ადენომიოზი

დაავადების აღწერა

ადენომიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილი (საშვილოსნოს ღრუს შემომსაზღვრელი ქსოვილი) ჩაზრდილია საშვილოსნოს კუნთოვან კედელში. პათოლოგიური მდებარეობის ქსოვილი ისევე რეაგირებს სხვადასხვა ცვლილებებზე, როგორც ნორმაში– სქელდება, შრევდება და სისხლდენას იწყებს ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს. გადიდებული საშვილოსნო და მტკივნეული, ხანგრძლივი მენსტრუაცია ამ დაავადების გამოვლინებაა.

სიმპტომები ყველაზე ხშირად იწყება შვილოსნობის მოგვიანებით ასაკში, მშობიარობებიდან გარკვეული წლების შემდეგ.

ადენომიოზის მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადება მენოპაუზის შემდეგ ქრება. იმ ქალებისათვის, ვისაც აწუხებს მძიმე დისკომფორტი ადენომიოზის გამო, არსებობს გარკვეული მკურნალობა, თუმცა საბოლოოდ დაავადების განკურნების ერთადერთი მეთოდი ჰისტერექტომიაა.

გამომწვევი მიზეზი

ადენომიოზის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თეორიულად გამოყოფენ გარკვეულ შესაძლო მიზეზებს:

  • ინვაზიური ქსოვილის ზრდა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადენომიოზი ენდომეტრიული უჯრედების მიერ კუნთოვანი კედლის ინვაზიის შედეგია.საშვილოსნოს განაკვეთი, მაგალითად საკეისრო კვეთის დროს, ხელს უწყობს კედლის ინვაზიის განვითარებას.
  • თანდაყოლილი მიზეზები. ასევე მიიჩნევენ, რომ ადენომიოზი ვითარდება ჯერ კიდევ ახალშობილებში არსებული ინვაზიური ენდომეტრიალური ქსოვილის (კუნთოვანი კედლის შიგნით) არსებობის გამო.
  • მშობიარობასთან დაკავშირებული საშვილოსნოს ანთება. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ადენომიოზი უკავშირდება მშობიარობას. საშვილოსნოს კედლის ანთება ხელს უწყობს ნორმალური უჯრედშორისი კავშირის გაწყვეტას. ქირურგიული ჩარევა საშვილოსნოში იმავე მექანიზმით იწვევს ადენომიოზს.
  • ღეროვანი უჯრედები. ერთ–ერთი თანამედროვე თეორიის მიხედვით ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები ახდენენ საშვილოსნოს კედლის ინვაზიას და იწვევენ ადენომიოზს.
  • ადენომიოზის განვითარების მიზეზის მიუხედავად, ასეთი ქსოვილის ზრდა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მოცირკულირე ესტროგენის კონცენტრაციაზე. როცა ესტროგენი იკლებს მენოპაუზის გამო, ადენომიოზი თავად ქრება.

სიმპტომები

ზოგჯერ, ადენომიოზი შეუმჩნეველად მიმდინარეობს, უსიმპტომოდ ან მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებით. სხვა შემთხვევებში, ადენომიოზი იწვევს:

  • მძიმე ან ხანგრძლივ მენსტრუაციულ სისხლდენას
  • მწვავე კრუნჩხვითი შეგრძნება, ბასრი ტკივილი მენჯის არეში მენსტრუაციის დროს (დისმენორეა)
  • მენსტრუალური კრუნჩხვები მთელი ციკლის მანძილზე რომელიც უარესდება ასაკთან ერთად
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს სისხლის კოლტების გამოდევნა
  • საშვილოსნო შესაძლოა გადიდდეს. შეიძლება ვერ მიხვდეთ, რომ საშვილოსნო გადიდებულია, მაგრამ შეამჩნევთ მუცლის ქვედა წილის შეშუპებას ან მგრძნობელობის შეცვლას.


როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ ხანგრძლივი, მძიმე სისხლდენა ან კრუნჩხვითი შეგრძნებები ციკლის დროს, რაც ხელს გიშლით ნორმალურ აქტივობებში, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან.