ალერგია წამლებზე
დაავადების აღწერა
წამლებზე ალერგია გულისხმობს მედიკამენტებზე ორგანიზმის იმუნური სისტემის არასწორ რეაქციას. ნებისმიერი მედიკამენტი- ურეცეპტოდ გაცემული, მხოლოდ რეცეპტით გაცემული თუ მცენარეული – შესაძლოა გახდეს ალერგიის მიზეზი.
წამლებზე ალერგიის ყველაზე ხშირი ნიშნებია გამონაყარი და ცხელება. ალერგიამ შესაძლოა უფრო მძიმე სიმპტომებიც გამოიწვიოს, როგორიცაა ანაფილაქსია- სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ეხება ორგანოთა რამდენიმე სისტემას.
ალერგია წამლებზე არ უნდა გავაიგივოთ წამლის გვერდით ეფექტებთან, რომლებიც მედიკამენტის ყუთზეა ხოლმე ჩამოწერილი. ალერგია წამლებზე ასევე განსხვავდება წამლის ტოქსიური ეფექტისაგან, რომელსაც მედიკამენტის ზედოზირება იწვევს.
გამომწვევი მიზეზი
ალერგია წამალზე ვითარდება როცა იმუნური სისტემა “შეცდომით” ებრძვის მედიკამენტს, რადგან ის მავნებელ ნივთიერებად აღიქმება, როგორც ბაქტერიები და ვირუსები.
უმეტესად, ალერგია წამალზე მაშინ იწყება, როცა ორგანიზმი მგრძნობიარე ხდება ამ წამლის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პირველი მიღებისას იმუნური სისტემა აღიქვამს ამ მედიკამენტს, როგორც მავნებელს და შეიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ამ წამლისადმი სპეციფიკური იქნება.
მედიკამენტის შემდეგ მიღებაზე, სპეციფიკური ანტისხეულები მონიშნავენ წამალს და იმუნური სისტემა დაიწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ დროს გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებები იწვევენ ალერგიული რეაქციისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
შესაძლოა, არ იცოდეთ, პირველად როდის მიიღეთ მედიკამენტი. ამის მიზეზი ისაა, რომ გარკვეული მედიკამენტების უმნიშვნელო კონცენტრაცია შესაძლოა საკვებთან ერთად მიიღოთ, მაგალითად ანტიბიოტიკები, რომლებიც ცხოველის ხორცშია. ეს საკმარისია იმუნური სისტემის მიერ ანტისხეულების შემუშავების დასაწყებად.
ზოგჯერ, ალერგიული რეაქცია სხვა პროცესით ვითარდება. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს იმუნური სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს- T უჯრედს. ეს იწვევს ქიმიური ნივთიერების გამოთავისუფლებასა და ალერგიას. ასეთ შემთხვევებში, ალერგიული რეაქცია შესაძლოა მედიკამენტის პირველი მიღებისთანავე განვითარდეს.
მედიკამენტები, რომლებიც ხშირად იწვევენ ალერგიას
იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერ წამალს შეუძლია ალერგიის გამოწვევა, ზოგიერთი მათგანი უფრო ხშირადაა ასოცირებული ალერგიულ რეაქციებთან. ესენია:
- ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინი
- ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები
- ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი)
- კორტიკოსტეროიდები- კრემები ან ლოსიონები
- აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები
- ფუტკრის მტვერი
- ხველის საწინააღმდეგო მცენარეული ნაყენები
არაალერგიული რეაქცია წამლებზე
ზოგჯერ, რეაქცია წამლებზე იმავე სიმპტომებითა და ნიშნებით მიმდინარეობს, როგორც ალერგიის დროს, თუმცა გამომწვევი მიზეზი იმუნური სისტემა არ არის. ამ მდგომარეობას არაალერგიული (ფსევდოალერგიული) რეაქცია ეწოდება.
მედიკამენტები, რომლებიც უფრო ხშირად იწვევენ ამ მდგომარეობას:
- ასპირინი
- გამოკვლევების დროს გამოყენებული კონტრასტული საღებავები
- ოპიოიდები, ტკივილის სამკურნალოდ
- ლოკალური ანესთეტიკები
სიმპტომები
ალერგიის ნიშნები და სიმპტომები ძირითადად წამლის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში ვლინდება, უფრო იშვიათად, რეაქცია გამოიხტება საათების, დღეების ან კვირების შემდეგ.
წამლებზე ალერგიის სიმპტომებია:
- გამონაყარი კანზე
- ამოწეული ლაქები კანზე
- ქავილი
- ცხელება
- შეშუპება
- სუნთქვის უკმარისობა
- სტვენითი სუნთქვა
- გამონადენი ცხვირის ღრუდან
- ცრემლდენა, თვალების ქავილი
ანაფილაქსია
ანაფილაქსია იშვიათი, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელსაც ახასიათებს ორგანოების დისფუნქცია. ანაფილაქსიის ნიშნები და სიმპტომებია:
- სასუნთქი გზებისა და ხახის შევიწროება, სუნთქვის გაძნელება
- გულისრევა და მუცლის ტკივილი
- დიარეა და ღებინება
- თავბრუსხვევა, გულის წასვლა
- სუსტი, სწრაფი პულსი
- არტერიული წნევის შემცირება
- გულყრა
- ცნობიერების დაკარგვა
წამლებზე ალერგიით გამოწვეული სხვა მდგომარეობები
უფრო იშვიათად, ალერგია მედიკამენტის მიღებიდან დღეების, კვირების შემდეგ ვითარდება და შესაძლოა გახანგრძლივდეს, სანამ არ შეწყდება პრეპარატის გამოყენება. ასეთი რეაქციებია:
- შრატის ავადმყოფობა, რომელიც იწვევს ცხელებას, სახსრების ტკივილს, გამონაყარს, შეშუპებასა და გულისრევას
- მედიკამენტური ანემია, რომლის დროსაც შემცირებულია სისხლის წითელი უჯრედების კონცენტრაცია და სიმპტომებია: დაღლილობა, არარეგულარული გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა და სხვ.
- გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით. ეს მდგომარეობა იწვევს გამონაყარს, სისხლის თეთრი უჯრედების კონცენტრაციის მომატებას, ზოგად შეშუპებას, ლიმფური კვანძების გადიდებას და ჰეპატიტის არსებული მდგომარეობის გამწვავებას.
- თირკმელების ანთება (ნეფრიტი), რომელიც იწვევს ცხელებას, სისხლიან შარდს, ზოგად შეშუპებას, დაბნეულობასა და სხვა სიმპტომებს
.
როდის მივმართოთ ექიმს
- მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ განვითარდა წამალზე ალერგია.
- დარეკეთ 112-ზე, თუ გაქვთ მძიმე რეაქციის ნიშნები და სიმპტომები (ანაფილაქსია) მედიკამენტის მიღების შემდეგ.