აპლასტიური ანემია
დაავადების აღწერა
აპლასტიური ანემია იშვიათი და მძიმე დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში ვითარდება. აპლასტიური ანემია შესაძლოა გაჩნდეს სწრაფად ან ნელნელა განვითარდეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, სისხლის გადასხმებს ან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას.
გამომწვევი მიზეზი
აპლასტიური ანემია ვითარდება ძვლის ტვინის დაზიანების დროს. ამ დროს ნელდება ან წყდება სისხლის უჯრედების სინთეზი. ძვლის ტვინი წითელი, ღრუბლისებრი ქსოვილია, რომელიც მოთავსებულია ძვლებში და წარმოქმნის ღეროვან უჯრედებს, რომლებიც გადაიქცევიან სხვადასხვა უჯრედად, როგორიცაა წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები და თრომბოციტები. აპლასტიური ანემიის დროს, ძვლის ტვინი აპლასტიური ან ჰიპოპლასტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვლის ტვინი ცარიელია (აპლასტიური) ან შეიცავს ძალიან ცოტა სისხლის ახალ უჯრედს (ჰიპოპლასტიური).
ფაქტორები, რომლებიც ხანგრძლივად ან დროებით აზიანებენ ძვლის ტვინს:
- რადიაცია, ქიმიოთერაპია. მკურნალობის ეს მეთოდები მიმართულია სიმსივნის უჯრედების წინააღმდეგ, მაგრამ ზიანდება ჯანსაღი უჯრედებიც, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ჩათვლით. აპლასტიური ანემია შეიძლება ამ პროცესების დროებითი გვერდითი ეფექტი იყოს.
- ტოქსიური ნივთიერებები. ტოქსინები, როგორიცაა პესტიციდები, ინსექტიციდები იწვევენ აპლასტიურ ანემიას. ბენზინი–საწვავის აქტიური ინგრედიენტი ასევე დაკავშირებულია აპლასტიურ ანემიასთან. ასეთი ტიპის ანემია შეიძლება გამოსწორდეს, თუ ტოქსიურ ნივთიერებებთან შეხება შეწყდება.
- გარკვეული მედიკამენტები. გარკვეული პრეპარატები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტის წამლები, ანტიბიოტიკები დაკავშირებულია აპლასტიურ ანემიასთან.
- აუტოიმუნური დაავადებები. აუტოიმუნური დაავადების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარ ჯანსაღ უჯრედებს. ზოგჯერ, ეს პროცესი მოიცავს ძვლის ტვინის უჯრედებსაც.
- ვირუსული ინფექცია. ვირუსული ინფექციები, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს ასევე იწვევენ აპლასტიურ ანემიას ზოგიერთ პაციენტში. ეს ვირუსებია: ჰეპატიტის ვირუსი, ეფშტეინ–ბარი, ციტომეგალოვირუსი, პარვოვირუს ბ–19 და აივ/შიდსი.
- ფეხმძიმობა. აპლასტიური ანემია შესაძლოა განვითარდეს ფეხმძიმობის დროს. ასეთ შემთხვევებში ის ძირითადად უკავშირდება აუტოიმუნურ პრობლემას– იმუნური სისტემა ებრძვის ძვლის ტვინის უჯრედებს.
- უცნობი ფაქტორები. ხშირად, ექიმები ვერ ადგენენ აპლასტიური ანემიის გამომწვევ მიზეზს. ასეთ შემთხვევებში მას იდიოპათიურ აპლასტიურ ანემიასაც უწოდებენ.
განსხვავება აპლასტიურ ანემიასა და მიელოდისპლაზიურ სინდრომს შორის
აპლასტიური ანემია შეიძლება შეგვეშალოს მიელოდისპლაზიურ სინდრომში. ამ ჯგუფის დაავადებებში ძვლის ტვინი ახერხებს ახალი უჯრედების წარმოქმნას, მაგრამ ეს უჯრედები დეფორმირებული და განუვითარებელია. მიელოდისპლაზიური სინდრომის დროს ძვლის ტვინს ჰიპერპლასტიურსაც უწოდებენ, რადგან ის ავსებულია უჯრედებით. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ზოგიერთ პაციენტს აქვს “ცარიელი” მიელოფისპლაზიური ძვლის ტვინი, რაც ართულებს განსხვავებას აპლასტიური ანემიისაგან.
კავშირი სხვა იშვიათ დაავადებებთან
ზოგიერთ პაციენტს ასევე აქვს იშვიათი დაავადება–პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია. ამ დროს სისხლის წითელი უჯრედები ზედმეტად მალე იშლება. პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია შეიძლება გართულდეს აპლასტიური ანემიით, ან პირიქით, აპლასტიური ანემია გადაიზარდოს ჰემოგლობინურიაში.
ფანკონის ანემია იშვიათი, გენეტიკური დაავადებაა, რომელიც რთულდება აპლასტიური ანემიით. ასეთი ბავშვები ფიზიკურად პატარები იზრდებიან და აქვთ სხვა დეფექტებიც, როგორიცაა განუვითარებელი კიდურები. ფანკონის ანემიის დიაგნოზი სისხლის სხვადასხვა ტესტებით ისმება.
სიმპტომები
აპლასტიური ანემიის სიმპტომებია:
- დაღლილობა
- სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით დატვირთვისას
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
- ფერმკრთალი კანი
- ხშირი ან ხანგრძლივი ინფექციები
- აუხსნელი, მარტივი ჩალურჯება
- სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან
- ხანგრძლივი სისხლდენა ჭრილობიდან
- გამონაყარი კანზე
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- აპლასტიური ანემია შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში პროგრესირდეს, ან უცაბედად გამოვლინდეს. ავადმყოფობა შეიძლება იყოს ხანმოკლე ან ქრონიკული. აპლასტიური ანემია შეიძლება იყოს მძიმე და ფატალურიც კი.