ალერგია ხორბალზე

დაავადების აღწერა

ხორბალზე ალერგია წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას ხორბლის შემცველ საკვებზე. ალერგიული რეაქცია ვითარდება როგორც ხორბლის მიღებით, ასევე რიგ შემთხვევებში დაფქვილი ხორბლის ჩასუნთქვით. ხორბალს ბევრი საკვები შეიცავს. ზოგიერთი მათგანის შესახებ ადამიანმა შესაძლოა არც იცოდეს: ლუდი, სოიოს სოუსი და კეტჩუპი.

ხორბალზე ალერგიის მკურნალობა, პირველ რიგში, მოიცავს ხორბლის შემცველი საკვების მიღებისგან თავის არიდებას. ხორბლის შემთხვევით მიღების შემთხვევაში ალერგიული რეაქციის დასარეგურილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობა.

ხორბალზე ალერგია ხშირად ერევათ ცელიაკიაში, თუმცა ეს ორი დაავადება ერთმანეთისგან განსხვავდება. ხორბალზე ალერგია ვითარდება ხორბლის შემადგენლობაში არსებული ცილების მიმართ ანტისხეულების გამომუშავების შედეგად. ცელიაკიას მქონე ადამიანებში ხორბალში შემავალი კოკრეტული ცილა გლუტენი იწვევს იმუნური სისტემის არანორმალურ რეაქციას

გამომწვევი მიზეზი

თუ გაქვთ ალერგია ხორბალზე, ხორბლის მიღებისას იმუნური სისტემა ალერგიულ რეაქციებს ავითარებს. ალერგია ხორბლის შემადგენელ 4 რომელიმე ცილაზე შეიძლება გქონდეთ: ალბუმინი, გლობულინი, გლიადინი და გლუტენი.

ხორბლის ცილების წყაროები

ხორბლის ცილების ზოგიერთი წყარო თვალსაჩინოა, როგორიცაა პური, მაგრამ ხორბლის ცილები, განსაკუთრებით გლუტენი, სხვა მრავალ საკვებ ნივთიერებაშიც შედის და ზოგჯერ კოსმეტიკის, ჰიგიენის პროდუქტებისა და ბავშვების სათამაშოების ნაწილიცაა. საკვები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ხორბლის პროდუქტს:

  • პური და პურის პროდუქტები
  • ნამცხვარი და მაფინები
  • ორცხობილები
  • ხლოპიები
  • მაკარონი–პასტა
  • კუსკუსი
  • ფარინა
  • სემოლინა
  • კრეკერები
  • ლუდი
  • ჰიდროლიზებული ბოსტნეულის ცილა
  • სოიოს სოუსი
  • ზოგიერთი საწებელი, მაგალითად კეჩუპი
  • ხორცის პროდუქტები, ჰოთ დოგი
  • რძის პროდუქტები, ნაყინი
  • ბუნებრივი გემოს მისაღები ნივთიერებები
  • ჟელატინირებული სახამებელი
  • საკვები სახამებელი
  • ბოსტნეულის კევი
  • წვენები
  • ჟელიბონი
  • მაგარი სასუსნავი



თუ გაქვთ ალერგია ხორბალზე, შესაძლოა გქონდეთ იგივე რეაქცია ხორბლის მსგავს სხვა ნივთიერებებზეც, მაგრამ ალბათობა საკმაოდ დაბალია. თუ არ ხართ ალერგიული სხვა ტიპის მარცვლეულზე, ხორბლისაგან თავისუფალი დიეტა უფრო მარტივი დასაცავია, ვიდრე გლუტენისაგან თავისუფალი დიეტა.

ხორბალზე დამოკიდებული, ვარჯიშით ინდუცირებული ანაფილაქსია

ხორბალზე ალერგიულ ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები მხოლოდ ვარჯიშის დროს უვლინდება, მას შემდეგ რაც ხორბლის მიღებიდან რამდენიმე საათი გავა. ვარჯიშით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში ალერგიულ რეაქციას უწყობს ხელს, ან აუარესებს იმუნური სისტემის პასუხს ხორბლის წინააღმდეგ. ეს მდგომარეობა ხშირად სიცოცხლისათვის საშიშ ანაფილაქსიასაც იწვევს.

სიმპტომები

ხორბალზე ალერგიის მქონე ბავშვს ან მოზრდილ ადამიანს ხორბლის შემცველი საკვების მიღებიდან სიმპტომები რამდენიმე წუთში ან საათში უვითარდება:

  • შესიება, ქავილი ან გარიზიანება პირის ღრუს ან ყელის არეში
  • ამობურცული ან ქავილის გამომწვევი გამონაყარი და შესიება კანზე
  • ცხვირის ღრუს დახშობა
  • თავის ტკივილი
  • ქავილის გამომწვევი, ჭარბცრემლიანი თვალები
  • სუნთქვის გაძნელება
  • სპაზმები, გულისრევის შეგრზნება ან ღებინება
  • ფაღარათი
  • ანაფილაქსია



მცირეწლოვან ბავშვებში, ხშირად, ალერგია 3–5 წლის ასაკში გაივლის.

ანაფილაქსია

ზოგიერთ ადამიანში, ალერგია იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ რეაქციას– ანაფილაქსიას. ხორბალზე ალერგიის სხვა ნიშნებისა და სიმპტომების გარდა, ანაფილაქსიამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ხახის შეშუპება
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის გაძნელება
  • ყლაპვის გაძნელება
  • სიფერმკრთალე, კანის გალურჯება
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
  • გულისცემის აჩქარება



როდის მივმართოთ ექიმს

თუ ვინმეს თქვენს გარშემო აქვს ანაფილაქსიის სიმპტომები, დარეკეთ 112–ზე, რადგან ანაფილაქსია გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს ალერგია ხორბალზე ან სხვა საკვებ ნივთიერებაზე, მიმართეთ ექიმს.