ძილის ცენტრალური აპნოე
დაავადების აღწერა
ძილის ცენტრალური აპნოე დაავადებაა, რომლის დროსაც სუნთქვა განმეორებითად წყდება და გრძელდება ძილის დროს.
ძილის ცენტრალური აპნოე ვითარდება, რადგან თავის ტვინი ვერ აგზავნის ნორმალურ იმპულსს სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების მიმართულებით. ეს მდგომარეობა განსხვავდება ძილის ობსტრუქციული აპნოესგან, რომლის დროსაც სუნთქვის ანომალია დაკავშირებულია სასუნთქი გზების დახშობასთან.
ძილის ცენტრალური აპნოე უფრო იშვიათია, ვიდრე ობსტრუქციული ტიპი.
ძილის ცენტრალური აპნოე შესაძლოა სხვა მდგომარეობის პარალელურად განვითარდეს, როგორიცაა გულის უკმარისობა, ინსულტი. მაღალმთიან რეგიონში ძილი ასევე ერთ–ერთი ფაქტორია.
ძილის ცენტრალური აპნოეს მკურნალობა მოიცავს გამომწვევი მდგომარეობის მკურნალობას, სუნთქვით დამხმარე მოწყობილობას ან დამატებით ჟანგბადის მიღებას.
გამომწვევი მიზეზი
ძილის ცენტრალური აპნოე ვითარდება, რადგან თავის ტვინი ვერ აგზავნის ნორმალურ იმპულსს სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების მიმართულებით.
ძილის ცენტრალური აპნოე სხვადასხვა მდგომარეობებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომლებიც ტვინის ღეროს აზიანებენ. ტვინის ღერო ერთმანეთთან აკავშირებს ზურგის ტვინსა და თავის ტვინს და მონაწილეობს მრავალი ფუნქციის კონტროლში: გულისცემის სიხშირე, სუნთქვა. დაზიანების გამომწვევი მიზეზი დამოკიდებულია ძილის ცენტრალური აპნოეს ტიპზე. მაგალითებია:
- ჩეინ–სტოკსის სუნთქვა. ამ ტიპის ძილის ცენტრალური აპნოე ყველაზე ხშირად ასოცირებულია გულის შეგუბებით უკმარისობასთან ან ინსულტთან. ეს მდგომარეობა იწვევს თანდათანობით გაზრდასა და შემცირებას სუნთქვით მოძრაობებსა და ჰაერის დინებაში. ყველაზე სუსტი სუნთქვის დროს, ვითარდება ძილის ცენტრალური აპნოე.
- მედიკამენტით გამოწვეული აპნოე. გარკვეული მედიკამენტები, მაგალითად ოპიოიდები (მორფინი, ოქსიკოდონი, კოდეინი და ა.შ) იწვევენ სუნთქვის სუპრესიას ან სიხშირის გაზრდას, ზოგჯერ სუნთქვის დროებით შეწყვეტას.
- მაღალმთიან რეგიონთან დაკავშირებული პერიოდული სუნთქვა. ჩეინ–სტოკსის სუნთქვა შეიძლება დაიწყოს მაღალმთიან რეგიონში. ჟანგბადის გაჯერების წნევა ჰიპერვენტილაციისა და სუნთქვის შესუსტების მიზეზია.
- ძილის კომპლექსური აპნოე. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ობსტრუქციული აპნოე აქვს, უვითარდება ძილის ცენტრალური აპნოე, იმის გამო, რომ იყენებს ხელოვნურ მოწყობილობას– დადებითი წნევით ჟანგბადის მიწოდების აპარატს. ამ მდგომარეობას კომპლექსური აპნოე ეწოდება, რადგან ორი ფორმის კომბინაციაა.
- სხვა სამედიცინო მდგომარეობით გამოწვეული აპნოე. რამდენიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს აპნოე ან ჩეინ–სტოკსის სუნთქვა.
- იდიოპათიური–პირველადი ცენტრალური აპნოე. ამ იშვიათი ტიპის მიზეზი უცნობია. იგი იწვევს სუნთქვის განმეორებით პაუზებს.
სიმპტომები
ძილის ცენტრალური აპნოეს ნიშნები და სიმპტომებია:
- სუნთქვის შეჩერების ეპიზოდი, რომელიც სხვა ადამიანმა შეამჩნია
- გაღვიძება, სუნთქვის უკმარისობით
- სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გაივლის წამოჯდომით
- უძილობა
- ძილიანობა დღისით
- კონცენტრირების უნარის დაქვეითება
- განწყობის ცვლილებები
- დილის თავის ტკივილი
- ხვრინვა
მიუხედავად იმისა, რომ ხვრინვა ზოგადად ობსტრუქციაზე უფრო მიანიშნებს, ეს სიმპტომი ძილის ცენტრალური აპნოეს დროსაც გვხვდება. ხვრინვა ძილის ცენტრალური აპნოეს დროს ისევე გამოხატული არაა, როგორც ობსტრუქციისას.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ცენტრალური აპნოეს რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. შესაძლოა ნიშანს სხვა ადამიანი ამჩნევდეს:
- სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გაღვიძებთ
- სუნთქვის ხანგამოშვებითი პაუზა ძილის დროს
- უძილობა
- ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში, რომელიც იწვევს სამსახურში, ავტომანქანის მართვისას ჩაძინების ეპიზოდებს
მიმართეთ ექიმს, თუ ძილის ნებისმიერი პრობლემის გამო თავს გადაღლილად, გაღიზიანებულად გრძნობთ. ჭარბი ძილიანობა დღისით სხვა მდგომარეობებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა ნარკოლეფსია ან ობსტრუქციული აპნოე.