ადისონის დაავადება

დაავადების აღწერა

ადისონის დაავადების დროს თირკმელზედა ჯირკვალი წარმოქმნის გარკვეული ჰორმონების– კორტიზოლისა და ხშირად, ალდოსტერონის, არასაკმარის რაოდენობას.

 

ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა) შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში და ორივე სქესში. ეს დაავადება ხშირად სიცოცხლისათვის საშიშიცაა.

ადისონის დაავადების სამკურნალოდ საჭიროა გარკვეული ჰორმონების მიღება, რომლებიც თირკმელზედა ჯირკვალში საკმარისი რაოდენობით არ გამოიყოფა. მიღებული ჰორმონები ასრულებენ ბუნებრივად წარმოქმნილი ჰორმონების ნორმალურ როლს ორგანიზმში.

გამომწვევი მიზეზი

ადისონის დაავადების დროს დაზიანებულია თირკმელზედა ჯირკვლები. წარმოიქმნება არასაკმარისი რაოდენობის ჰორმონი კორტიზოლი და ხშირად, ალდოსტერონიც. ეს ჯირკვლები მდებარეობს თირკმელების ზემოთ. როგორც ენდოკრინული სისტემის ნაწილი, თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფენ ჰორმონებს, რითაც აკონტროლებენ თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილს ორგანიზმში.


თირკმელზედა ჯირკვლები შედგება ორი ნაწილისაგან. შიდა (მედულა) ნაწილი წარმოქმნის ადრენალინის მსგავს ჰორმონებს. გარე (კორტექსი) ნაწილი კი – კორტიკოსტეროიდებს, კერძოდ, გლუკოკორტიკოიდებს, მინერალოკორტიკოიდებსა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს (ანდროგენებს).

ზოგიერთი ჩამოთვლილი ჰორმონი სიცოცხლისათვის აუცილებელია, მაგალითად გლუკო და მინერალოკორტიკოიდები.

  • გლუკოკორტიკოიდები. ეს ჰორმონები, მაგ.: კორტიზოლი, გავლენას ახდენენ საკვებიდან მიღებული ენერგიის გარდაქმნაში, იმუნური სისტემის ადეკვატურ ფუნქციონირებაში და ეხმარებიან ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებში.
  • მინერალოკორტიოკოიდები. ალდოსტერონი აკონტროლებს სხეულის მინერალურ ბალანსს: ნატრიუმის, კალიუმის კონცენტრაციებს და ინარჩუნებს ნორმალურ წნევას.
  • ანდროგენები. მამაკაცის სასქესო ჰორმონი ანდროგენი გამოიყოფა მცირე რაოდენობით მამაკაცებსა და ქალებშიც. ანდროგენები აკონტროლებენ სქესობრივ მომწიფებას კაცებში, კუნთის მასის მომატებას, ლიბიდოს და სხეულის ზოგად ნორმალურ მდგომარეობას კაცებსა და ქალებშიც.


თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა

ადისონის დაავადების დროს კორტექსი (ქერქი) დაზიანებულია და არ წარმოქმნის ნორმალური რაოდენობის ჰორმონებს. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ თირკმელზედა ჯირკვლის პირველად უკმარისობას.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ძირითადად აუტოიმუნური დაავადებით აიხსნება. უცნობი მიზეზების გამო, იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს თირკმელზედა ჯირკვალს და თავს ესხმის მას.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ტუბერკულოზი 
  • თირკმელზედა ჯირკვლის სხვა ინფექციური დაავადებები 
  • სიმსივნე თირკმელზედა ჯირკვალში 
  • სისხლდენა თირკმელზედა ჯირკვალში


თირკმელზედა ჯირკვლის მეორეული უკმარისობა

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ჰიპოფიზის დაავადებების ფონზეც ვითარდება. ჰიპოფიზი გამოყოფს ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქს, ხოლო ქერქი წარმოქმნის თავის ჰორმონებს. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის უკმარისობა იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობასაც, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დაზიანება ჯირკვალში არ არის. ამ მდგომარეობას თირკმელზედა ჯირკვლის მეორეულ უკმარისობას უწოდებენ.
მეორეული უკმარისობის სხვა გამომწვევი მიზეზი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ მიღებული კორტიკოსტეროიდებია. ასეთი დაავადებებია: ასთმა, ართრიტი ან კორტიკოსტეროიდების მიღების სწრაფი შეწყვეტა.

ადისონის კრიზი

თუ გაქვთ ადისონის დაავადება და არ მკურნალობთ, შესაძლოა განვითარდეს კრიზი ფიზიკური სტრესის, დაზიანების, ინფექციისა და სხვა დარღვევების ფონზე.

სიმპტომები

ადისონის დაავადებების სიმპტომები ვითარდება თანდათანობით, რამდენიმე თვის განმავლობაში და მოიცავს:

  • კუნთის სისუსტე და დაღლილობა
  • წონის კლება და უმადობა
  • კანის ფერის გამუქება
  • დაბალი წნევა, გონების დაკარგვა
  • მარილის მიღების გაძლიერებული სურვილი
  • გლუკოზის დაბალი შემცველობა სისხლში (ჰიპოგლიკემია)
  • თავბრუსხვევა, ფაღარათი და გულისრევა
  • კუნთის ან სახსრის ტკივილი
  • გაღიზიანებადობა
  • დეპრესია
  • თმის გაცვენა ან სქესობრივი დისფუნქცია ქალებში
  • თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ადისონის კრიზი)


ზოგჯერ,ადისონის დაავადების სიმპტომები უცაბედად ვითარდება. თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის დროს (ადისონის კრიზი) ვლინდება სიმპტომები და ნიშნები:

  • წელის, მუცლის ან ფეხების ტკივილი
  • გულისრევა, ფაღარათი, გაუწყლოება
  • დაბალი არტერიული წნევა
  • ცნობიერების დაკარგვა
  • კალიუმის მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერკალემია)


როდის მივმართოთ ექიმს

  • მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს:
  • კანის გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია)
  • მწვავე დაღლილობა
  • წონის უჩვეულო დაკლება
  • მომნელებელი სისტემის პრობლემები, თავბრუსხვევა, გულისრევა, მუცლის ტკივილი
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
  • მარილის მიღების გაძლიერებული სურვილი
  • კუნთის ან სახსრის ტკივილი
  • თქვენი ექიმი დაადგენს გაქვთ თუ არა ადისონის დაავადება ან სხვა პათოლოგია, რომელიც იწვევს ამ სიმპტომებს.