სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომი

დაავადების აღწერა

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სწორ ნაწლავში ვითარდება ერთეული წყლული. სწორი ნაწლავი არის კუნთოვანი მილი, რომელიც დაკავშირებული მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილთან. განავალი სხეულიდან გამოსვლამდე გაივლის სწორ ნაწლავში.

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომი არის იშვიათი, ცუდად შესწავლილი დაავადება, რომელიც ვითარდება ქრონიკული ყაბზობის მქონე ადამიანებში. სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომს შეუძლია გამოიწვიოს სწორი ნაწლავიდან სისხლდენა და დეფეკაციის დროს გაჭინთვა. მისი სახელისდა მიუხედავად, სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომის დროს სწორ ნაწლავში ერთზე მეტი წყლული შეიძლება განვითარდეს.

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომის სამკურნალოდ მიმართავენ როგორც დიეტის ცვლილებას და სითხის მიღებას, აგრეთვე ქირურგიულ ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

ყოველთვის ცხადი არ არის რა იწვევს სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომს. ექიმები მიიჩნევენ, რომ სწორ ნაწლავში წყლულების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა და ტრავმამ.

სწორი ნაწლავი შეიძლება შემდეგ სიტუაციებში დაზიანდეს:

  • გაჭედილი განავლის ხელით გამოღების მცდელობა
  • ყაბზობა ან განავლის გაჭედვა
  • ანალური სექსი
  • ნაწლავთა ინვაგინაცია, რომლის დროსაც ნაწლავის ერთი მარყუჟი ინერგება მეორეში.
  • მუცლის ან მენჯის კიბოს სამკურნალოდ ჩატარებული რადიაციული თერაპია
  • სწორი ნაწლავის პროლაფსი, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი გამოდის ანუსიდან
  • დეფეკაციის დროს გაჭინთვა
  • შაკიკის საწინააღმდეგო ერგოტამინის სანთლების გამოყენება
  • მენჯის ძირის კუნთების არაკოორდინებული შეკუმშვა, რაც ამცირებს სისხლის მიმოქცევას სწორ ნაწლავში.

სიმპტომები

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ყაბზობა
  • არასრული დეფეკაციის შეგრძნება
  • ტკივილი ან სავსეობის შეგრძნება მენჯის არეში
  • სწორი ნაწლავიდან ლორწოს გამოსვლა
  • უნებლიე დეფეკაცია
  • სწორი ნაწლავის ტკივილი ან ანალური სფინქტერის სპაზმი
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
  • დეფეკაციის დროს გაჭინთვა



სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს სიმპტომები.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.

სხვა დაავადებებს და მდგომარეობებს შეუძლიათ გამოიწვიონ სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომის მსგავსი ნიშნები და სიმპტომები. ექიმმა ვიზიტის დროს შეიძლება დაგინიშნოთ სხვადასხვა ანალიზები და გამოკვლევები, რომლებიც გამორიცხავენ სხვა მიზეზებს.