ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე

დაავადების აღწერა

თუ გაქვთ ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე, თქვენი იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება, როცა სოკოს სპორებს ჩაისუნთქავთ. ეს იწვევს რეაქციების კასკადის გააქტიურებას, რომლებიც ალერგიული სიმპტომებით ვლინდება. როგორც სხვა ალერგიების დროს, ამ ტიპის ალერგიაშიც გვხვდება ხველა, თვალების ქავილი და სხვ. ზოგიერთ ადამიანში, ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე დაკავშირებულია ასთმასთან და იწვევს სუნთქვის გაძნელებას.

თუ გაქვთ ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე, საუკეთესო თავდაცვა სპორებთან კონტაქტის შემცირებაა. როცა ეს შეუძლებელია, მედიკამენტები დაგეხმარებათ ალერგიული რეაქციების კონტროლში.

გამომწვევი მიზეზი

როგორც სხვა ტიპის ალერგიების დროს, ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე გამოწვეულია ზედმეტად მგრძნობიარე იმუნური სისტემით. როცა ჩაისუნთქავთ მცირე ზომის სოკოს სპორებს, ორგანიზმი ამას უცხო სხეულად აღიქვამს და აყალიბებს რეაქციას.

ალერგიის ერთი შეტევის შემდეგ, იმუნური სისტემა “იმახსოვრებს” ამ უცხო სხეულს და შემდეგი კონტაქტისას კვლავ იწვევს შესაბამის რეაქციებს. რეაქციები გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებით, როგორიცაა ჰისტამინი. ჰისტამინის გამოყოფა იწვევს ქავილს, თვალების აცრემლებას, გამონადენს ცხვირის ღრუდან, ცემინებას და სხვ.

ობის წარმომქმნელი (ნესტის) სოკოები ხშირად გვხვდება როგორც სახლის ისე საგარეო პირობებში. არსებობს სოკოს მრავალი ტიპი, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ფორმები იწვევენ ალერგიას. ერთი ტიპის სოკოზე ალერგიის განვითარება არ ნიშნავს სხვა ტიპის სოკოებზე ალერგიას. ყველაზე ხშირი ალერგიული სოკოებია: ალტერნარია, ასპერგილუსი, კლადოსპორიუმი და პენიცილიუმი.

არაალერგიული რეაქციები

ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე ამ ორგანიზმებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი დაავადებაა, მაგრამ ზოგჯერ ეს სოკოები არაალერგიულ რეაქციებსაც იწვევენ. სოკომ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, გაღიზიანება ან ტოქსიური რეაქცია. ინფექციები ვლინდება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა გრიპის მაგვარი სიმპტომები პნევმონიის დროს ან კანის ინფექციები.

გაღიზიანებითი რეაქცია ყალიბდება, როცა სოკოს მიერ გამოყოფილი ნივთიერებები, აქროლადი ორგანული ნივთიერებები, აღიზიანებს ორგანიზმის ლორწოვანს. სიმპტომები გავს ალერგიულ რეაქციას: თვალების გაღიზიანება, გამონადენი ცხვირიდან, ხველა, ხმის ჩახლეჩა, თავის ტკივილი და კანის გაღიზიანება.

სიმპტომები

ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე იწვევს სასუნთქი გზების მსგავს სიმპტომებს, რომლებიც სხვა ტიპის ალერგიებშიც გვხვდება. ესენია:

  • ცემინება
  • გამონადენი ცხვირის ღრუდან ან ღრუს დაცობა
  • ხველა, ცხვირის გამონადენის ჩაღვრა ხახაში
  • თვალების, ცხვირის ან ყელის ქავილი
  • ცრემლიანი თვალები


ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე სხვადასხვაგვარად გამოვლინდება პაციენტებში და შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე. შესაძლოა სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ ან მხოლოდ ზოგჯერ, ეპიზოდურად გამოვლინდეს. სიმპტომები ზოგჯერ ნესტიან ამინდში რთულდება, ან ვლინდება ასეთი ტიპის სოკოების გავრცელების ადგილებში.

ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე და ასთმა

შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს როგორც ალერგია ობის წარმომქმნელ (ნესტის) სოკოებზე, ასევე ასთმა. ასთმის სიმპტომები ზოგჯერ სოკოს სპორების გამო იწყება. ზოგიერთ ადამიანში, გარკვეული ტიპის სოკოზე ძლიერი ასთმური შეტევა იწყება. ასთმის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხველა
  • სტვენითი სუნთქვა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაჭიმულობა გულმკერდის არეში


როდის მივმართოთ ექიმს

თუ ხანგრძლივად გაქვთ ცხვირის ღრუს დაცობის სიმპტომები, ცემინება, ცრემლიანი თვალები და სხვა შემაწუხებელი ნიშნები, მიმართეთ ექიმს.