ხვრინვა

დაავადების აღწერა

ხვრინვა არის უხეში, ხმამაღალი ხმა, რომელიც გამოიცემა სუნთქვის ნაწილობრივი გართულების გამო, ძილის დროს. ზოგჯერ, ხვრინვა მიანიშნებს სერიოზულ დარღვევაზე. დამატებით, ხვრინვა ქმნის დისკომფორტს სხვა ადამიანებისთვისაც.

მოზრდილთა ნახევარი მაინც განიცდის ხვრინვის სიმპტომებს ცხოვრების განმავლობაში. ხვრინვა ვითარდება, როცა ჰაერი გადის ხახის მოდუნებული ქსოვილების ზედაპირზე, რაც იწვევს ქსოვილების ვიბრაციას ჩასუნთქვისას.

ცხოვრების სტილის ცვლილებები, მაგალითად წონის დაკლება, ალკოჰოლის მიღების შემცირება ან გვერდზე წოლა დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

სამედიცინო მოწყობილობები და ქირურგიული ჩარევა ასევე შეიძლება გამოიყენოთ ხვრინვის გამო. ეს პროცედურები არ არის ყველასთვის საჭირო, ვინც ხვრინავს.

გამომწვევი მიზეზი

მრავალი ფაქტორი, როგორიცაა პირის ღრუს ანატომიური აგებულება, ალკოჰოლის მიღება, ალერგიები, გაციება, წონა და ა.შ შეიძლება იყოს ხვრინვის მიზეზი.

როცა ძილის მსუბუქი, ზედაპირული ფაზიდან ღრმა ფაზაში გადადიხართ, პირის ღრუს კუნთები, ხახის კუნთები და ენა დუნდება. ქსოვილების მოდუნება შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ სასუნთქი გზების ნაწილობრივი დახშობა განვითარდეს. როცა გზები დაბლოკილია, ჰაერი ძლიერად ჩადის ჩასუნთქვის დროს ტრაქეაში. ქსოვილი ამის გამო ვიბრირებს და გამოსცემს დამახასიათებელ ხმას.

ეს მდგომარეობები ასოცირებულია სასუნთქი გზის შევიწროებასა და ხვრინვასთან:

  • პირის ღრუს ანატომია. დაბალი, სქელი, რბილი სასის ქონა შეიძლება ხელს უწყობდეს ხვრინვას. ჭარბი წონის მქონე ადამიანს აქვს ზედმეტი ქსოვილი, რომელიც ავიწროებს სასუნთქ გზას. ასევე, რბილი სასიდან გამომავალი სამკუთხა ქსოვილი– უვულა, შეიძლება წაგრძელებული იყოს, რაც გამოიწვევს ობსტრუქციასა და ვიბრირების გაძლიერებას.
  • ალკოჰოლის მიღება. ხვრინვა ზოგჯერ ჭარბი ალკოჰოლითაა გამოწვეული, განსაკუთრებით ძილის წინ დალევის გამო. ალკოჰოლი იწვევს კუნთების რელაქსაციას, მოდუნებას და აქვეითებს ორგანიზმის ბუნებრივ რეფლექსს სასუნთქი გზის ღიად შენარჩუნების შესახებ.
  • ცხვირის ღრუს პრობლემები. ქრონიკული დახშობა ცხვირის ღრუში, ან გამრუდებული ძგიდე, შეიძლება გახდეს ხვრინვის მიზეზი.
  • ძილის აპნოე. ხვრინვა შეიძლება ასოცირებული იყოს ძილის ობსტრუქციულ აპნოესთან. ამ მძიმე მდგომარეობის დროს, ხახის ქსოვილები ნაწილობრივ ან მთლიანად ბლოკავენ სასუნთქ გზას, რაც იწვევს სუნთქვის შეჩერებას.



ძილის აპნოეს ხშირად ახასიათებს ხმამაღალი ხვრინვა, სიჩუმის პერიოდული ეპიზოდებით. ამ ეპიზოდების დროს სუნთქვა ჩერდება ან თითქმის ჩერდება. შედეგად, სუნთქვითი პაუზა იწვევს გამოღვიძებას, ზოგჯერ ხვრინვის ხმის თანხლებით. ამ დროს, ძილი დარღვეულია და გამოძინებას ვერ ახერხებთ. სუნთქვის ეს ტენდენცია ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება განმეორდეს.

ძილის აპნოეს მქონე ადამიანებს აქვთ პერიოდები, როცა სუნთქვა ნელდება ან ჩერდება. პერიოდები ძილის თითოეულ საათში 5 ჯერ მაინც ხდება.

სიმპტომები

ხვრინვის მიზეზებიდან გამომდინარე, სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ხმაური ძილის დროს
  • ძილიანობა დღისით
  • კონცენტრირების უნარის დაქვეითება
  • ყელის ტკივილი
  • მოუსვენარი ძილი
  • მოხრჩობის შეგრძნება ღამით
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში ღამით



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ხვრინვა იმდენად ხმამაღალია, რომ აწუხებთ სხვებს
  • იღვიძებთ მოხრჩობის შეგრძნებით



ეს შეიძლება მიანიშნებდეს უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე, როგორიცაა ძილის ობსტრუქციული აპნოე.

თუ ბავშვი ხვრინავს, კითხეთ პედიატრს რჩევა. ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ ძილის ობსტრუქციული აპნოე. ცხვირისა და ყელის პრობლემები, როგორიცაა ტონზილების გადიდება, ან ჭარბი წონა, შეიძლება გახდეს ბავშვის სასუნთქი გზის შევიწროების მიზეზი. მკურნალობა დაეხმარება ბავშვს გართულებების აცილებაში.