უნაყოფობა ქალებში

დაავადების აღწერა

ტერმინი უნაყოფობა გამოიყენება მაშინ, როდესაც წყვილი ცდილობს განაყოფიერებას ხშირი სექსუალური კავშირით მინიმუმ 1 წლის განმავლობაში უშედეგოდ. ქალის უნაყოფობა, მამაკაცის უნაყოობა ან ორივე ერთად საკმაოდ ხშირია. წყვილების 10-15%-ს აღენიშნება განაყოფიერების და წარმატებული მშობიარობის პრობლემები.

უნაყოფობა მესამედ შემთხვევებში ქალის ფაქტორებითაა გამოწვეული, მესამედ შემთხვევებსი კი მამაკაცის. დარჩენილი მესამედის მიზეზი ან უცნობია წყვილის ორივე წევრის პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ქალებში უნაყოფობის მიზეზის დადგენა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ არსებობს ბევრი სახის მკურნალობა. მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. სამედიცინო ჩარევა ყოველთვის საჭირო არ არის, ბევრ უნაყოფო წყვილში საბოლოოდ განაყოფიერება შეიძლება უმკურნალოდ განხორციელდეს.

გამომწვევი მიზეზი

დასაფეხმძიმებლად აუცილებელია შემდეგი ფაქტორები:

  • ოვულაციის არსებობა. დაფეხმძიმებისთვის საჭიროა, რომ საკვერცხეებმა წარმოქმნან და გამოათავისუფლონ კვერცხუჯრედი, ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება. ექიმმა შესაძლოა შეაფასოს თქვენი მენსტრუალური ციკლი და დაგიდასტუროთ ოვულაცია.
  • პარტნიორს უნდა ჰქონდეს სპერმა. უმეტესი წყვილის შემთხვევაში ეს არ წარმოადგენს პრობლემას, თუ პარტნიორს არ აღენიშნება წარსულში კონკრეტული დაავადება ან ქირურგიული ჩარევა. თქვენს ექიმს შეუძლია გაატაროს მარტივი ტესტები, რათა გასინჯოს თქვენი პარტნიორის სპერმის ჯანმრთელობა.
  • აუცილებელია რეგულარულად სქესობრივი კავშირის დამყარება. ნაყოფიერების პერიოდში აუცილებელია რეგულარული სექსი პარტნიორთან. ექიმი მოგახსენებთ, თუ რომელი პერიოდია საუკეთესო გასანაყოფიერებლად მენსტრუალური ციკლის დროს.
  • საჭიროა ფალოპის მილებისა ღრუს გამტარიანობა და ნორმალური საშვილოსნო. კვერცხუჯრედი და სპერმა ერთმანეთს ფალოპის მილებში ხვდებიან, რის შემდეგაც ჩანასახისთვის საჭიროა ჯანმრთელი ადგილმდებარეობა, ანუ საშვილოსნო, სადაც იგი მოახერხებს ზრდას.



ფეხმძიმობის დასაწყებად აუცილებელია ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ყველა ნაწილის გამართულად მუშაობა. დაფეხმძიმების ეტაპები:

  • საკვერცხეებიდან ერთ-ერთი წარმოქმნის და ათავისუფლებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს.
  • კვერცხუჯრედი გადადის ფალოპის მილში.
  • სპერმა ადის საშვილოსნოს ყელში, და საშვილოსნოს გავლით აღწევს ფალოპის მილს, რათა მიწვდეს კვერცხუჯრედს განაყოფიერებისთვის.
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით გადადის საშვილოსნოში.
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაიზრდება და იწყებს ზრდას საშვილოსნოში.



ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელმაც ქალებში შესაძლოა დაარღვიოს ამ პროცესის რომელიმე ეტაპი. ქალების უაყოფობა გამოწვეულია ასეთი ერთი ან მეტი ფაქტორით.

ოვულაციის პრობლემები

ოვულაციის პრობლემები, რომელიც გულისხმობს იშვიათ ან საერთოდ არარსებულ ოვულაციას, წარმოადგენს წყვილებში უნაყოფობის მიზეზების 25 %-ს. მდგომარეობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის მიერ რეპდორუქციული ჰორმონების რეგულაციის დარღვევთ. პრობლემა შესაძლოა თავად საკვერცხეში არსებობდეს.

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი. ამ დაავადების დროს ვითარდება კომპლექსური ცვლილებები ჰიპოთალამუსში, ჰიპოფიზში და საკვერცხეებში, რის შედეგადაც აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ზემოქმედებენ ოვულაციას. სინდრომი დაკავშირებულია აკნეს განვითარებასთან, ინსულინზე რეზისტენტობასთან, სიმსუქნესთან და თმის არანორმალურ ზრდასთან სახესა და სხეულზე. ეს სინდრომი ქალებში უნაყოდობის ყველაზე ხშირი მიზეზია.
  • ჰიპოთალამუსის დისფუნქცია. ყოველთვიურად ოვულაციის სტიმულაციაში ორი ჰორმონი იღებს მონაწილეობას:ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი და მალუთეინიზებელი ჰორმონი. ეს ჰორმონები მენსტრუალური ციკლის დროს სპეციფიურად წარმოიქმნება ჰიპოფიზში. ჭარბი ფიზიკური ან ემოციური სტრესი, ძალიან მაღალი ან დაბალი წონა, წონაში სწრაფი კლება ან მატება შესაძლოა მიზეზი იყოს ოვულაციის ნორმალური რითმის დარღვევისა. ამ პრობლემის მთავარი გამოვლინებაა არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია.
  • საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა. ეს დაავადება გამოწვეულია ავტოიმუნური პასუხით, რომლის დროსაც ორგანიზმი შეცდომით უტევს საკვერცხის ქსოვილს. მდგომარეობას განაპირობებს ასევე კვერცხუჯრედების ნაადრევი დაკარგვა საკვერცხიდან, რომელიც გამოწვეულია გენეტიკური პრობლემით ან გარემო ფაქტორით, როგორიცაა ქიმიოთერაპია. შედეგად ვითარდება საკვერცხის უუნარობა, წარმოქმნას კვერცხუჯრედი. ასევე ქვეითდება ესტროგენის გამომუშავება 40 წლამდე ასაკში.
  • პროლაქტინის ჭარბი რაოდენობა. იშვიათ შემთხვევებში, ჰიპოფიზი იწვევს პროლაქტინის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებას(ჰიპერპროლაქტინემია), რის შედეგადაც მცირდება ესტროგენის წარმოქმნა და ვითარდება უშვილობა. პრობლემის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ჰიპოფიზის დაავადებაა, თუმცა მდგომარეობას, ზოგჯერ, სხვა დაავადებისთვის გამოყენებული მედიკამენტებიც იწვევენ.



ფალოპის მილების დაზიანება

ფალოპის მილების დაზიანების ან დახშობის დროს, სპერმა ვერ აღწევს კვერცხუჯრედამდე ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ ჩამოდის საშვილოსნოში. ფალოპის მილის დაზიანების ან დახშობის მიზეზები:

  • მენჯის ანთებითი დაავადება, ქლამიდიით, გონორეათი ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით გამოწვეული საშვილოსნოს ან ფალოპის მილების ინფექცია.
  • მუცლის ან მენჯის არეში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია წარსულში, როგორიცაა საშვილოსნოსგარე ორსულობისთვის ჩატარებული ოპერაცია. საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაიზრდება და იწყებს განვითარებას ფალოპის მილში საშვილოსნოს მაგივრად.
  • მენჯის ტუბერკულოზი, რომელიც უპირველესი მიზეზია მსოფლიოში ფალოპის მილისმიერი უნაყოფობისა.



ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ქსოვილი, რომელიც ნორმალურ პირობებში იზრდება საშვიულოსნოში, ჩაიზრდება და ვითარდება სხვა ადგილას. დამატებითი ქსოვილოვანი წანაზარდი და მისი ქირურგიული ამოკვეთა შესაძლოა გახდეს დანაწიბუროვანების მიზეზი, რის შედეგადაც იხშობა ფალოპის მილი და ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმის გაერთიანებას. მდგომარეობა აგრეთვე აზიანებს საშვილოსნოს ამომფენ გარსს, რაც ართულებს განაყოფიერებული კვერხცუჯრედის იმპლანტაციას. იშვიათ შემთხვევაში, ენდომეტრიოზი უშვილობას იწვევს სპერმის ან კვერცხუჯრედის პირდაპირი დაზიანებით.

საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს პრობლემები

საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ზოგიერთი პრობლემა ახდენს ზეგავლენას ნაყოფიერებაზე. ამ ორგანოების პათოლოგიების დროს აღინიშნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის პრობლემები და მუცლის მოშლის შემთხვევები.

კეთილთვისებიანი პოლიპები და სიმსივნეები(ფიბროიდები ან მიომები) ხშირია საშვილოსნოში. ზოგიერთ მათგანს შეუძლია ნაყოფიერებაზე ზეგავლენის მოხდენა ფალოპის მილების დახშობის ან იმპლანტაციის დარღვევის გზით. თუმცა პოლიპების და სიმსივნეების მქონე ქალების დიდი ნაწილი ჩვეულებრივ ახერხებს დაორსულებას.

ენდომეტრიოზით ან ანთებით გამოწვეული დანაწიბუროვანება საშვილოსნოში ასევე ხელს უშლის ჩანასახის იმპლანტაციას.

საშვილოსნოს თანდაყოლილი პატოლოგიები, როგორიცაა არანორმალური ფორმის საშვილოსნო, შემდგომში იწვევს დაფეხმძიმების ან ორსულობის შენარჩუნების პრობლემებს.

საშვილოსნოს ყელის შევიწროება ასევე შეიძლება იყოს დამემკვიდრებული მალფორმაციის მიზეზი. ზოგჯერ შევიწროებას პირდაპირი დაზიანება იწვევს.

ზოგიერთ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელი ვერ ახერხებს სპერმის მოძრაობისთვის სათანადო ლორწოს გამომუშავებას. შედეგად სპერმა ვერ აღწევს საშვილოსნომდე.

აუხსნელი უშვილობა

ზოგიერთ შემთხვევაში, უნაყოფობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. შესაძლებელია, რომ ამ დროს, წყვილის ორივე წევრის ნაყოფიერების მსუბუქი პრობლემები იწვევენ უნაყოფობის აუხსნელ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზზე ზუსტი ახსნის არარსებობა შეიძლება იყოს ძლიერი წუხილის მიზეზი წყვილში, ზოგიერთ შემთხვევაში, მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითონ სწორდება.

სიმპტომები

უნაყოფობის ყველაზე მთავარი სიმპტომია ფეხმძიმობის არარსებობა. მენსტრუალური ციკლი, რომელიც გრძელდება ხანგრძლივად (35 დღე ან მეტი), არის ხანმოკლე(21 დღეზე ნაკლები), არის არარეგულარული ან გამოტოვებული, შეიძლება მიუთითებდეს ოვულაციის პრობლემებზე, რაც ქალებში უნაყოფობასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა სხვა სიმპტომები საერთოდ არ არსებობდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

სამედიცინო დახმარების მოთხოვნის დრო ნაწილობრივ პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.

თუ პაციენტი არის 30-35 წლის ასაკს შორის ან უფრო ახალგაზრდა, ექიმების რჩევა არის, რომ ქალი შეეცადოს მინიმუმ 1 წლის განმავლობაში დაფეხმძიმებას, სანამ რაიმე ტესტირებას ან მკურნალობას ჩაიტარებს.

35-40 წლის ქალებში, დაფეხმძიმების 6-თვიანი მცდელობის შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

40 წლის შემდგომ ექიმმა შესაძლოა პირდაპირ მოითხოვოს ტესტირება ან რაიმე მკურნალობის გატარება.

ექიმმა შესაძლოა პირდაპირ მოითხოვოს ანალიზები ან მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში: თუ თქვენს პარტნიორს აღენიშნება ნაყოფიერების პრობლემები, თუ პაციენტს წარსულში აღენიშნება არარეგულარული ან მტკივნეული მენსტრუალური პერიოდი, მენჯის ანთებითი დაავადება, მუცლის განმეორებითი მოშლა, სიმსივნის თერაპია ან ენდომეტრიოზი.