შარდის ბუშტის წინა კედლის პროლაფსი (ცისტოცელე)

დაავადების აღწერა

შარდის ბუშტის წინა კედლის პროლაფსი, იგივე ცისტოცელე ვითარდება მაშინ, როდესაც ქალის შარდის ბუშტსა და ვაგინას შორის არსებული კედელი სუსტდება და იწელება. ამ დროს შარდის ბუშტი ვაგინას აწვება. წინა კედლის პროლაფსს აგრეთვე პროლაფსირებულ შარდის ბუშტსაც უწოდებენ.

მენჯის ღრუს ორგანოების დამჭერი კუნთების დაჭიმვის დროს შესაძლოა განვითარდეს ცისტოცელე. ასეთი დაჭიმულობები ხდება მშობიარობის, ყაბზობის, ძლიერი ხველის ან სიმძიმეების აწევის დროს. ეს დაავადება ზოგჯერ თავს იჩენს მენოპაუზის შემდეგაც, როდესაც ესტროგენის დონე ორგანიზმში იკლებს.

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ცისტოცელეს დროს, არაქირურგიული მკურნალობა არის მიზანშეწონილი. თუმცა მძიმე ფორმების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რათა ვაგინა და მენჯის ღრუს სხვა ორგანოები ნორმალურ პოზიციას დაუბრუნდნენ.

გამომწვევი მიზეზი

თქვენი მენჯის ფუძე შედგება კუნთებისაგან, იოგებისაგან და შემაერთებელი ქსოვილებისაგან რომელიც ამყარებს თქვენს შარდის ბუშტს და მენჯის ღრუს სხვა ორგანოებს. მშობიარებისას მიღებული ტრავმის ან კუნთების ხშირი დაძაბვის გამო მენჯის ღრუს ფუძეში კუნთებსა და იოგებს შორის არსებული კავშირი შესაძლოა დროთა განმავლობაში შესუსტდეს. ამ პროცესის შემდეგ, თქვენი შარდის ბუშტი შეიძლება ჩამოცურდეს ქვემოთ და დააწვეს თქვენს ვაგინას(წინა კედლის პროლაფსი)

ცისტოცელეს შესაძლო მიზეზები:

  • ორსულობა და ბუნებრივი მშობიარობა
  • ჭარბი წონა
  • სიმძიმეების განმეორებითი აწევა
  • ზედმეტი დაჭიმულობა დეფეკაციის დროს
  • ქრონიკული ხველა ან ბრონქიტი

სიმპტომები

შარდის ბუშტის წინა კედლის პროლაფსის მსუბუქი ფორმა შესაძლოა ასიმპტომატურად მიმდინარეობდეს. თუმცა შესაძლებელია შემდეგი ნიშნებისა და სიმპტომების არსებობა:

  • სისავსის ან წნევის შეგრძნება მენჯსა და ვაგინაში
  • დისკომფორტის შეგრძნება ხველისას, დახრისას ან სიმძიმის აწევისას
  • მოშარდვის შემდეგ შეგრძნება, რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არ დაცლილა
  • შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექციები
  • ტკივილი ან შარდის გაჟონვა სექსუალური პენეტრაციის დროს
  • ცისტოცელეს მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ამოზნექილმა ქსოვილმა გამოაღწიოს ვაგინალურ ღრუში და პაციენტს ქონდეს კვერცხზე ჯდომის შეგრძნება
  • სიმპტომები იკვეთება იმ დროს, როდესაც პაციენტი ფეხზე დგას დიდი ხნის განმავლობაში და მსუბუქდება დაწოლისას.



როდის მივმართოთ ექიმს
მძიმედ პროლაფსირებულმა შარდის ბუშტმა შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი. ამ დროს პაციენტს ურთულდება შარდვა და ადვილად ემართება შარდის ბუშტის ინფექციები. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება რაიმე ტიპის სიმპტომი ან ნიშანი.