ალკოჰოლური მოწამვლა
დაავადების აღწერა
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია შესაძლოა ბავშვებში ან მოზრდილებში ნებით თუ უნებლიედ ისეთი საყოფაცხოვრებო სითხის მიღებას მოჰყვეს, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს.
ალკოჰოლით მოწამლულ ადამიანს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება სჭირდება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს გარშემო მყოფს ეს მდგომარეობა აქვს, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
გამომწვევი მიზეზი
ალკოჰოლი, ეთილის სპირტის ფორმით, ყველა ალკოჰოლურ სასმელში, პირის ღრუს სავლებ საშუალებებში, კულინარიულ ექსტრაქტებში, მედიკამენტებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სითხეებშია. ეთილის სპირტით მოწამვლა, ძირითადად, დროის ხანმოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით სასმელის მიღების შედეგია.
ალკოჰოლის სხვა ფორმები, როგორიცაა იზოპროპილ ალკოჰოლი (ლოსიონებში, საწმენდ საშუალებებში) და მეთანოლი ან ეთილენ გლიკოლი (ანტიფრიზი, საღებავი, გამხსნელები) იწვევენ სხვა ტიპის მოწამვლას, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
ალკოჰოლის ჭარბი მიღება
- მოწამლვის მიზეზი, ჭარბი ალკოჰოლი, რაოდენობრივად ასე გამოისახება: მამაკაცებისთვის–5 ან მეტი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი 2 საათის განმავლობაში; ქალებისთვის– 4 ან მეტი ჭიქა სასმელი ასევე 2 საათის განმავლობაში. ასეთ დროს თრობა შესაძლოა რამდენიმე საათით ან დღით გაგრძელდეს.
- ადამიანს შეუძლია ალკოჰოლის სასიკვდილო დოზის მიღება იქამდე, სანამ გონებას დაკარგავს. მაშინ, როცა პაციენტი უგონოდაა ან აღარ სვამს, ალკოჰოლის შეწოვა სისხლში ისევ მიმდინარეობს და მისი კონცენტრაცია კვლავ მატულობს.
ალკოჰოლის რა რაოდენობაა ჭარბი?
- საკვებისგან განსხვავებით, ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება სხეულის მიერ, ყველა სხვა ნივთიერებაზე ადრე. ასევე, ორგანიზმს ბევრად მეტი დრო სჭირდება ალკოჰოლის გამოსაყოფად.
- ალკოჰოლის უდიდესი რაოდენობა ღვიძლში მოინელება. ძირითადად, ღვიძლს 1 საათი სჭირდება ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მოსანელებლად.
- ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელია:
- ლუდის 355 მილილიტრი (5% ალკოჰოლი)
- მაგარი ლუდის 237–266 მილილიტრი (7% ალკოჰოლი)
- ღვინის 148 მილილიტრი (12% ალკოჰოლი)
- მაგარი სასმელის (არაყი) 44 მილილიტრი (40% ალკოჰოლი)
- შერეულ სასმელში ალკოჰოლის მეტი კონცენტრაციაა და მეტი დროა საჭირო მოსანელებლად.
სიმპტომები
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- დაბნეულობა
- ღებინება
- გულყრა
- ნელი სუნთქვა (წუთში 8 ან ნაკლები ჩასუნთქვა)
- არარეგულარული სუნთქვა (10 წამზე ხანგრძლივი ინტერვალი ჩასუნთქვებს შორის)
- მოცისფრო ან ფერმკრთალი კანი
- სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია)
- გონების დაკარგვა, უგონო მდგომარეობა
- არ დაელოდოთ ამ ყველა სიმპტომის განვითარებას თუ ეჭვი გაქვთ ალკოჰოლურ მოწამვლაზე. ადამიანი, რომელიც უგონო მდგომარეობაშია შესაძლოა დაიღუპოს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო მყოფს აქვს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, თუნდაც ყველა კლასიკური ნიშნის გარეშე, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
ალკოჰოლური მოწამვლა გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს
- თუ თქვენ ან თქვენ გარშემო მყოფი იღებდით დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და გაქვთ შესაბამისი სიმპტომები, რეკომენდირებულია:
- დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ. არ ჩათვალოთ, რომ ალკოჰოლით მოწამლული ადამიანი უბრალოდ “გამოიძინებს”
- გაარკვიეთ რა ტიპის და რა რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი მიიღო პაციენტმა, რადგან სასწრაფოსა და საავადმყოფოს პერსონალი ამ შეკითხვებს დაგისვამთ.
- არ დატოვოთ უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მარტო. ალკოჰოლი არღვევს ღებინების რეფლექსს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწამლული ადამიანი შეიძლება საკუთარი ამონაღები მასით დაიხრჩოს. სანამ ელოდებით სასწრაფოს, არ ეცადოთ აღებინებინოთ პაციენტს, რადგან დახრჩობის რისკი დიდია.
- დაეხმარეთ მოწამლულს, თუ ის აღებინებს. შეეცადეთ იჯდეს ან თუ ვერ ჯდება მხოლოდ ცალ მხარეზე დააწვინეთ, თავი გვერდულად დაადებინეთ რათა დახრჩობის რისკი შემცირდეს. ეცადეთ არ დაკარგოს გონება და გამოაფხიზლოთ.
- არ იყოყმანოთ სასწრაფოს გამოძახებისას
- რთულია, გადაწყვიტოთ როდისაა ადამიანი მოწამლული და როდის უბრალოდ ნასვამი, მაგრამ ჯობს სიფრთხილე გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ ის შედეგები, რაც ინტოქსიკაციას შეიძლება მოჰყვეს. თუ დახმარებას მორიდების ან სირცხვილის გამო არ ითხოვთ (მითუმეტეს, არასრულწლოვნები) იფიქრეთ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს თქვენს ქმედებას.