ფეხის თითები, გენიტალიური არე.
კანის კიბო ნებისმიერი ფერის კანის ადამიანებში ჩნდება, მუქი ფერის კანის ჩათვლით. როცა მელანომა ვითარდება მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებში, იგი უფრო ხშირად მზისგან დაცულ ადგილებში გვხვდება, როგორიცაა ხელის ან ფეხისგულები.
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა– ნიშნები და სიმპტომები
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა ძირითადად მზის ზეგავლენის ადგილებში გვხვდება, როგორიცაა კისერი და სახე.
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა შესაძლოა იყოს:
- მარგალიტისებრი ამობურცულობა
- ბრტყელი, ხორცისფერი ან ყავისფერი ნაწიბური
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა – ნიშნები და სიმპტომები
ყველაზე ხშირად, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა მზის ზეგავლენის ადგილებში გვხვდება, როგორიცაა სახე, ყურები ან ხელები. უფრო მუქი კანის მქონე ადამიანებში, ბრტყელუჯრედოვანი კიბო მზისგან დაფარულ ნაწილებში ვითარდება.
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შესაძლოა იყოს:
- მაგარი, წითელი ნოდულა
- ბრტყელი, ქერქისებრი, აქერცლილი დაზიანება
მელანომა – ნიშნები და სიმპტომები
მელანომა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, ნორმალურ კანზე ან მანამდე არსებულ ხალზე, რომელიც შემდეგ კიბო ხდება. მელანომა ყველაზე ხშირად სახეზე ან ტანზე გვხვდება კაცებში. რაც შეეხება ქალებს, ამ ტიპის კიბო უფრო ქვემო კიდურებზეა გავრცელებული. კაცებსა და ქალებში, მელანომა შეიძლება გაჩნდეს მზისგან დაცულ ნაწილებშიც.
მელანომა ნებისმიერი კანის ფერის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. მუქი კანის ადამიანებში, მელანომა ფეხის ან ხელისგულებზე, ფრჩხილების ქვეშ ან ფეხის თითებზე ჩნდება.
მელანომას ნიშნებია:
- დიდი ზომის, ყავისფერი ან უფრო მუქი შეფერილობის დაზიანება
- ხალი, რომელიც იცვლის ფერს, ზომას ან ახასიათებს სისხლდენა
- მცირე ზომის დაზიანება, არასწორი საზღვრებით, წითელი, ლურჯი ან მოლურჯო–შავი ლაქებით, არაერთგვაროვანი ფერის
- მუქი ფერის დაზიანება ხელისგულზე, ფეხისგულზე, ფეხის თითებზე ან ლორწოვან მემბრანებზე პირში, ცხვირში, ვაგინაში ან ანუსში
უფრო იშვიათი კიბოები
სხვა, უფრო იშვიათი ფორმებია:
- კაპოშის სარკომა. კანის კიბოს ეს იშვიათი ფორმა ვითარდება კანის სისხლძარღვებში და იწვევს წითელ ან იასამნისფერ ლაქებს კანსა და ლორწოვანზე.
კაპოშის სარკომა ხშირია იმუნური სისტემის შესუსტების მქონე ადამიანებში, როგორიცაა აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტი, იმუნოსუპრესირებული პაციენტი, მაგალითად ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ.
კაპოშის სარკომის მაღალი რისკი აღინიშნება აფრიკაში მცხოვრებ მამაკაცებში ან იტალიური ან აღმოსავლეთ ევროპული ებრაული წარმოშობის ზრდასრულ მოსახლეობაში.
- მერკელის უჯრედების კარცინომა. მერკელის უჯრედების კარცინომა იწვევს მაგარ, პრიალა ნოდულას, რომელიც კანის ქვეშ და თმის ფოლიკულებთან ჩნდება. მერკელის უჯრედების კარცინომა ხშირად გვხვდება თავზე, კისერსა და ტანზე.
- ცხიმოვანი ჯირკვლების კარცინომა. ეს იშვიათი და აგრესიული კიბო იწყება კანის ცხიმოვან ჯირკვალში. კიბო ვლინდება გამაგრებული, უმტკივნეულო ნოდულების სახით და შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, უფრო ხშირად ქუთუთოზე, სადაც ხშირად ერევათ თვალის სხვა პათოლოგიებში.
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას კანზე, რომელიც გაშფოთებთ. კანის ყველა ცვლილება არ არის დაკავშირებული კანის კიბოსთან. ექიმი გირჩევთ, რა მოიმოქმედოთ და დაადგენს ცვლილების მიზეზს.