ნერვული ანორექსია

დაავადების აღწერა

ნერვულ ანორექსიას ხშირად მხოლოდ ანორექსიასაც უწოდებენ. ეს კვებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პათოლოგიურად დაბალი სხეულის წონა, წონის მომატების მძაფრი შიში და სხეულის პროპორციების არასწორი აღქმა. ანორექსიით დაავადებულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წონის კონტროლს და იყენებენ ექსტრემალურ ხერხებს დასაკლებად, რაც ხელს უშლით სრულფასოვანი ცხოვრების აქტივობებში.

 

წონის მომატების თავიდან ასაცილებლად ან დასაკლებად, ანორექსიით დაავადებულები მკვეთრად ზღუდავენ მისაღები საკვების რაოდენობას. მათ შესაძლოა აღებინონ ჭამის შემდეგ ან გამოიყენონ განავლის გამათხელებლები, სადიეტო საშუალებები ან ოყნები. მათ ასევე შეიძლება ივარჯიშონ ინსტენსიურად, რათა დაიკლონ.

ზოგიერთი პაციენტი ბულიმიის მსგავსად, ზემდეტ საკვებს იღებს და შემდეგ აღებინებს, თუმცა განსხვავება ისაა რომ ანორექსიით დაავადებული ყოველთვის პათოლოგიურად გამხდარია, ხოლო ბულიმიით დაავადებული ნორმალური ან ნორმაზე მეტი წონისაა. დაკლების მეთოდების მიუხედავად, ანორექსიით დაავადებულ ადამიანს აქვს წონის მატების მძაფრი შიში.

ანორექსია რეალურად საკვებს არ უკავშირდება. ანორექსია ემოციური პრობლემების “გადაწყვეტის” არაჯანსაღი გზაა. პაციენტები ხშირად აიგივებენ სიგამხდრეს სრულფასოვნებასთან.

რთულია, გაუმკლავდე ანორექსიას, თუმცა მკურნალობით შეიძლება პაციენტმა უკეთ აღიქვას სიტუაცია, დაუბრუნდეს ჯანსაღ კვებას და თავიდან აირიდოს ანორექსიის მძიმე გართულებები.

გამომწვევი მიზეზი

ნერვული ანორექსიის ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც სხვა მრავალი დაავადება, ანორექსიაც ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ვითარდება.

ბიოლოგიური ფაქტორები. ჯერჯერობით უცნობია, რა გენები მონაწილეობენ ანორექსიის განვითარებაში, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს მემკვიდრეობითი გადაცემა. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკური მიდრეკილება აქვს პერფექციონიზმის, გარეგნობის კონტროლისადმი, რაც მათ ანორექსიის განვითარების რისკს უზრდის.

ფსიქოლოგიური ფაქტორები. გარკვეული ემოციური თვისებები ხელს უწყობს ანორექსიას. ახალგაზრდა ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ობსესიურ–კომპულსიური თვისებები, რაც მათ ეხმარება საკვების შეწყვეტასა და შიმშილის უარყოფაში. მათ აქვთ პერფექციონიზმისაკენ მიდრეკილება, თვლიან რომ საკმარისად გამხდრები არასდროს არიან. ასევე შეიძლება ახლდეს გაღიზიანებაც.

გარემო ფაქტორები. თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია ყურადღებას აქცევს სიგამხდრეს. წარმატება ხშირად ასოცირდება სხეულის ფორმებთან. თანატოლთა წაქეზებამ შეიძლება გამოიწვიოს ანორექსიის ჩამოყალიბება, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში.

სიმპტომები

ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები უკავშირდება შიმშილს, მაგრამ დაავადება ასევე მოიცავს ემოციურ და ქცევით პრობლემებს, რომლებიც წონის არარეალურ აღქმასა და მომატების შიშს უკავშირდება.

ფიზიკური სიმპტომები
ანორექსიის ფიზიკური სიმპტომებია:

  • წონის მნიშვნელოვანი დაკლება
  • სიგამხდრე
  • პათოლოგიური სისხლის ანალიზი
  • დაღლილობა
  • უძილობა
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
  • თითების გალურჯება
  • თმა თხელდება, ტყდება ან ცვივა
  • რბილი თმა ტანზე
  • მენტრუალური ციკლის არარსებობა
  • ყაბზობა
  • მშრალი ან მოყვითალო კანი
  • სიცივის აუტანლობა
  • არარეგულარული გულის რითმი
  • დაბალი არტერიული წნევა
  • გაუწყლოება
  • ოსტეოპოროზი
  • კიდურების შეშუპება



ემოციური და ქცევითი პრობლემები
ანორექსიის ქცევითი ნიშნები მიმართულია წონის დასაკლებად. ესენია:

  • საკვების შეზღუდვა დიეტის ან მარხვის ფორმით, შესაძლოა თან ახლდეს ჭარბად ვარჯიშიც
  • საკვების დიდი რაოდენობის მიღება და შემდეგ ღებინება (შესაძლებელია განავლის გამათხელებლების, ოყნების, სადიეტო მედიკამენტების ან ბალახეულის მიღებაც)
  • სხვა ემოციური ან ქცევითი პრობლემებია:
  • საკვებზე ზედმეტი ფიქრი
  • კვებაზე უარის თქმა
  • შიმშილის უარყოფა
  • წონის მომატების შიში
  • ტყუილი მიღებული საკვების რაოდენობის შესახებ
  • უემოციო ხასიათი
  • სოციალური გარიყვა
  • გაღიზიანება
  • სექსის ნაკლები ინტერესი
  • დეპრესია
  • ფიქრები თვითმკვლელობაზე


 
როდის მივმართოთ ექიმს
ანორექსიამ შესაძლოა გაგიკონტროლოთ ცხოვრება. სამწუხაროდ, ანორექსიით დაავადებული ბევრი ადამიანი უარს ამბობს მკურნალობაზე, დასაწყისში მაინც. მათი სურვილი, იყვნენ გამხდრები ჭარბობს ჯანმრთელობის შენარჩუნების სურვილს. თუ იცნობთ ვინმეს ანორექსიით, დაარწმუნეთ, მიმართოს ექიმს.

თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა, მიმართეთ ექიმს. თუ უმალავთ ანორექსიას ოჯახის წევრებს, იპოვეთ ვინმე, ვისთანაც შეგეძლებათ საუბარი თქვენი მდგომარეობის შესახებ.

ნიშნები, რომლებიც უნდა შევამჩნიოთ
ზოგჯერ რთულია მიხვედრა, აქვს თუ არა ადამიანს ანორექცია, რადგან ისინი მალავენ სიგამხდრეს, კვების ჩვევებსა და ფიზიკურ პრობლემებს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ნაცნობს აქვს ანორექსია, დააკვირდით ამ ნიშნებს:

  • კვების გამოტოვება
  • მობოდიშება იმის გამო, რომ ვერ ჭამს
  • ცოტა რაოდენობით “უსაფრთხო” საკვების მიღება (დაბალკალორიული)
  • უცნაური რიტუალები კვებისას, მაგალითად საკვების დაღეჭვა და გადაგდება
  • სხვებისთვის საკვების მომზადება მაგრამ თავად არ ჭამს
  • ხშირად იწონება
  • ხშირად იყურება სარკეში “ნაკლების” აღმოსაჩენად
  • წუწუნებს წონის გამო
  • არ ჭამს სხვების თანდასწრებით
  • აღენიშნება კბილების ეროზია ხშირი ღებინების გამო
  • აცვია ტანსაცმლის რამდენიმე ფენა