აფაზია

დაავადების აღწერა

აფაზიის დროს ადამიანს უჭირს კომუნიკაცია. აფაზია ეხება მეტყველების, წერის, გააზრების უნარს, როგორც ზეპირ, ასევე წერითი ფორმით.

აფაზია ძირითადად უცაბედად ვითარდება, ინსულტის ან თავის დაზიანების შემდეგ, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ნელა მზარდი ტვინის სიმსივნის გამოც განვითარდეს ან პროგრესიული, დეგენერაციული დაავადებების ფონზე. დაზიანების პროგნოზს განაპირობებს დაზიანების ადგილმდებარეობა, სიმძიმე და გამომწვევი მიზეზი.

თუ მიზეზი დადგენილია, აფაზიის სამკურნალოდ მეტყველების თერაპიაა საჭირო. ამ დროს პაციენტი სწავლობს მეტყველებას, ენის უნარებს და იყენებს კომუნიკაციის სხვა გზებს. ოჯახის წევრები ხშირად მონაწილეობენ ასეთ სეანსებში, რაც ეხმარება პაციენტს საკომუნიკაციოდ.

გამომწვევი მიზეზი

აფაზიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ინსულტის (ტვინის სისხლძარღვის ბლოკადა ან გასკდომა) გამო ტვინის დაზიანებაა. სისხლის დინების შეწყვეტა იწვევს მეტყველების მაკონტროლირებელი ცენტრების დაზიანებას.

აფაზია ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტრავმის, სიმსივნის, ინფექციის ან დეგენერაციული დაავადებების მიერ. ასეთ შემთხვევებში, აფაზიას თან ახლავს სხვა კოგნიტიური პრობლემები, როგორიცაა მეხსიერების პრობლემები და დაბნეულობა.

პირველადი პროგრესიული აფაზია ტერმინია, რომელიც თანდათანობით განვითარებულ აფაზიას აღწერს. ამ დროს ტვინის უჯრედები მეტყველების ცენტრებში ნელნელა ზიანდება, დეგენერირდება. ასეთი ტიპის აფაზია ხშირად უფრო გენერალიზებულ დემენციაში გადაიზრდება.

ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს აფაზიის დროებითი ეპიზოდები, მაგალითად შაკიკის, გულყრის, გარდამავალი იშემიური შეტევის დროს. გარდამავალი იშემიური შეტევა ვითარდება, როცა სისხლის დინება დროებით წყდება ტვინის რომელიმე არეში. პაციენტებს, როლებსაც ჰქონდათ გარდამავალი შეტევა, აქვთ გაზრდილი რისკი ახლო მომავალში ინსულტის განვითარებისა.

სიმპტომები

აფაზია სხვა რაიმე დაავადების ნიშანია, როგორიცაა ინსულტი ან სიმსივნე.

აფაზიით დაავადებული პაციენტი:

  • საუბრობს მოკლე, დაუსრულებელი წინადადებებით
  • წინადადებებს არ აქვს შინაარსი
  • ცვლის ერთ სიტყვას მეორეთი ან ერთ ბგერას მეორეთი
  • იყენებს არარსებულ სიტყვებს
  • ვერ იაზრებს სხვა ადამიანების საუბარს
  • წერს წინადადებებს, რომელთაც შინაარსი არ აქვთ
  • ამ პრობლემის სიმძიმე განისაზღვრება დაზიანების ადგილმდებარეობითა და ტიპით.


 
აფაზიის ტიპები

  • თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ტერმინები: მეტყველების დაზიანებით მიმდინარე აფაზია, მეტყველების შენარჩუნებით მიმდინარე აფაზია და გლობალური აფაზია.
  • მეტყველების დაზიანებით მიმდინარე აფაზია. თავის ტვინის მარცხენა შუბლის წილში მდებარე სამეტყველო არეს დაზიანება ძირითადად იწვევს ბროკას აფაზიას, იგივე ექსპრესიული აფაზია. ასეთი პაციენტები ზოგჯერ სიტყვებსაც კი ვერ ამბობენ, შეიძლება შეადგინონ მოკლე წინადადებები, სიტყვების გამოტოვებით. პაციენტმა შეიძლება თქვას “სიარული, პარკში, დღეს”. მსმენელი ძირითადად იგებს შინაარსს.
  • ბროკას აფაზიით დაავადებულები ძირითადად იაზრებენ სხვის ნათქვამს. მათ ესმით, რომ უჭირთ მეტყველება და ხშირად ღიზიანდებიან ამის გამო. ბროკას აფაზიას შეიძლება თან ახლდეს მარცხენამხრივი პარალიზი ან სისუსტე.
  • მეტყველების შენარჩუნებით მიმდინარე აფაზია. ამ ფორმის აფაზიის დროს პაციენტი საუბრობს თავისუფლად, გრძელი, რთული წინადადებებით, რომლებსაც არანაირი შინაარსი ან აზრი არ აქვს. ასევე იყენებს არარსებულ ან არასაჭირო სიტყვებს. მათ არ ესმით სხვისი ნათქვამი და ვერ იაზრებენ, რომ აქვთ მეტყველების პრობლემა. ამ ტიპის აფაზიას ვერნიკეს აფაზიასაც უწოდებენ და გამომწვევი მიზეზია შუა მარცხენა წილის დაზიანება.
  • გლობალური აფაზია. გლობალური აფაზია გამოწვეულია მეტყველების არეების ვრცელი დაზიანებით. ასეთ პაციენტებს აქვთ მძიმე დეფიციტები აღქმისა და ექსპრესიის კუთხით.



როდის მივმართოთ ექიმს
აფაზია ხშირად მძიმე პრობლემის ნიშანია (ინსულტი), ამიტომ მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ სწრაფად განგივითარდათ:

  • მეტყველების უნარის დაქვეითება
  • სხვისი ნათქვამის აღქმის უნარის დაკარგვა
  • სიტყვების გახსენების უნარის დაქვეითება
  • კითხვის ან წერის დროს პრობლემები