არტერიოსკლეროზი/ათეროსკლეროზი

დაავადების აღწერა

არტერიოსკლეროზის დროს სისხლძარღვები, რომელთაც მიაქვთ ჟანგბადით მდიდარი სისხლი ქსოვილებამდე (არტერიები), სქელდება, კარგავს ელასტიურობას და ზოგჯერ ზღუდავს სისხლის მიწოდებას ორგანოებში. ჟანსაღი არტერია ელასტიურია, ადვილად იცვლის ფორმას, მაგრამ დროთა განმავლობაში არტერიის კედელი შეიძლება გასქელდეს და გამაგრდეს.

ათეროსკლეროზი არტერიოსკლეროზის სპეციფიკური სახეა, თუმცა ამ ორ ტერმინს ერთი და იმავე მნიშვნელობითაც ხშირად იყენებენ. ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვებში გროვდება ცხიმები, ქოლესტერინი და სხვა ნივთიერებები, ქმნიან ფოლაქებს, რომლებიც ზღუდავენ სისხლის განვლადობას.

ფოლაქი შეიძლება გასკდეს, რის შედეგადაც სისხლი შედედდება და წარმოიქმნება თრომბი. ათეროსკლეროზს გულის პრობლემად აღიქვამენ, თუმცა იგი შეიძლება სხეულის ნებისმიერ არტერიაში მოხდეს. ათეროსკლეროზი ძირითადად პრევენციასა და მკურნალობას ექვემდებარება.

გამომწვევი მიზეზი

ათეროსკლეროზი პროგრესირებს ნელა და შესაძლოა დაიწყოს ძალიან ადრე, ბავშვობაშიც კი. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ათეროსკლეროზი სავარაუდოდ იწყება არტერიის კედლის შიდა შრის დაზიანებით. ამ დაზიანების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მაღალი არტერიული წნევა
  • მაღალი ქოლესტერინი, ხშირად კვებითი ჩვევების გამო (ცხიმიანი საკვები)
  • მაღალი ტრიგლიცერიდები, ცხიმის ერთ–ერთი ტიპი სისხლში
  • მოწევა და თამბაქოს სხვა ტიპები
  • დიაბეტი
  • ანთებითი დაავადებები, როგორიცაა მგლურა, ინფექციები ან აუხსნელი ანთება
  • როცა არტერიის შიდა შრე ზიანდება, სისხლის უჯრედები და სხვა ნივთიერებები ჩერდება დაზიანების ადგილას და არტერიის კედელში გროვდება. დროთა განმავლობაში, ცხიმოვანი დეპოზიტები (ფოლაქები), რომლებიც შედგება ქოლესტერინის და სხვა უჯრედული პროდუქტებისგან, ასევე გროვდებიან დაზიანების ადგილას, მაგრდებიან და ავიწროებენ არტერიას. ის ორგანოები და ქსოვილები, რომლებიც მარაგდებოდა ამ არტერიით, ვეღარ იღებენ სისხლის ადეკვატურ რაოდენობას ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
  • შესაძლოა ცხიმოვანი დეპოზიტები გასკდეს, მოწყდეს ათეროსკლეროზის ადგილას და გაჰყვეს სისხლის დინებას. ასევე, ფოლაქის გლუვი ზედაპირი შეიძლება გასკდეს და ქოლესტერინი და სხვა შემადგენელი ნაწილები გამოთავისუფლდეს სისხლში. ეს შეიძლება დასრულდეს სისხლის შედედებით, თრომბის წარმოქმნით, რომელიც შეზღუდავს სისხლის დინებას რომელიმა ორგანოში, მაგალითად გამოიწვევს ინფარქტს გულში. თრომბი შესაძლოა სხვა ორგანოსთან დაეცოს და დააზიანოს იგი.

სიმპტომები

ათეროსკლეროზი ვითარდება თანდათან. მსუბუქი ათეროსკლეროზი ძირითადად არ ვლინდება სიმპტომურად.

ძირითადად, არ გექნებათ სიმპტომები ან ნიშნები სანამ არტერია იმ დონეზე არ შევიწროვდება, რომ სისხლი სათანადოდ ვეღარ გაედინება. ზოგჯერ სისხლის თრომბი მთლიანად ზღუდავს სისხლის განვლადობას, ან იშლება ნაწილებად და იწვევს ინფარქტს ან ინსულტს.

საშუალო ან მძიმე ათეროსკლეროზის ნიშნები განსხვავდება დაზიანებული არტერიის მიხედვით. მაგალითად:

  • თუ გაქვთ ათეროსკლეროზი გულის არტერიებში, შეიძლება გქონდეთ სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში).
  • თუ გაქვთ ათეროსკლეროზი ტვინის მომმარაგებელ არტერიებში, შეიძლება გქონდეთ ხელის ან ფეხის დაბუჟება, სისუსტე, მეტყველების გაძნელება, სახის კუნთების მოშვება. ეს სიმპტომები მიანიშნებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე, რომელიც მკურნალობის გარეშე გადაიზრდება ინსულტში.
  • თუ გაქვთ ათეროსკლეროზი ხელის ან ფეხის მომმარაგებელ არტერიაში, შეიძლება გქონდეთ პერიფერიული არტერიული დაავადების ნიშნები, როგორიცაა ფეხის ტკივილი სიარულისას (ხანგამოშვებითი კოჭლობა).
  • თუ გაქვთ ათეროსკეროზი თირკმლის მომმარაგებელ არტერიაში, განგივითარდებათ მაღალი არტერიული წნევა ან თირკმლის უკმარისობა.
  • თუ გაქვთ ათეროსკლეროზი გენიტალიების მომმარაგებელ არტერიაში, შესაძლოა სქესობრივი აქტის დროს შეგექმნათ პრობლემები. კაცებში, ათეროსკლეროზი გამოიწვევს ერექციულ დისფუნქციას. ქალებში, მომატებული წნევა შეზღუდავს ვაგინის სისხლით მომარაგებას, რის შედეგადაც უსიამოვნო გახდება სექსი.



როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფიქრობთ, რომ გაწუხებთ ათეროსკლეროზი, მიმართეთ ექიმს. მიაქციეთ ყურადღება ადრეულ სიმპტომებს, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, ფეხის ტკივილი ან დაბუჟება. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა აუცილებელია გართულებების (ინსულტი, ინფარქტი) თავიდან ასაცილებლად.