ალკოჰოლური ჰეპატიტი

დაავადების აღწერა

ალკოჰოლური ჰეპატიტი ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ღვიძლის ანთებაა.

ალკოჰოლური ჰეპატიტი ძირითადად იმ ადამიანებში გვხვდება, ვინც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს წლების განმავლობაში იღებს, თუმცა ჰეპატიტსა და რაოდენობას შორის რთული ურთიერთდამოკიდებულებაა. ჰეპატიტი შესაძლოა საშუალო რაოდენობის ალკოჰოლის მომხმარებელსაც დაემართოს. ამავდროულად, ყველა ქრონიკულ ალკოჰოლიკს ეს დაავადება არ ემართება.

თუ გაქვთ ალკოჰოლური ჰეპატიტი, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება. პაციენტებს, რომლებიც აგრძელებენ ალკოჰოლის მოხმარებას, ღვიძლის მძიმე დაზიანებისა და სიკვდილის მეტი რისკი აქვთ.

გამომწვევი მიზეზი

ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს ღვიძლი ზიანდება ამ ნივთიერების გამო. ზუსტად როგორ აზიანებს ღვიძლს ალკოჰოლი და რატომ არ ემართება ალკოჰოლის ყველა მომხმარებელს ეს დაავადება, უცნობია. თუმცა ვიცით, რომ ეთანოლის დაშლის პროდუქტი–აცეტალდეჰიდი ძლიერი ტოქსინია, რომელიც ანთებით რეაქციებს იწვევს და აზიანებს ღვიძლის უჯრედებს. დროთა განმავლობაში, ქსელის მაგვარი ნაწიბურები ჩაანაცვლებენ ჯანსაღ ქსოვილს, რაც ხელს უშლის ღვიძლის ფუნქციას. შეუქცევადი დანაწიბურება, ანუ ღვიძლის ციროზი, ალკოჰოლური ჰეპატიტის საბოლოო სახეა.

რისკი იზრდება დროსთან და ალკოჰოლის რაოდენობასთან ერთად

ალკოჰოლური ჰეპატიტის რისკი ალკოჰოლის მიღების ხანგრძლივობასა და მის რაოდენობასთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, ბევრი ქრონიკული ალკოჰოლიკი არ ავადდება ჰეპატიტით, რაც მიანიშნებს დაავადების განვითარებისთვის საჭირო სხვა ფაქტორებზე. ეს შესაძლოა ფაქტორებია:

  • ჰეპატიტის სხვა ტიპები. ალკოჰოლური ჰეპატიტი ამძიმებს სხვა ტიპის ჰეპატიტების მიმდინარეობას, როგორიცაა ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის დროს თუნდაც საშუალო დოზის ალკოჰოლის მიღება საგრძნობლად ზრდის ციროზის განვითარების რისკს.
  • არაადეკვატური კვება, მალნუტრიცია. ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ ალკოჰოლს ასევე ხშირად არიან მალნუტრიციულ მდომარეობაში, რადგან ალკოჰოლი ხელს უშლის საკვები ნივთიერებების (ცილა, ვიტამინი, ცხიმი) შეწოვას, იწვევს უმადობას. ეს ხელს უწყობს ღვიძლის დაზიანებას.



ჭარბწონიანობა

გენეტიკური ფაქტორები. გარკვეული გენების მუტაციები გავლენას ახდენს ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე და ზრდის ამ აავადების რისკს, ისევე როგორც ალკოჰოლთან ასოცირებული სიმსივნეების გაჩენისა და სხვა გართულებების რისკს. ზუსტი გენეტიკური ფაქტორები ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.

სიმპტომები

კანისა და თვალის თეთრი ნაწილის (სკლერა) გაყვითლება და მუცლის გადიდება (სითხის დაგროვების გამო) ალკოჰოლური ჰეპატიტის ის სიმპტომებია, რომლის გამოც პაციენტები ექიმთან მიდიან.

ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს:

  • უმადობა
  • გულისრევა და ღებინება
  • მუცლის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა
  • წონის დაკლება


თითქმის ყველა, ვისაც ალკოჰოლური ჰეპატიტი აქვს, არ იკვებება კარგად. ალკოჰოლი აქვეითებს მადას, ხოლო დიდი რაოდენობით სასმელი ორგანიზმს კალორიებით ამარაგებს, რაც კიდევ უფრო აიშვიათებს საკვების მოთხოვნილებას.

მძიმე ალკოჰოლური ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომებია:

დიდი რაოდენობით სითხე მუცლის ღრუში (ასციტი)

  • დაბნეულობა და ქცევითი ცვლილებები ტვინის ტოქსინების მიერ დაზიანების გამო (ენცეფალოპათია)
  • თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა


როდის მივმართოთ ექიმს

  • ალკოჰოლური ჰეპატიტი მძიმე დაავადებაა. ადამიანების, რომლებიც ხშირად იღებენ ალკოჰოლს, დაახლოებით 35% ავადდება ალკოჰოლური ჰეპატიტით. ასევე, მათ მესამედზე მეტი დიაგნოზიდან ექვსი თვის განმავლობაში კვდება.
  • აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ჩამოთვლილი სიმპტომები ან ნიშნები. ასევე, თუ ფიქრობთ რომ ვერ აკონტროლებთ ალკოჰოლის რაოდენობას ან გსურთ შეწყვიტოთ მისი მოხმარება, დაელაპარაკეთ ექიმს.