აბსენს ტიპის ეპილეფსიური გულყრა

დაავადების აღწერა

აბსენს გულყრები გონების მოკლე, უცაბედი დაკარგვაა. უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. როდესაც ადამიანს აბსენს გულყრა აქვს, შეიძლება გეგონოთ რომ უაზროდ აშტერდება რაღაც სივრცეს რამდენიმე წამის განმავლობაში. ასეთი ტიპის გულყრები ძირითადად არ იწვევს ფიზიკურ დაზიანებას.

აბსენს გულყრები ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით კარგად კონტროლდება. ზოგიერთ ბავშვს, ვისაც აბსენს გულყრა აქვს, სხვა ტიპის გულყრებიც ემართება. ზოგიერთი კი საერთოდ განიკურნება გულყრებისაგან მოზარდობის პერიოდში.

გამომწვევი მიზეზი

ხშირად, აბსენს გულყრას არანაირი გამომწვევი მიზეზი არ აქვს. პაციენტს შესაძლოა გენეტიკური მიდრეკილების გამო ჰქონდეს ეს დაავადება. სწრაფმა სუნთქვამ (ჰიპერვენტილაცია) შესაძლოა გამოიწვიოს აბსენს გულყრა ასეთ ბავშვებში.

ზოგადად, გულყრას ტვინის უჯრედებში არასწორი იმპულსების გადაცემა იწვევს. ტვინის ნეირონები ელექტრულ და ქიმიურ იმპულსებს სინაფსების საშუალებით აგზავნიან.

როცა ადამიანს გულყრა აქვს, ტვინის ნორმალური ელექტრული აქტივობა შეცვლილია. აბსენს გულყრის დროს, ეს ელექტრული სიგნალები განმეორებით გადაიცემა სამწამიანი ინტერვალით.

გულყრით დაავადებულ პაციენტებს თავის ტვინის ინფორმაციული მოლეკულების (ნეიროტანსმიტერების) შეცვლილი კონცენტრაციებიც შეიძლება ჰქონდეთ.

აბსენს გულყრები უფრო ბავშვებშია გავრცელებული. ზოგიერთი ბავშვი თავად განიკურნება გარკვეული დროის შემდეგ (თვეები ან წლები). ზოგიერთი კი შესაძლოა სხვა ტიპის გულყრითაც იყოს დაავადებული, როგორიცაა სრული გულყრა (ტონურ–კლონური).

სიმპტომები

აბსენს გულყრის მთავარი ნიშანი მზერის ერთ სივრცეში გაჩერებაა, როგორც ჩვეულებრივი “თვალების მიშტერების” დროს, დაახლოებით 10–15 წამის განმავლობაში, რომელსაც არ მოყვება დაბნევა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა. სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • მოძრაობის უცაბედი შეჩერება დაცემის გარეშე
  • ტუჩის მოკვნეტა
  • ქუთუთოს თამაში (ხშირი დახუჭვა)
  • ღეჭვითი მოძრაობები
  • თითების მოძრაობა
  • ორივე ხელის ნელი მოძრაობა


აბსენს გულყრა ძირითადად 10–25 წამს გრძელდება და არ ტოვებს არანაირ კვალს. პაციენტს არ ახსოვს და ვერ ხვდება, რომ ასეთი შეტევა ჰქონდა. ზოგიერთ ადამიანს ათეული ეპიზოდიც კი აქვს დღეში, რაც ხელს უშლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბავშვს შეიძლება აბსენს გულყრები ჰქონდეს, მაგრამ მშობელმა ეს ვერ შეამჩნიოს, ხანმოკლეობის გამო. ბავშვის სწავლის უნარის დაქვეითება შესაძლოა ამ დაავადების პირველი ნიშანი იყოს. მასწავლებელმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ ბავშვს უჭირს კონცენტრირება გაკვეთილზე.

როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, როცა:

  • პირველად შეამჩნევთ გულყრას
  • თუ ამ ტიპის გულყრა მანამდე არ გქონიათ
  • თუ გულყრები მაინც გაწუხებთ ანტი–ეპილეფსიური მედიკამენტების ფონზე


მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • გაქვთ ხანგრძლივი ავტომატიზირებული ქცევა, მაგ.: ჭამა, მოძრაობა.ხართ დაბნეული, ვერ იაზრებთ თქვენს ქცევას. ეს სიმპტომები შესაძლოა აბსენსის ეპილეფსიური სტატუსის სინდრომის მანიშნებელი იყოს.
  • გაქვთ გულყრა, რომელიც ხუთ წუთზე მეტს გრძელდება.