არტერიოვენური ფისტულა

დაავადების აღწერა

არტერიოვენური ფისტულა არტერიასა და ვენას შორის პათოლოგიური შეკავშირებაა. ნორმაში, სისხლი არტერიებიდან გადადის კაპილარებში და შემდეგ ვენებში. ნივთიერებები და ჟანგბადი კაპილარებიდან გადაეცემა ორგანოებსა და ქსოვილებს.

არტერიოვენური ფისტულის არსებობის შემთხვევაში, სისხლი მიედინება პირდაპირ არტერიიდან ვენაში, ანუ გვერდს უვლის ზოგიერთ კაპილარს. “გამოტოვებულ” კაპილარებზე დამოკიდებული ქსოვილები კი იღებენ ნაკლებ სისხლს.

არტერიოვენური ფისტულა ძირითადად გვხვდება ქვემო კიდურებში, მაგრამ შესაძლებელია გაჩნდეს ყველგან. ფისტულას ხელოვნურად აკეთებენ როცა პაციენტი დიალიზზეა თირკმლის დაავადების გამო.

დიდი ზომის ფისტულა მკურნალობის გარეშე მძიმე გართულებებთან ასოცირდება. თუ გაქვთ ხელოვნური ფისტულა დიალიზის გამო, ექიმი მიაქცევს ყურადღებას შესაძლო გართულებებს.

გამომწვევი მიზეზი

არტერიოვენური ფისტულის გამომწვევი მიზეზებია:

  • გულის კათეტერიზაცია. ფისტულა შეიძლება ამ პროცედურის გართულება იყოს. გულის კათეტერიზაციის დროს, გრძელი, თხელი მილი (კათეტერი) იდგმება არტერიაში ან ვენაში საზარდულის არეში, კისერში ან ხელში და სისხლძარღვების გავლით მიდის გულამდე.
  • თუ კათეტერი გადაკვეთს არტერიას და ვენას პროცედურის დროს და არტერია გაფართოვდება, შესაძლოა წარმოიქმნას არტერიოვენური ფისტულა. ეს იშვიათად ხდება.
  • დაზიანებები, რომლებიც გადაკვეთენ კანს. შესაძლებელია წარმოიქმნას არტერიოვენური ფისტულა დაზიანების დროს, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღით ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ფისტულა ვითარდება თუ დაზიანების ადგილას არტერია და ვენა გვერდიგვერდ გვხვდება.
  • თანდაყოლილი არტერიოვენური ფისტულა. ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან ატარებს ფისტულას. ზუსტ მიზეზი უცნობია, თუმცა ასეთ დროს საშვილოსნოში, ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესში, არტერიებისა და ვენების ნორმალური განვითარება დარღვეულია.
  • გენეტიკური დაავადებები. არტეროვენური ფისტულა ფილტვში ზოგჯერ გამოწვეულია გენეტიკური დაავადებით (ოსლერ–ვებერ–რენდუს დაავადება, მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელანგიექტაცია), რომელიც სისხლძარღვების ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს განსაკუთრებით ფილტვში.
  • ქირურგიული ჩარევა ხელოვნური ფისტულის შესაქმნელად. თირკმლის უკმარისობის დროს, დიალიზის პროცედურის შესასრულებლად საჭიროა ფისტულას წარმოქმნა. თუ დიალიზის დროს, ნემსი ვენაში ბევრჯერ გაკეთდა, ვენა შეიძლება დანაწიბურდეს.
  • ფისტულის შექმნა აფართოებს ვენას, ახლომდებარე არტერიასთან შეკავშირებით, რაც აადვილებს დიალიზის შესრულებას. ფისტულას ძირითადად წინამხრის არეში აკეთებენ.

სიმპტომები

მცირე ზომის ფისტულა კიდურებში, ფილტვებში, თირკმელსა თუ ტვინში, ძირითადად უსიმპტომოა და არ საჭიროებს მკურნალობას მონიტორინგის გარდა. დიდი ზომის ფისტულები უფრო ხშირად სიმპტომატურია.

ეს სიმპტომებია:

  • მოიასამნისფრო, გადიდებული ვენები, რომლებიც ჩანს კანქვეშ (ვარიკოზის მსგავსად)
  • ხელების ან ფეხების შესიება
  • არტერიული წნევის დაქვეითება
  • დაღლილობა
  • გულის უკმარისობა
  • ფისტულა ფილტვებში (ფილტვის არტერიოვენული ფისტულა) მძიმე დაავადებაა და შეიძლება გამოიწვიოს:
  • კანის გალურჯება
  • დოლისებრი თითები
  • სისხლიანი ნახველი
  • მომნელებელი სისტემის ფისტულამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ნაწლავებში.



როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ რომელიმე სიმპტომი და ფიქრობთ, რომ თქვენი მდგომარეობა გავს არტერიოვენური ფისტულის სურათს, მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოზი აადვილებს მკურნალობას და გიმცირებთ გართულებების რისკს, როგორიცაა სისხლის შედედება და გულის უკმარისობა მძიმე შემთხვევებში.