ალერგია პენიცილინზე
დაავადების აღწერა
ალერგია პენიცილინზე განპირობებულია იმუნური სისტემის ჭარბი რეაქციით ამ ანტიბიოტიკზე. პენიცილინი გამოიყენება მრავალი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.
პენიცილინზე ალერგიის ხშირი ნიშნები და სიმპტომებია: გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსია– სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება ორგანიზმის რამდენიმე სისტემა.
კვლევებმა აჩვენა, რომ პენიცილინზე ალერგიის დიაგნოსტირება უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ალერგია მართლა არსებობს. ეს იწვევს უფრო ძვირი მკურნალობის ჩატარებას. ამიტომ, აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკა, რათა მომავალში პაციენტმა მიიღოს მისთვის შესაბამისი მკურნალობა.
სხვა ანტიბიოტიკები, რომელთაც პენიცილინის მსგავსი ქიმიური თვისებები აქვთ, ასევე შეიძლება გახდნენ ალერგიის მიზეზი.
გამომწვევი მიზეზი
ალერგია პენიცილინზე განპირობებულია იმუნური სისტემის ჭარბი რეაქციით ამ ანტიბიოტიკზე. ამ დროს იმუნური სისტემა მედიკამენტს უცხო ორგანიზმად აღიქვამს, როგორც ვირუსს ან ბაქტერიას.
ალერგიული რეაქცია მხოლოდ მას შემდეგ ვითარდება, რაც იმუნური სისტემა სენსიტიზირებულია პენიცილინზე. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტის პირველი მიღებისას იმუნური სისტემა მას უცხოდ აღიქვამს და ავითარებს ანტისხეულებს მის წინააღმდეგ.
მედიკამენტის მიღების შემდეგ ჯერზე კი ეს სპეციფიკური ანტისხელები მონიშნავენ მედიკამენტს, როგორც უცხო ორგანიზმს, და დაიწყება იმუნური პასუხი პენიცილინის წინააღმდეგ. ამ დროს გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებები დაკავშირებულია ალერგიული რეაქციის სიმპტომებთან.
პენიცილინთან პირველი შეხება შესაძლოა არ გახსოვდეთ ან ვერ მიხვდეთ, რომ მედიკამენტი მიღებული გაქვთ. გარკვეული კვლევები ამტკიცებს, რომ საკვებთან ერთად მიღებული პენიცილინის რაოდენობა საკმარისია იმუნური სისტემის სენსისიტიზაციისათვის.
პენიცილინი და მსგავსი მედიკამენტები
პენიცილინი მიეკუთვნება ანტიბიოტიკთა დიდ ჯგუფს– ბეტა–ლაქტამებს. ამ ჯგუფის მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანი ინფექციურ ბაქტერიას უჯრედის კედლის წინააღმდეგ ბრძოლით ამარცხებს. პენიცილინების გარდა, ალერგიასთან კიდევ უფრო ხშირად ასოცირდება ამ ჯგუფის სხვა წევრი–ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებიც.
თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია ერთი ტიპის პენიცილინზე, შესაძლოა იყოთ ალერგიული პენიცილინის სხვა ტიპებსა და ცეფალოსპორინებზეც.
პენიცილინებია:
- ამოქსიცილინი
- ამპიცილინი
- დიკლოქსაცილინი
- ოქსაცილინი
- პენიცილინ G
- პენიცილინ V
- პიპერაცილინი
- ტიკარცილინი
ცეფალოსპორინებია:
- ცეფაკლორი
- ცეფადროქსილი
- ცეფაზოლინი
- ცეფდინირი
- ცეფოტეტანი
- ცეფპროზილი
- ცეფუროქსიმი
- ცეფალექსინი
სიმპტომები
პენიცილინზე ალერგიის ნიშნები და სიმპტომები მედიკამენტის მიღებიდან დაახლოებით 1 საათში იწყება. უფრო იშვიათად, რეაქცია რამდენიმე საათში, დღეში ან კვირაში ვითარდება.
ალერგიის სიმპტომებია:
- გამონაყარი კანზე
- ამობურცული კანი
- ქავილი
- ცხელება
- შესიება
- სუნთქვის უკმარისობა
- სტვენითი სუნთქვა
- გამონადენი ცხვირიდან
- ცრემლიანი თვალები, ქავილი
- ანაფილაქსია
ანაფილაქსია
ანაფილაქსია არის იშვიათი, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს ორგანოთა სისტემების მრავლობით დისფუნქციას. ანაფილაქსიის ნიშნები და სიმპტომებია:
- სასუნთქი გზების შევიწროება, სუნთქვის გაძნელება
- გულისრევა, მუცლის მოვლა
- ღებინება ან ფაღარათი
- თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და გონების დაკარგვა
- სუსტი, სწრაფი პულსი
- სისხლის წნევის მნიშვნელოვნად დაცემა(შოკი)
- გულყრა
- ცნობიერების დაკარგვა
პენიცილინზე ალერგიით გამოწვეული სხვა მდგომარეობები
ნაკლებგავრცელებული რეაქციები ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში და შეიძლება კვლავ გამოვლინდეს მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ. ასეთი მაგალითებია:
- შრატის ავადმყოფობა, რომელიც იწვევს ცხელებას, სახსრის ტკივილს, გამონაყარს, შესიებასა და გულისრევას
- მედიკამენტური ანემია– სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რომელიც გამოიხატება დაღლილობით, არითმიებით, სუნთქვის უკმარისობითა და სხვა პრობლემებით
- მედიკამენტური რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, რომელიც იწვევს გამონაყარს, სისხლის თეთრი უჯრედების მოჭარბებას, ზოგად შეშუპებას, ლიმფური კვანძების შეშუპებასა და ჰეპატიტის ინფექციის გააქტიურებას
- თირკმლების ანთება–ნეფრიტი, რომელიც ვლინდება ცხელებით, სისხლიანი შარდით, ზოგადი შეშუპებით, დაბნეულობითა და სხვა სიმპტომებით
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევთ პენიცილინზე ალერგიის რომელიმე სიმპტომს.
დარეკეთ 112–ზე თუ გაქვთ ძლიერი ალერგიული რეაქციის– ანაფილაქსიის მსგავსი სიმპტომები პენიცილინის მიღების შემდეგ.