ოფლიანობა და სხეულის უსიამოვნო სუნი

დაავადების აღწერა

ოფლიანობა და სხეულის უსიამოვნო სუნი ყველა ადამიანს აღენიშნება. ძლიერი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი შეიძლება გქონდეთ ძლიერი ვარჯიშის, გადახურების, ნერვიულობის, შფოთვის ან სტრესის დროს.

არსებობს ორი ტიპის საოფლო ჯირკვლები. თითოეული სხვადასხვა სახის ოფლს წარმოქმნის. ორივე ტიპი უსუნოა, თუმცა კანზე არსებულ ბაქტერიებთან კონტაქტის შემდეგ ოფლი იძენს სუნს.

ოფლიანობის ცვლილებები – ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) ან შემცირებული ოფლიანობა (ანჰიდროზი) – სერიოზული პრობლემაა. მსგავსად, სხეულის სუნის ცვლილებაც შეიძლება რამე სამედიცინო პრობლემაზე მიუთითებდეს.

ნორმალური ოფლიანობის და სხეულის სუნის შემთხვევაში მარტივია სიმპტომების მართვა.

გამომწვევი მიზეზი

კანში გვხვდება საოფლე ჯირკვლების ორი ძირითადი ტიპი: ეკრინული და აპოკრინული ჯირკვლები. ეკრინული ჯირკვლები გვხვდება მთელ სხეულზე და იხსნება პირდაპირ კანის ზედაპირზე. აპოკრინული ჯირკვლები ვითარდება თმის ფოლიკულებით მდიდარ ადგილებში, მაგალითად იღლიებში და საზარდულში. ისინი იხსნება თმის ფოლიკულების კანში გამოსვლის ადგილას.

როდესაც სხეულის ტემპერატურა მატულობს, ეკრინული ჯირკვლები გამოყოფენ სითხეს კანზე, რომლის აორთქლების შედეგადაც ორგანიზმი გრილდება. ეს სითხე ძირითადად წყალს და მარილს შეიცავს.

აპოკრინული ჯირკვლები წარმოქმნიან რძისებრ სითხეს, რომელიც გამოიყოფა სტრესულ მდგომარეობებში. ეს სითხე უსუნოა სანამ კანზე არსებულ ბაქტერიებთან არ შევა კონტაქტში.

სიმპტომები

ყველა ადამიანი განსხვავებული რაოდენობის ოფლს გამოყოფს. სხეულის სუნიც ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • უეცრად უფრო მეტს ან ნაკლებს ოფლიანობთ, ვიდრე ჩვეულებრივ
  • ოფლიანობა ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • გაქვთ უმიზეზი ღამის ოფლიანობა
  • ამჩნევთ სხეულის სუნის ცვლილებას