აორტის სარქვლის უკმარისობა (რეგურგიტაცია)

დაავადების აღწერა

აორტის სარქვლის (ან აორტული) რეგურგიტაცია ვითარდება როცა სარქველი არ იხურება მტკიცედ. რეგურგიტაციის დროს გულიდან ამოტყორცნილი სისხლის ნაწილი უკან უბრუნდება მარცხენა პარკუჭს (ტუმბოს).

ამ გაჟონვის გამო გული კარგად ვეღარ ტუმბავს სისხლს სხეულის დანარჩენ ნაწილებში, რის შედეგადაც შეიძლება თავი იგრძნოთ გადაღლილად, გქონდეთ სუნთქვის უკმარისობა.

აორტული სარქვლის რეგურგიტაცია შესაძლოა განვითარდეს სწრაფად ან ათლწლეულების მანძილზე. როცა რეგურგიტაცია მძიმეა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა სარქვლის შესაკეთებლად ან გამოსაცვლელად.

გამომწვევი მიზეზი

ნებისმიერი მდგომარეობა, რომლის დროსაც აორტული სარქველი ზიანდება, იწვევს რეგურგიტაციას. შესაძლო მიზეზებია:

  • თანდაყოლილი გულის სარქვლოვანი დაავადება. შესაძლოა დაბადებიდან გაქვთ ორკარედიანი აორტის სარქველი (ბიკუსპიდური) ან კარედების შეკავშირება, სამი დაცალკევებული კარედის ნაცვლად. ეს მდგომარეობა ზრდის რეგურგიტაციის განვითარების რისკს.
  • ენდოკარდიტი. აორტის სარქველი შეიძლება დაზიანდეს ენდოკარდიტის დროს. ენდოკარდიტი გულის შიდა ინფექციაა, რომელიც ძირითადად სარქველებს მოიცავს.
  • რევმატიზმი. რევმატიზმი ყელის ბაქტერიული ანთების გართულებაა და ხშირია ბავშვებში. რევმატიზმს შეუძლია აორტის სარქვლის დაზიანება. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში. შესაძლოა მოზრდილს გადატანილი ჰქონდეს რევმატიზმი ბავშვობაში, მაგრამ არ განუვითარდეს რევმატული გულის დაავადება.
  • დაავადებები. სხვა მრავალ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს აორტის სარქვლის გაფართოება, რეგურგიტაცია. მათ შორისაა მარფანის სინდრომი, შემართებელქსოვილოვანი დაავადება.
  • ტრავმა. აორტის დაზიანება სარქველთან ახლოს იწვევს რეგურგიტაციას. ასევე შეიძლება გვქონდეს სარქვლის უკმარისობა თუ პაციენტმა მიიღო გულმკერდის ტრავმა ან აშრევდა აორტა.



როგორ მუშაობს გული
გულის სარქველები მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება. აორტის სარქვლის კარედები იხსნება, როცა მარცხენა პარკუჭი იკუმშება და სისხლი გადადის აორტაში. როცა სისხლი ამთავრებს აორტაში გადასვალას და პარკუჭი დუნდება, აორტის სარქველი იხურება რათა არ მოხდეს გადასროლილი სისხლის უკან ჩაბრუნება.

დეფექტური სარქველი ან ვერ იღება სწორად, ან ვერ იხურება. როცა სარქველი კარგად ვერ იხურება, ვიღებთ სისხლის უკან ჩაბრუნებას. სისხლის ამ ნაკადის ჩაბრუნებას რეგურგიტაცია ეწოდება.

აორტის სარქვლის უკმარისობის დროს სისხლის გარკვეული ნაკადი რეგურგიტაციით ჩადის უკან, მარცხენა პარკუჭში და შესაბამისად ვერ გადადის ორგანოებამდე. ეს გამოიწვევს მარცხენა პარკუჭში სისხლის დაგროვებას, შესაბამისად პარკუჭის გაფართოებასა და გასქელებას.

თავდაპირველად, მარცხენა პარკუჭის გადიდება ეხმარება გულს, რადგან მეტ შეკუმშვის ძალას ავითარებს და ორგანოები მარაგდება. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები ადრე თუ გვიან ასუსტებს პარკუჭსა და გულის ნორმალურ ფუნქციას აუარესებს.

სიმპტომები

ყველაზე ხშირად, აორტული რეგურგიტაცია ვითარდება თანდათან და გული ცდილობს კომპენსატორული მექანიზმებით შეინარჩუნოს ნორმალური ფუნქცია. შეიძლება სიმპტომები წლობით არ გამოვლინდეს, პაციენტი ვერ გრძნობს, რომ აქვს ეს დარღვევა.

თუმცა, როცა გვაქვს ძლიერი რეგურგიტაცია, სიმპტომები და ნიშნებია:

  • დაღლილობა, სისუსტე, განსაკუთრებით დატვირთვისას
  • სუნთქვის უკმარისობა დატვირთვისას ან წოლის დროს
  • კოჭისა და ტერფების შესიება (ედემა)
  • ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), დისკომფორტი, დაჭიმულობა, ხშირად დატვირთვისას
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
  • არარეგულარული გულისცემა (არითმია)
  • გულის შუილი
  • სწრაფი, თრთოლვითი გულისცემა (პალპიტაცია)



როდის მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდით თქვენს ექიმს მაშინვე, როცა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ან ნიშნები გამოვლინდება. ზოგჯერ აორტული რეგურგიტაციის პირველი გამოვლინება მისი გართულება, გულის შეგუბებითი უკმარისობაა. მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, კოჭისა და ტერფის შესიება.