ალკოჰოლიზმი

დაავადების აღწერა

ალკოჰოლიზმი ქრონიკული და ხშირად პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოიცავს სასმელის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა: ალკოჰოლზე ხშირად ფიქრი, მისი მოხმარება პრობლემების გააზრების მიუხედავად, მეტი სასმელის მიღება იმავე თრობის ეფექტის მისაღწევად (ფიზიკური დამოკიდებულება), მიჩვევა და უკურეაქცია სასმელის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ადამიანს არ შეუძლია ყოველთვის გათვალოს რამდენს დალევს, რამდენ ხანს დალევს და რა შედეგები მოჰყვება ალკოჰოლის მოხმარებას.

შესაძლებელია გქონდეთ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ჯერ ალკოჰოლიზმს არ წამოადგენს. ასეთი პრობლემების დროს ხშირად იღებთ ალკოჰოლს, ეს გიქმნით დისკომფორტს ცხოვრებაში, თუმცა ბოლომდე დამოკიდებული არ ხართ სასმელზე.

ჭარბი ალკოჰოლის მიღება, რაოდენობრივად ასე გამოისახება: მამაკაცებისთვის–5 ან მეტი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი 2 საათის განმავლობაში; ქალებისთვის– 4 ან მეტი ჭიქა სასმელი ასევე 2 საათის განმავლობაში. ჭარბი მიღების დროს იმავე პრობლემებს ვაწყდებით, რომელსაც ალკოჰოლიზმში. რაოდენობასთან ერთად იმატებს რისკებიც. ასეთი ტიპის დალევა ხშირია თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში, რაც ალკოჰოლიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

თუ გაქვთ ალკოჰოლიზმი ან პრობლემა მასთან დაკავშირებით, შეიძლება ვერ დაანებოთ სმას თავი დახმარების გარეშე. პრობლემის უარყოფა ალკოჰოლიზმის დამახასიათებელი სიმპტომია.

გამომწვევი მიზეზი

ალკოჰოლიზმი განპირობებულია გენეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, გარემო ფაქტორებით.

მიჩვევა თანდათანობით ვითარდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს თავიდანვე უჩვეულო რეაქცია აქვს ალკოჰოლზე. დროთა განმავლობაში, ზედმეტი ალკოჰოლი არღვევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების ნორმალურ ბალანსს და გიცვლით სიამოვნების, ქცევის კონტროლის, სწორი შეფასების აღქმას. ეს შეიძლება გამოიხატოს ალკოჰოლის მიღების სურვილით, დადებითი გრძნობების მისაღებად ან უარყოფითი შეგრძნებების თავიდან ასარიდებლად.

სიმპტომები

ალკოჰოლიზმის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლის უუნარობა
  • ალკოჰოლის მიღების ძლიერი, კომპულსიური სურვილი
  • ტოლერანტული ეფექტი ალკოჰოლზე, ანუ მეტის მიღება იმავე ეფექტის მისაღწევად
  • ალკოჰოლის მიღება მარტო ყოფნისას, დამალვა
  • ფიზიკური მიჩვევა და აბსტინენციის სიმპტომები– გულისრევა, ოფლიანობა, კანკალი
  • საუბრების ან დაპირებების დავიწყება, “გათიშვა”
  • ალკოჰოლის მიღების დროის “რიტუალიზაცია” და ამ რიტუალების მკაცრი დაცვა
  • გაღიზიანება, როცა ალკოჰოლის მიღება გსურთ და სასმელი არ გაქვთ
  • ალკოჰოლური სასმელის უჩვეულო ადგილებში შენახვა სახლში, სამსახურში ან ავტომობილში
  • ორმაგი სასმელის შეკვეთა, დალევა იმისათვის, რომ თავი “ნორმალურად” იგრძნოთ
  • პრობლემები კანონთან, ურთიერთობებში, სამსახურში, ფინანსებთან
  • აქტივობებისა და ჰობის მივიწყება, რომელიც მანამდე სიამოვნებას გგვრიდათ
  • თუ იღებთ ჭარბ ალკოჰოლს შეიძლება გქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მაგრამ არა იმ სიმძიმით, როგორც ქრონიკულ ალკოჰოლიკებს. ასევე, შეიძლება არ გქონდეთ ფიზიკური მიჩვევისა და აბსტინენციის სიმპტომები. ამის მიუხედავად, ჭარბი მიღება შეგიქმნით პრობლემებს და გადაიქცევა ალკოჰოლიზმად. ისევე, როგორც ალკოჰოლიზმში, ჭარბი მიღებისას შეიძლება გაგიჭირდეთ თავის დანებება დახმარების გარეშე.


რა იგულისხმება ერთ ჭიქა სასმელში?
ერთი ჭიქა სტანდარტული სასმელია:

  • ლუდის 355 მილილიტრი (5% ალკოჰოლი)
  • მაგარი ლუდის 237–266 მილილიტრი (7% ალკოჰოლი)
  • ღვინის 148 მილილიტრი (12% ალკოჰოლი)
  • მაგარი სასმელის (არაყი) 44 მილილიტრი (40% ალკოჰოლი)


ვიღებ თუ არა ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს?
თუ არ იცით, გაქვთ თუ არა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა, უპასუხეთ ამ კითხვებზე:

  • თუ ხართ მამაკაცი, იღებთ თუ არა 5 ან მეტ ჭიქა სასმელს დღეში?
  • თუ ხართ ქალი, იღებთ თუ არა 4 ან მეტ ჭიქა სასმელს დღეში?
  • გჭირდებათ თუ არა სასმელი დილით, გამოსაფხიზლებლად?
  • ხომ არ გრძნობთ თავს დამნაშავედ სასმელის მიღების გამო?
  • ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეამციროთ ალკოჰოლის მიღება?
  • ღიზიანდებით, როცა სხვა ადამიანები საუბრობენ ან აკრიტიკებენ თქვენს ალკოჰოლთან დაკავშირებულ ჩვევებს?
  • თუ ამ შეკითხვებიდან ერთზე მაინც დადებითია პასუხი, თქვენ შეიძლება გქონდეთ პრობლემა.


როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ ფიქრობთ, რომ იღებთ ზედმეტ ალკოჰოლს ან თქვენი ოჯახი ნერვიულობს ამის შესახებ, მიმართეთ ექიმს. ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია მაშინაც, თუ არ გაქვთ ალკოჰოლიზმი მაგრამ თქვენი პრობლემა დისკომფორტს გიქმნით და ხელს გიშლით ცხოვრებაში. დახმარების მიღების სხვა გზები ფსიქოლოგთან საუბარი ან ანონიმური ალკოჰოლიკთა ჯგუფია.
  • რადგან უარყოფა ხშირია, შეიძლება არ ფიქრობდეთ, რომ პრობლემა გაქვთ ან დახმარება გჭირდებათ. შეიძლება ვერ აღიქვათ, რამდენს სვამთ ან რა პრობლემებს გიქმნით ეს. მოუსმინეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ჰკითხეთ აზრი და მიმართეთ დახმარებისთვის.