ალერგია

დაავადების აღწერა

ალერგია ვითარდება, როცა ორგანიზმი რეაქციას აყალიბებს უცხო ნივთიერების მიმართ, რომელიც სხვა ადამიანებში იმავე რეაქციას არ იწვევს. ასეთებია: მტვერი, ფუტკრის შხამი, ცხოველის ბეწვი.

იმუნური სისტემა წამოქმნის ანტისხეულებს. ზოგიერთი ანტისხეული გიცავთ სხვადასხვა ნივთიერებისგან/ორგანიზმისგან, რომელსაც შეუძლია ავადმყოფობა ან ინფექცია გამოიწვიოს.

როცა ალერგია გაქვთ, ანტისხეულები გარკვეულ ნივთიერებას საშიშ ალერგენად აღიქვამენ, თუნდაც ეს ნივთიერება სინამდვილეში უვნებელი იყოს. როცა ალერგენთან კონტაქტი გაქვთ, იმუნური სისტემა იწვევს ანთებით რეაქციებს კანში, სინუსურ ღრუებში, სასუნთ გზებსა და მომნელებელ სისტემაში.

ალერგიის სიმძიმე განსხვავდება სხვადასხვა ადამიანში და შეიძლება ვარირებდეს მცირე გაღიზიანებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ალერგიების უმრავლესობა არ იკურნება, თუმცა მკურნალობა ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას.

გამომწვევი მიზეზი

ალერგია იწყება მაშინ, როცა იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს უვნებელ ნივთიერებას უცხო საშიშ ორგანიზმად/ნივთიერებად. წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც კონკრეტული ალერგენის წინააღმდეგ მოქმედებენ. თუ ალერგენთან კონტაქტი კიდევ ერთხელ მოხდება, ანტისხეულები უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას, როგორიცაა ჰისტამინი. ეს პროცესი იწვევს ალერგიის სიმპტომებს.

ალერგიის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • ალერგენები ჰაერში, როგორიცაა მტვერი, ცხოველის ბეწვი, ტკიპა, ა.შ
  • გარკვეული საკვები, განსაკუთრებით მიწის თხილი, ხორბალი, სოიო, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძე
  • მწერის ნაკბენი, როგორიცაა ფუტკარი ან კრაზანა
  • მედიკამენტები, განსაკუთრებით პენიცილინი ან პენიცილინზე დაფუძნებული ანტიბიოტიკი
  • ლატექსი ან სხვა ნივთიერებები შეხებისას იწვევენ კანის ალერგიულ რეაქციებს.

სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები ნივთიერების ტიპის მიხედვით განსხვავდება და შეიძლება მოიცავდეს სასუნთქ გზებს, სინუსებს, ცხვირის ღრუს, კანსა და მომნელებელ სისტემას. ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. გარკვეულ შემთხვევებში, ალერგია ანაფილაქსიურ შოკსაც იწვევს, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა.

ალერგიული რინიტის (“ქრონიკული სურდო”) სიმპტომებია:

  • ცემინება
  • ცხვირის, თვალების, პირის ღრუს ქავილი
  • ცხვირის ღრუს დახშობა ან გამონადენი ცხვირიდან
  • ცრემლიანი, წითელი, შესიებული თვალები (კონიუქტივიტი)
  • საკვების ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • უჩვეულო დაბუჟება პირის ღრუში
  • ტუჩების, ენის, სახის ან ხახის შესიება
  • ალერგიული გამონაყარი
  • ანაფილაქსია
  • მწერის ნაკბენზე ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • შესიების დიდი არე (ედემა) ნაკბენთან
  • ქავილი ან გამონაყარი მთელ სხეულზე
  • ხველა, მოჭერითი შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინი ან სუნთქვის უკმარისობა
  • ანაფილაქსია
  • მედიკამენტურმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • ალერგიული გამონაყარი
  • კანის ქავილი
  • სხვა გამონაყარი
  • სახის შესიება
  • ხიხინი
  • ანაფილაქსია


ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) ხასიათდება:

  • ქავილი კანზე
  • წითელი კანი
  • აქერცლილი კანი
  • ანაფილაქსია
  • ზოგიერთი ტიპის ალერგიას (საკვებზე, ნაკბენზე) შეიძლება მოჰყვეს ანაფილაქსია. ანაფილაქსია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც შოკით სრულდება. ნიშნები და სიმპტომებია:
  • გონების დაკარგვა
  • არტერიული წნევის სწრაფი კლება
  • მწვავე სუნთქვის უკმარისობა
  • გამონაყარი კანზე
  • თავბრუსხვევა
  • სწრაფი, სუსტი გულისცემა
  • გულისრევა და ღებინება


როდის მივმართოთ ექიმს

  • მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ალერგიის რომელიმე სიმპტომი, მითუმეტეს, თუ შეამჩნევთ, რომ კონკრეტული ნივთიერება იწვევს ამ სიმპტომს. თუ ახალი მედიკამენტის მიღების შემდეგ დაგეწყოთ ალერგია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
  • ანაფილაქსიის ნიშნების დროს დარეკეთ 112ზე. თუ თან დაგაქვთ ეპინეფრინის ავტო–ინექცია (ეპიფენი და სხვ.) გამოიყენეთ იგი.
  • თუ სიმპტომები შემსუბუქდა ეპინეფრინის ინექციის შემდეგ, მაინც მიიღეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება რათა უზრუნველყოთ სიმპტომების სრული გაქრობა.
  • თუ გქონიათ ალერგიის შეტევა ან ანაფილაქსია წარსულში, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. კლინიკური შეფასება, დიაგნოზი და გრძელვადიანი მკურნალობა აუცილებელი და რთულია, ამიტომ ალბათ მოგიწევთ ალერგოლოგთან ან იმუნოლოგთან კონსულტაციაც.