აკუსტიკური ნეირომა

დაავადების აღწერა

აკუსტიკური ნეირომა იშვიათი, კეთილთვისებიანი და ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება შიდა ყურიდან ტვინში მიმავალ მთავარ ნერვზე. ან ნერვის ტოტები სმენისა და ბალანსის უნარებზე მოქმედებენ, ამიტომ ნეირომის მიერ გამოწვეული დაწოლა შესაძლოა სმენის დაკარგვასა და ბალანსის დარღვევებში გადაიზარდოს.

 

ამ სიმსივნის მეორე სახელი ვესტიბულური შვანომაა. სიმსივნე ნელა იზრდება ან შესაძლოა საერთოდაც არ გაიზარდოს. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ის სწრაფად იზრდება და ტვინზე დაწოლით ხელს უშლის ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებს.

აკუსტიკური ნეირომის მკურნალობა შედგება რეგულარული დაკვირვების, რადიაციული თერაპიისა და ქირურგიული ჩარევისაგან.

გამომწვევი მიზეზი

აკუსტიკური ნეირომის (სიმსივნე, რომელიც ბალანსისა და სმენის ნერვზე ვითარდება) შესაძლო გამომწვევი მიზეზი 22–ე ქრომოსომაზე არსებული გენის დაზიანებაა. ნორმაში, ეს გენი წარმოქმნის ცილს, რომელიც აკონტროლებს შვანის უჯრედების ზრდას. შვანის უჯრედები ნერვებს შემოსაზღვრავენ. რა იწვევს გენის დაზიანებას, უცნობია. დღესდღეობით არც ამ დაავადების განვითარების შესაძლო რისკ–ფაქტორებია ცნობილი.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი დაზიანებული გენი გვხვდება მეორე ტიპის ნეიროფიბრომატოზის დროსაც, რომელიც გენეტიკური სიმსივნური დაავადებაა და იწვევს ორმხრივ ნევრომებს (ბილატერალური ვესტიბულური შვანომა).

სიმპტომები

აკუსტიკური ნეირომის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა სმენითი ნერვის კომპრესიის გამო განვითარდეს ან მის გვერდით მდებარე ნერვების, სისხლძარღვებისა და ტვინის სტრუქტურების დაწოლის გამო.

 

როცა სიმსივნე იზრდება, მეტად გამოვლინდება გარკვეული ნიშნები და სიმპტომები, თუმცა სიმსივნის ზომა ყოველთვის არ ასახავს მისი ეფექტის სიმძიმეს. პატარა სიმსივნესაც შეუძლია გამოიწვიოს გამოხატული დაზიანებები.

შესაძლოა გქონდეთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • სმენის დაქვეითება, ძირითადად თანდათანობით, თუმცა ზოგჯერ უცაბედად, მხოლოდ ერთ მხარეს ან უფრო მეტად ერთ მხარეს
  • შრიალი, ხმაური ყურში
  • ბალანსის დაკარგვა
  • თავბრუსხვევა (ვერტიგო)
  • სახის დაბუჟება და იშვიათად, სისუსტე
  • იშვიათ შემთხვევებში, ნეირომა შესაძლოა ისე გაიზარდოს, რომ ტვინის ღეროს დააწვეს და გახდეს სიცოცხლისთვის საშიში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ სმენის დაქვეითებას ერთ ყურში, ხმაურს ყურში ან ბალანსის უნარის დაკარგვას. ადრეული დიაგნოსტიკით სიმსივნე გაკონტროლდება და იმ ზომას ვერ მიაღწევს, რომელიც იწვევს მძიმე კლინიკურ შედეგს. შესაძლო გართულებებია სმენის სრული დაკარგვა ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა– სითხის დაგროვება თავის ქალაში.