აკრომეგალია

დაავადების აღწერა

აკრომეგალია ჰორმონული დაავადებაა, რომელიც მოზრდილ ასაკში, ჰიპოფიზის მიერ დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის სინთეზის გამო ვითარდება. ასეთ დროს ზედმეტად იზრდება ძვლები, განსაკუთრებით ხელების, ფეხებისა და სახის შემადგენელი ძვლები. აკრომეგალია ძირითადად შუახნის ასაკის მოზრდილ ადამიანებს ემართებათ.

 

ბავშვებში, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან, ამ ჰორმონის დიდი რაოდენობა სხვა მდგომარეობას– გიგანტიზმს იწვევს. ასეთ ბავშვებს ძვლების ზედმეტი ზრდა და სიმაღლის სწრაფი მომატება ახასიათებთ.

რადგან აკრომეგალია იშვიათია და ფიზიკური ცვლილებები თანდათანობით ვითარდება, ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა არ ხდება. ზოგჯერ დიაგნოზი რამდენიმე წლის შემდეგ ისმება. მკურნალობის გარეშე, აკრომეგალია მძიმე დაავადებებს იწვევს და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყოს. თუმცა, დღევანდელი მკურნალობის მეთოდები ამცირებს გართულების რისკს და აუმჯობესებს სიმპტომებს, გარკვეული რეგიონების ზრდასაც კი.

გამომწვევი მიზეზი

აკრომეგალია ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის ზედმეტად დიდი რაოდენობით სინთეზის გამო ვითარდება. ჰიპოფიზი პატარა ჯირკვალია, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს, დაახლოებით ცხვირის სიბრტყეზე და წარმოქმნის რამდენიმე ჰორმონს. ზრდის ჰორმონი ფიზიკური ზრდის მთავარი მაკონტროლებელი ნივთიერებაა.

 

როდესაც ზრდის ჰორმონი გამოიყოფა სისხლში, იგი ასტიმულირებს ღვიძლს, რომელიც წარმოქმნის ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორს. ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი აძლიერებს ძვლებისა და სხვა ქსოვილების ზრდას. თუ ჰიპოფიზი წარმოქმნის ზედმეტ ზრდის ჰორმონს, ასევე დიდი რაოდენობით ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი გვექნება, ეს კი გვაძლევს ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიურ გადიდებას.


მოზრილებში, ზრდის ჰორმონის მომატებული რაოდენობის მიზეზი ძირითადად სიმსივნეა:

  • ჰიპოფიზის სიმსივნეები. აკრომეგალიის გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანი ჰიპოფიზური სიმსივნეა (ადენომა). სიმსივნე წარმოქმნის ზედმეტ ზრდის ჰორმონს, რაც გამოიხატება აკრომეგალიით. აკრომეგალიის თანმხლები სხვა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება გამოწვეულია სიმსივნის მიერ ახლომდებარე სტრუქტურებზე დაწოლით.
  • არაჰიპოფიზური სიმსივნეები. აკრომეგალიის იშვიათ ვარიანტებში, სხეულის სხვა ნაწილების სიმსივნეები (ფილტვები, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვალი) არიან პასუხისმგებელი ზრდის ჰორმონის მომატებულ სეკრეციაზე. ზოგჯერ ეს სიმსივნეები პირდაპირ ზრდის ჰორმონს გამოყოფენ, ზოგჯერ კი წარმოქმნიან ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებისათვის აუცილებელ ფაქტორს, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზს და გამოიყოფა დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონი.

სიმპტომები

აკრომეგალიის ყველაზე ხშირი სიმპტომი ხელებისა და ფეხების გადიდებაა. პაციენტები ამჩნევენ, რომ ვეღარ იკეთებენ ბეჭედს, რომელიც ადრე ეკეთათ ან ძალიან გაიზარდა მათი ფეხსაცმლის ზომა.

 

აკრომეგალია სახის ფორმებზეც მოქმედებს, გამოწეულია ქვედა ყბა და კიკაპი, დიდდება ცხვირი, სქელდება ტუჩები და მეტი დაშორებაა კბილებს შორის.

რადგანაც აკრომეგალია ნელა პროგრესირებს, ადრეული ნიშნები წლობით არ ვლინდება. ზოგჯერ, პაციენტები ძველი ფოტოების ყურებისას ხვდებიან, რომ შეიცვალნენ.

აკრომეგალიამ შეიძლება გამოწვიოს ეს ნიშნები და სიმპტომები, თუმცა სხვადასხვა პაციენტში გამოვლინება განსხვავდება:

  • ხელებისა და ფეხების გადიდება
  • სქელი, გადიდებული სახის ნაკვთები
  • სქელი, ცხიმიანი კანი
  • მოჭარბებული ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი
  • მცირე გამონაზადები კანზე
  • დაღლილობა და კუნთების სისუსტე
  • ღრმა, ჩახლეჩილი ხმა სახმო იოგებისა და სინუსების გადიდების გამო
  • ძლიერი ხვრინვა ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამო
  • მხედველობის დაქვეითება
  • თავის ტკივილი
  • ენის გადიდება
  • ტკივილი და სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში
  • ერექციული ფუნქციის დარღვევა კაცებში
  • გადიდებული ღვიძლი, გული, ელენთა და სხვა ორგანოები
  • გაზრდილი გულმკერდის გარშემოწერილობა (კასრისებრი გულმკერდი)


როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ აკრომეგალიის ნიშნები აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • აკრომეგალია ძირითადად თანდათან ვითარდება, ამიტომ შესაძლოა ოჯახის წევრებმაც კი ვერ შენიშნონ გარკვეული ცვლილებები. ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, მკურნალობის სწრაფად დაწყებისათვის. მკურნალობის გარეშე, აკრომეგალიას მძიმე გართულებები შეიძლება მოყვეს.