შარდის ბუშტის კიბო

დაავადების აღწერა

შარდის ბუშტის კიბო იწყება მენჯის ღრუში მოთავსებულ ბალონის ფორმის ორგანოში, რომელიც ინახავს შარდს. კიბო უმეტესად შარდის ბუშტის ამომფენ უჯრედებში ვითარდება. პაციენტების უმრავლესობა მოზრდილია, თუმცა კიბო ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს.

შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირდება, როცა კიბოს მკურნალობა შესაძლებელია. თუმცა, შარდის ბუშტის კიბო ხშირად განმეორებადია. ამის გამო, პაციენტებს, რომლებსაც ჰქონიათ შარდის ბუშტის კიბო, იბარებენ ხშირ შემოწმებაზე, რათა თავიდან აიცილონ განმეორებითი კიბო წლების შემდეგ.

გამომწვევი მიზეზი

შარდის ბუშტის კიბოს გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ვერ დგინდება. იგი დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან, პარაზიტულ ინფექციებთან, დასხივებასა და ქიმიური ნივთიერების ზეგავლენასთან.

შარდის ბუშტის კიბო ვითარდება, როცა უჯერედები ბუშტში იწყებენ არანორმალურ ზრდას. ნორმაში, უჯრედები იზრდებიან და იყოფიან გარკვეულ დროში, ხოლო როცა გვხვდება უჯრედული მუტაციები, ისინი სწრაფად მრავლდებიან და არ იღუპებიან. ეს პათოლოგიური უჯრედები ქმნიან სიმსივნეს.

შარდის ბუშტის კიბოს ტიპები

  • შარდის ბუშტის შემადგენელი რამდენიმე ტიპის უჯრედი შეიძლება გახდეს კიბოს საწყისი. ამ უჯრედის ტიპი, რომლიდანაც კიბო ვითარდება, განაპირობებს კიბოს ტიპს, ხოლო კიბოს კლასიფიცირებით ადგენენ მკურნალობის შესაბამის მეთოდს. კიბოს ტიპებია:
  • გარდამავალი უჯრედების კარცინომა. გარდამავალი უჯრედების კარცინომა იწყება შარდის ბუშტის ამომფენ უჯრედებში. ეს უჯრედები ნორმაში აფართოებენ ბუშტის ღრუს, როცა იგი სავსეა შარდით და ვიწროვდებიან როცა იგი დაიცლება. იმავე ტიპის უჯრედები ამოფენენ შარდსაწვეთსა და შარდსადინარს, ამიტომ ამ ადგილებშიც შეიძლება გაჩნდეს კიბო. გარდამავალუჯრედოვანი კარცინომა ყველაზე გავრცელებული ტიპია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • ბერტყელუჯრედოვანი კარცინომა. ბრტყელი უჯრედები შარდის ბუშტში ინფექციის ან გაღიზიანების გამო ჩნდება. დროთა განმავლობაში, შეიძლება წარმოიქმნას კიბო. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ხშირია მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც პარაზიტული ინფექცია– შისტოსომიაზია გავრცელებული, რომელიც ბუშტის ანთებებს იწვევს.
  • ადენოკარცინომა. ადენოკარცინომა იწყება შარდის ბუშტში მდებარე ლორწოს წარმომქმნელ უჯრედებში. ადენოკარცინომა ასევე იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • ზოგჯერ კიბო რამდენიმე ტიპის უჯრედსაც შეიცავს.

სიმპტომები

შარდის ბუშტის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:

  • სისხლიანი შარდი (ჰემატურია)– შარდი შესაძლოა იყოს მუქი ყვითელი, ღია წითელი ან კოკა–კოლას ფერი. შარდი ასევე შეიძლება იყოს ნორმალური ფერის, მაგრამ სისხლის არსებობა დადგინდეს მიკროსკოპული გამოკვლევით.
  • ხშირი შარდვა
  • მტკივნეული შარდვა
  • წელის ტკივილი
  • მენჯის ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რომელიმე სიმპტომი, რომელიც გაწუხებთ, როგორიცაა სისხლიანი შარდი.