ადჰეზიური კაფსულიტი

დაავადების აღწერა

ადჰეზიური კაფსულიტი, იგივე “მხრის გაშეშება” მდგომარეობაა, რომლის დროსაც მხრის სახსარში აღინიშნება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ნიშნები და სიმპტომები თანდათანობით ვლინდება, დროთა განმავლობაში უარესდება და შემდეგ ქრება, დაახლოებით 1–3 წელიწადში.

ამ მდგომარეობის განვითარების რისკი იმატებს, თუ დიდხანს მოგიწიათ უმოძრაოდ ყოფნა, მაგალითად ინსულტის შემდგომ ან მასტექტომიის შემდგომ პერიოდში.

მკურნალობა მოიცავს მოძრაობით ვარჯიშებსა და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. მედიკამენტებს სახსრის კაფსულაშიც აკეთებენ. შემთხვევათა მცირე ნაწილში, ართროსკოპიური ქირურგიაა საჭირო, რათა სახსრის მოძრაობა აღდგეს.

მდგომარეობა იშვიათად ბრუნდება იმავე მხარზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს კაფსულიტი მეორე მხარეს ეწყება.

გამომწვევი მიზეზი

ძვლები, იოგები და მყესები, რომლებიც ქმნიან მხრის სახსარს, მოთავსებულია კაფსულაში, რომელიც შემაერთებელი ქსოვილისაგან შედგება. ადჰეზიური კაფსულიტის დროს კაფსულა გასქელებულია და ზღუდავს სახსრის მოძრაობას.

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რატომ ვითარდება ადჰეზიური კაფსულიტი ზოგიერთ ადამიანში, ან რატომაა უფრო ხშირი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და იმობილიზაციის დროს, როგორიცაა ქირურგიის შემდგომი ან მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა.

სიმპტომები

ადჰეზიური კაფსულიტი ტიპიურად ნელა ვითარდება და სამი სტადია ახასიათებს. თითოეული სტადია შესაძლოა რამდენიმე თვესაც კი გაგრძელდეს.

გაშეშების სტადია. მხრის ნებისმიერი მოძრაობა იწვევს ტკივილს, მოძრაობის თავისუფლება შეზღუდულია.

გაშეშებული მხარი. ტკივილი ქრება, მაგრამ მხარი კიდევ უფრო ძნელად მოძრაობს და ვერ იყენებთ სახსარს მოძრაობისას.

გამოჯანმრთელების სტადია. მოძრაობა სახსარში აღდგება.

ზოგიერთ პაციენტს ტკივილი ღამით უმძაფრდება, ძილის დროს.