ბეხჩეტის დაავადება

დაავადების აღწერა

ბეხჩეტის დაავადება (ბეხჩეტის სინდრომი) იშვიათია და იწვევს სისხლძარღვების ანთებას მთელ ორგანიზმში. ანთება გამოხატულია მრავალი სიმპტომით, რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის. ბეხჩეტის დაავადების ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში, ახასიათებს გაქრობა და ისევ გამოვლენა და მოიცავს: პირის ღრუს დაზიანებებს, თვალის ანთებას, გამონაყარსა და წყლულებს, გენიტალიების დაზიანებებს.

ბეხჩეტის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი აუტოიმუნური დაავადება იყოს. აუტოიმუნური დაავადებების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის საკუთარ ჯანმრთელ ქსოვილებს. გენეტიკური და გარემო ფაქტორებიც მნიშვნელოვანია ბეხჩეტის დაავადების განვითარებისათვის.

მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შესამცირებლად და ასევე მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიბრმავე.

გამომწვევი მიზეზი

ბეხჩეტის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა გენეტიკური და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვანია ბეხჩეტის დაავადების განვითარებისათვის. რამდენიმე გენი ასოცირებულია დაავადებასთან. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ვირუსი ან ბაქტერია იწვევს ბეხჩეტის დაავადებას ისეთ ადამიანებში, რომელთაც გენების გამო მიდრეკილება აქვთ ამ დაავადებს განვითარებისაკენ.

სიმპტომები

ბეხჩეტის დაავადების სიმპტომები განსხავდება პაციენტებში. სიმპტომები ქრება და შემდეგ კვლავ ვლინდება.მათი გამოვლენა დამოკიდებულია ორგანიზმის დაზიანებულ ნაწილზე, რომელიც ანთებითი პროცესებითაა დატვირთული. რეგიონები, რომლებიც ხშირად ზიანდება ბეხჩეტის დაავადების დროს მოიცავს:

  • პირის ღრუ. მტკივნეული დაზიენებებია პირის ღრუში, რომლებიც გავს სტომატიტს, საკმაოდ ხშირი გამოვლინებაა. დაზიანებები ამოწეული, მრგვალი ფორმისაა, რომლებიც მალე გარდაიქმნება მტკივნეულ წყლულებად. დაზიანება ძირითადად 1–3 კვირაში გაივლის, თუმცა ახასიათებს განმეორება.
  • კანი. კანის დაზიანებები ასევე ხშირია ბეხჩეტის დაავადების დროს. დაზიანებები სხვადასხვაგვარია. ზოგიერთ პაციენტს აკნეს მსგავსი გამონაყარი აქვს სეულზე. სხვებს ამობურცული, წითელი, მტკივნეული ნოდულები, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე.
  • გენიტალიები. ბეხჩეტის დაავადების დროს გენიტალიებზე შესაძლოა იყოს დაზიანებები. ძირითადად, სათესლე პარკსა და ვულვაზე. დაზიანება წითელი, დაწყლულებულია, ხშირად მტკივნეული და ახასიათებს დანაწიბურება.
  • თვალები. ბეხჩეტის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთება თვალში (უვეიტი). დაავადებულებში, უვეიტი იწვევს შეწითლებას, ტკივილს, დაბინდულ მხედველობას ცალ ან ორივე თვალში. ეს მდგომარეობა შესაძლოა გაქრეს და განმეორდეს. ბადურას სისხლძარღვების ანთება ამ მდგომარეობის მძიმე გართულებაა.
  • სახსრები. სახსრების შესიება და ტკივილი ხშირია მუხლებში. კოჭები, იდაყვები და მტევანი შესაძლოა იყოს ჩართული. ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს 1–3 კვირას და გაქრეს.
  • სისხლძარღვები. ბეხჩეტის დაავადების დროს გვხვდება ანთება ვენებსა და დიდ არტერიებში. ამ დროს ვლინდება სიწითლე, ტკივილი, შესიება კიდურებში სისხლის შედედების გამო. ზოგადად, ბეხჩეტის სიმპტომები ვასკულიტებითაა განპირობებული (ანთება სისხლძარღვებში). დიდი არტერიების ანთებას შესაძლოა მოყვეს გართულებებიც, როგორიცაა ანევრიზმა, შევიწროება ან სისხლძარღვის ჩაკეტვა.
  • მომნელებელი სისტემა. ბეხჩეტის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი სიმპტომი მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ფაღარათი ან სისხლდენა.
  • თავის ტვინი. ბეხჩეტის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთება ტვინსა და ნერვულ სისტემაში, რომელიც ვლინდება თავის ტკივილით, სიცხით, ბალანსის რღვევით ან ინსულტით.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ უჩვეულო სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა მიანიშნებდეს ამ დაავადებაზე. თუ გაქვთ ბეხჩეტის დაავადება, მიმართეთ ექიმს როცა ახალი სიმპტომები ან ნიშნები გამოვლინდება.