კისრის ტრავმა

დაავადების აღწერა

კისრის ტრავმა ძირითადად გამოწვეულია თავის სწრაფად და ძლიერად მოძრაობით, ჯერ უკანა, შემდეგ კი წინა მიმართულებით. ეს ხშირია ავტოავარიების დროს, მაგრამ დაზიანება ზოგჯერ კონტაქტური სპორტის, ფიზიკური ძალადობის ან სხვა ტრავმის შედეგია.

ხშირი ნიშნები და სიმპტომებია: კისრის ტკივილი, გაშეშება და თავის ტკივილი. უმეტესად, კისრის ტრავმის მქონე ადამიანები რამდენიმე თვეში გამოკეთდებიან, ტკივილგამაყუჩებლების, ვარჯიშისა და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით. ზოგიერთ ადამიანს აქვს კისრის ქრონიკული ტკივილი და სხვა გართულებები.

კისრის ტრავმას კისრის დაჭიმვასაც უწოდებენ, მაგრამ ეს ტერმინი ძირითადად სხვა სახის დაზიანებას აღნიშნავს.

გამომწვევი მიზეზი

კისრის დაზიანება ვითარდება, როცა ადამიანის თავი ჯერ უკანა, ხოლო შემდეგ წინა მიმართულებით სწრაფად და ძლიერად მოძრაობს. ეს ხშირია ავტოავარიების დროს. ზიანდება ხერხემლის მალები, მალთაშუა დისკები, იოგები, კუნთები და კისრის სხვა ქსოვილები.

ამ ტიპის დაზიანება გვხვდება:

  • ავტოავარიების შემდეგ. ეს ყველაზე ხშირი მიზეზია.
  • ფიზიკური ძალადობა ან თავდასხმა. დაზიანება ზოგჯერ ფიზიკური კონფლიქტის შედეგადაც ვითარდება. დაზიანება ხშირია ბავშვის რხევის სინდრომის დროსაც.
  • კონტაქტური სპორტი. რაგბის ან სხვა კონტაქტური სპორტის დროს ტრავმირებისას შესაძლოა განვითარდეს კისრის დაზიანებაც.

სიმპტომები

სიმპტომები და ნიშნები დაზიანებიდან ძირითადად 24 საათის შემდეგ ვითარდება. მაგალითებია:

  • კისრის ტკივილი და გაშეშება
  • კისრის მოძრაობისას მდგომარეობის გაუარესება
  • კისერში მოძრაობის შეზღუდვა
  • თავის ტკივილი
  • ტკივილი მხარში, ზურგზე ან ხელებში
  • დაბუჟება ხელებში
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა



ზოგიერთ ადამიანს ასევე აქვს:

  • მხედველობის დაბინდვა
  • შუილი ყურებში
  • ძილის დარღვევა
  • გაღიზიანება
  • კონცენტრირების უნარის დაქვეითება
  • მეხსიერების დაქვეითება
  • დეპრესია



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ კისრის ტკივილი ან სხვა სიმპტომები განვითარდა ავტოავარიის შემდეგ, სპორტული ტრავმის შემდეგ ან სხვა დაზიანების გამო. აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობის ჩატარება. უნდა გამოირიცხოს მოტეხილობა ან ქსოვილის დაზიანება, რაც შეიძლება იწვევდეს მსგავს სიმპტომებს.