აკნე
დაავადების აღწერა
აკნე ყველაზე ხშირად თინეიჯერებში გვხვდება, ამ პოპულაციის 70–80% პროცენტში. მატულობს აკნეს შემთხვევები ბავშვებშიც.
აკნე შესაძლოა იყოს მძიმე და გამოიწვიოს როგორც ემოციური პრობლემები, ასევე კანზე შრამების გაჩენა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით ნაკლებია ამ მუდმივი ცვლილებების განვითარების რისკი.
გამომწვევი მიზეზი
აკნეს ოთხი მთავარი ფაქტორი იწვევს:
- ცხიმის წარმოქმნა
- კანის მკვდარი უჯრედები
- დახშული ფორები
- ბაქტერიები
- აკნე ძირითადად გვხვდება სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, ზურგსა და მხრებზე. კანი ამ რეგიონებში მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით. აკნე კი თმის ფოლიკულების ცხიმით ან მკვდარი უჯრედებით დახშობის შედეგად ვითარდება.
- თმის ფოლიკულები დაკავშირებულია ცხიმოვან ჯირკვლებთან. ეს ჯირკვლები გამოყოფენ ცხიმოვან ნივთიერებას, რომელიც კანსა და თმას ატენიანებს. ცხიმოვანი ნივთიერება ნორმაში მიყვება თმას და გამოდის თმასთან ერთად ფოლიკულებიდან კანის ზედაპირზე.
- როცა კანი ზედმეტ ცხიმს წარმოქმნის ან გვაქვს მკვდარი უჯრედები, შესაძლოა ეს ყველაფერი დაგროვდეს და გაიჭედოს თმის ფოლიკულებში. ასეთი გროვები ქმნიან რბილ საცობს, რომელიც ბაქტერიებისათვის კარგი ნიადაგია. თუ საცობები ბაქტერიით დაინფიცირდა, იწყება ანთებითი პროცესი.
- დახშული ფორა შესაძლოა გამოიბურცოს და მივიღოთ თეთრთავიანი გამონაყარი. ზოგჯერ კი საცობი ღიად რჩება, შეხება აქვს ზედაპირთან, მუქდება და გვაძლევს შავთავიან გამონაყარს. ასეთ საცობებს ჭუჭყსაც კი ადარებენ, თუმცა სინამდვილეში ბაქტერიები და ცხიმია, რომელიც ჰაერთან შეხებისას მუქდება.
- მუწუკები წითელი გამონაყარია, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა ფორა ინფიცირდება ბაქტერიით და წარმოიქმნება ჩირქი. დახშობა და ანთება კისტების მსგავს შეშუპებებს გვაძლევს კანქვეშ. კანის სხვა ფორები, როგორიცაა საოფლე ჯირკვლები, ძირითადად არაა ჩართული აკნეს განვითარებაში.
ფაქტორები, რომლებიც ამძიმებენ აკნეს
ეს ფაქტორები იწვევენ ან აუარესებენ აკნეს მიმდინარეობას:
- ჰორმონები. გოგონებსა და ბიჭებში, გარდატეხის ასაკის დროს, იმატებს ჰორმონი–ანდროგენები, რომლის ზემოქმედებითაც დიდდება ცხიმოვანი ჯირკვლები და წარმოიქმნება მეტი ცხიმი. ფეხმძიმობის ან ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი ჯირკვლების ცვილებები. ანდროგენების ნაკლებობამ ქალებში ასევე შეიძლება გამოიწვიოს აკნე.
- გარკვეული მედიკამენტები. კორტიკოსტეროიდები, ანდროგენები და ლითიუმი იწვევს აკნეს გამწვავებას.
- დიეტა. გარკვეული კვლევები ადასტურებს, რომ დიეტური ფაქტორები, მაგალითად რძის პროდუქტების მიღება, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები (პური, გამომცხვარი ნაწარმი, ჩიფსი) ამძაფრებს აკნეს. მიიჩნევა, რომ შოკოლადიც ამწვავებს ამ მდგომარეობას. ახლანდელი კვლევა აკნეთი დაავადებულ 14 ადამიანში ადასტურებს, რომ შოკოლადი ნამდვილად იწვევს გაუარესებას. საჭიროა კიდევ უფრო მეტი კვლევა და ძიება, თუ რატომ ხდება ეს და უნდა გაითვალისწინონ თუ არა აკნეთი დაავადებულმა ადმიანებმა გარკვეული დიეტური შეზღუდვები.
- სტრესი. სტრესი აუარესებს აკნეს.
მითები აკნეს შესახებ
ამ ფაქტორებს თითქმის არ აქვთ გავლენა აკნეზე:
- ცხიმიანი საკვები. ცხიმის მიღება არ აუარესებს ან იწვევს აკნეს, თუმცა ცხიმთან შეხება, მაგალითად სამზარეულოში მუშაობისას ნამდვილად ამძიმებს აკნეს, რადგან კანს ცხიმი ეხება და კიდევ უფრო ახშობს ფორებს.
- ჭუჭყიანი კანი. აკნეს ჭუჭყი არ იწვევს. პირიქით, კანის ზედმეტად გახეხვა, გაწმენდა აღიზიანებს მას და აუარესებს აკნეს. თუ ცხიმს და მკვდარ უჯრედებს რბილად მოვაშორებთ, რა თქმა უნდა დაეხმარება აკნეს მიმდინარეობას.
- კოსმეტიკა. კოსმეტიკა ყოველთვის არ აუარესებს აკნეს, მითუმეტეს თუ უცხიმო მაკიაჟს იყენებთ, რომელიც არ ახშობს ფორებს (არაკომედოგენური) და იშორებთ მაკიაჟს რეგულარულად. უცხიმო კოსმეტიკა არ უშლის ხელს აკნეს საწინააღმდეგო მედიკამენტებს.
სიმპტომები
აკნეს სიმპტომები და ნიშნები მისი სიმძიმის მიხედვით სხვადასხვანაირია:
- თეთრთავიანი წერტილები (დახურული, დახშული ფორები)
- შავთავიანი წერტილები (ღია, დახშული ფორები– რაც ნიშნავს რომ ფორაში ცხიმია, რომელიც ჰაერთან შეხებისას ყავისფერდება, ანუ ფორა მთლიანად დახურული არ არის)
- პატარა, წითელი, მტკივნეული ამობურცულობა (პაპულები)
- ჩირქიანი პუსტულები (ე.წ “პრიშიკი”, მუწუკები)
- დიდი, გამაგრებული, მტკივნეული ამობურცულობა კანქვეშ (ნოდულები)
- მტკივნეული, ჩირქით სავსე გამონაყარი კანქვეშ (კისტური გამონაყარი)
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ მკურნალობა სახლის პირობებში არ გშველით, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს. მას შეუძლია უფრო ძლიერი მედიკამენტები შემოგთავაზოთ. თუ აკნე ვერ ალაგდა და მძიმეა, შესაძლოა დაგჭირდეთ კონკრეტულად დერმატოლოგის კონსულტაციაც.
- ამერიკის საკვებისა და ფარმაცევტულ პროდუქტების მაკონტროლებელი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აკნეს სამკურნალო ზოგიერთი პოპულარული ლოსიონი, გამწმენდი შესაძლოა იწვევდეს მძიმე რეაქციას კანზე. ასეთი შემთხვევები იშვიათია და არ უნდა აგვერიოს უბრალოდ გაწითლება–მოქავებაში ჩვეულებრივი მედიკამენტების გამოყენების დროს.
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ გამოიყენეთ აკნეს საწინააღმდეგო რომელიმე პროდუქტი და გაქვთ:
- გულის წასვლის შეგრძნება
- სუნთქვის გაძნელება
- თვალების, სახის, ტუჩების, ენის შესიება
- მოჭერის შეგრძნება ყელში