ფიბრომუსკულარული დისპლაზია
დაავადების აღწერა
ფიბრომუსკულარული დისპლაზია მდგომარეობაა, რომელიც იწვევს საშუალო დიამეტრის არტერიების შევიწროებას (სტენოზი) და გადიდებას (ანევრიზმა). შევიწროებისა და გაფართოების სეგმენტები ერთმანეთთან ახლოსაა და შესაძლოა გამოიწვიოს არტერიის იმ დონეზე დახშობა, რომ ორგანოებს სისხლის მიწოდება მნიშვნელოვნად შეეზღუდოთ.
ფიბრომუსკულარული დისპლაზია იწვევს გარკვეულ გართულებებს, როგორიცაა სისხლის მაღალი არტერიული წნევა ან არტერიების აშრევება– დისექცია.
ფიბრომუსკულარული დისპლაზია ყველაზე ხშირად თირკმლის არტერიებს მოიცავს. ასევე შესაძლოა დაზიანდეს ტვინის არტერიები, მუცლის, კიდურების სისხლძარღვები.განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ მკურნალობა ეფექტურია.
გამომწვევი მიზეზი
ფიბრომუსკულარული დისპლაზიის მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:
- გენეტიკა. გენეტიკა შესაძლოა თამაშობდეს გარკვეულ როლს ფიბრომუსკულარული დისპლაზიის განვითარებაში. ამის მიუხედავად, თუ ოჯახში ვინმეს აქვს ფიბრომუსკულარული დისპლაზია, ზოგჯერ, იმავე ოჯახის სხვა წევრს აქვს უფრო მსუბუქი დაავადება ან სხვა არტერიის დაზიანება. დამატებით, ფიბრომუსკულარული დისპლაზიით დაავადებულ ყველა პაციენტს არ აქვს ოჯახში ამ დაავადების შემთხვევა.
- ჰორმონები. ქალებს უფრო ხშირად აქვთ ფიბრომუსკულარული დისპლაზია, ვიდრე კაცებს. ამის გამო, უკავშირებენ ჰორმონების როლს დაავადების რისკს.ამის მიუხედავად, ფიბრომუსკულარული დისპლაზია არ უკავშირდება ორსულობის რაოდენობას და კონტრაცეპტივების გამოყენებას.
- პათოლოგიური ფორმის არტერიები. ფიბრომუსკულარული დისპლაზია შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლძარღვის მკვებავი სისხლძარღვების არასწორი განვითარებით, რაც იწვევს არტერიის კედლის ჟანგბადის ნაკლებობას და პათოლოგიურ ცვლილებებს. სავარაუდო მიზეზები თამბაქოს ან მედიკამენტების გამოყენებაა. როცა არტერია არასწორად ვითარდება, გროვდება უჯრედოვანი მასები მის ღრუში და მცირდება სისხლის გადინება.
სიმპტომები
ფიბრომუსკულარული დისპლაზიით დაავადებულთა უმრავლესობას სიმპტომები არ აქვს. ამის მიუხედავად, შესაძლებელია დაავადების განვითარება, რისი გართულებების დამოკიდებულია ჩართული არტერიების მდებარეობაზე.
ნიშნები და სიმპტომები თირკმელში
თუ დაზიანდა თირკმლის არტერიები, შესაძლოა გამოვლინდეს:
- მაღალი არტერიული წნევა
- თირკმლის ქსოვილის დაზიანება (იშემიური ატროფია)
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (იშვიათად)
ნიშნები და სიმპტომები ტვინში
თუ დაზიანდა თავის ტვინის არტერიები (საძილე), შესაძლოა გამოვლინდეს:
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- დაბინდული მხედველობა ან მხედველობის დროებითი დაკარგვა
- პულსაციის შეგრძნება ან შუილი ყურში
- კისრის ტკივილი
- ქრონიკული თავის ტკივილი
- სახის სისუსტე ან დაბუჟება
ნიშნები და სიმპტომები მუცელში
თუ დაზიანდა მუცლის (მეზენტერიული) არტერიები, შესაძლოა გამოვლინდეს:
- მუცლის ტკივილი ჭამის შემდეგ
- აუხსნელი კლება წონაში
ნიშნები და სიმპტომები ზედა კიდურებში
თუ დაზიანდა კიდურის მომმარაგებელი არტერია, შესაძლოა განვითარდეს:
- დისკომფორტი მოძრაობის დროს
- კიდურის გაციება
- სისუსტე
- დაბუჟება
- კანის ცვლილებები ფერის ან ვიზუალური შეხედულების მხრივ
- ზოგიერთ პაციენტს დაზიანებული აქვს ერთზე მეტი არტერია.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ ფიბრომუსკულარული დისპლაზია და განვითარდა უეცარი ცვლილება მხედველობის, მეტყველების ან სისუტის სახით, აუცილებლად დარეკეთ სასწრაფოში.
თუ გაქვთ რომელიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. ფიბრომუსკულარული დისპლაზია შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი, ამიტომ უამბეთ ექიმს ოჯახური ისტორიის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ნიშნები და სიმპტომები არ გაქვთ. ჯერჯერობით, არ არსებობს ფიბრომუსკულარული დისპლაზიის დასადგენი გენეტიკური ტესტირების მეთოდი.