ამილოიდოზი

დაავადების აღწერა

ამილოიდოზი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ნივთიერება სახელად ამილოიდი გროვდება ადამიანის ორგანოებში. ამილოიდი არანორმალური ცილაა, რომელიც ძირითადად ძვლის ტვინში ყალიბდება და შეუძლია ნებისმიერ ქსოვილზე ან ორგანოზე განლაგება.

ამილოიდოზს სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ორგანოზე შეუძლია იმოქმედოს. არსებობს ამილოიდის რამოდენიმე ტიპი. ამილოიდოზი ხშიტად აზიანებს გულს, თირკმელებს, ღვიძლს, ელენთას, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. მძიმე ამილოიდოზს შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.

ამილოიდოზის განკურნება შეუძლებელია. თუმცა არსებობს სამკურნალო საშუალებები, რომლებიც პაციენტებს სიმპტომატურად ეხმარებიან და ხელს უშლიან ცილა ამილოიდის ჭარბ წარმოქმნას

გამომწვევი მიზეზი

როგორც წესი, ამილოიდოზს იწვევს არანორმალური ცილა ამილოიდის დაგროვება ორგანიზმში. ამილოიდი წარმოიქმნება ძვლის ტვინში და მას შეუძლია განლაგდეს ნებისმიერ ქსოვილსა თუ ორგანოში. მდგომარეობის მიზეზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ამილოიდოზი აქვს პაციენტს.

ამილოიდოზის ტიპები:

  • იმუნოგლობულინის მსუბუქი ჯაჭვის ამილოიდოზი- ყველაზე ხშირი ფორმაა ამილოიდოზისა, რომელიც აზიანებს გულს, თირკმელებს, კანს, ნერვებს და ღვიძლს. ამ დაავადებას წინათ პირველადი ამილოიდოზი ერქვა. ეს დაავადება ყალიბდება მაშინ, როდესაც ძვლის ტვინი წარმოქმნის არანორმალურ ანტისხეულებს, რომლის დაშლაც ორგანიზმს უჭირს. ეს ანტისხეულები ლაგდება ქსოვილებში როგორც ამილოიდი და ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.
  • AA ტიპის ამილოიდოზი ძირითადად აზიანებს თირკმელებს, თუმცა ხანდახან დაავადება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს და გულსაც მოიცავს. ამილოიდოზის ამ ფორმას ადრე მეორადი ამილოიდოზი ერქვა. ეს დაავადება თან ახლავს ზოგიერთ ქრონიკული ინფექციურ თუ ანთებით დაავადებას, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
  • თანდაყოლილი ამილოიდოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა და ხშირად აზიანებს ღვიძლს, ნერვებს, გულს და თირკმელებს. ერთ-ერთი ტიპი გამოწვეულია ამილოიდით (ტრანსთირეტინ ამილოიდი), რომელსაც შეუძლია ნერვული სისტემის და გულის დაზიანება. აფრო-ამერიკელები თეთრკანიანებთან შედარებით ამ დაავადების მიმართ მეტად მიდრეკილნი არიან. აფრო ამერიკელებში ეს დაავადება გულის უკმარისობის ხშირი მიზეზია.


დიალიზთან დაკავშირებული ამილოიდოზი ყალიბდება მაშინ, როდესაც სისხლში არსებული ცილები ლაგდება სახსრებში, მყესებში და იწვევს ტკივილს, გახევებას, სითხის დაგროვებას სახსრებში და ასევე კარპული არხის სინდრომს. ამ ფორმის ამილოიდოზი ძირითადად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც ხანგრძლივად იმყოფება დიალიზზე.

სიმპტომები

პათოლოგიის გვიანდელ ეტაპებამდე პაციენტს შესაძლოა სრულებით არ ქონდეს რაიმე სიმპტომი. როდესაც სიმპტომები სახეზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანოები უკვე დაზიანებულია

ამილოიდოზის სიმპტომები და ნიშნები:

  • ფეხების და კოჭების შესიება
  • ხშირი დაღლილობა და სისუსტე
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გაშეშება, ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი ხელებსა და ფეხებზე, განსაკუთრებით მაჯის არეში (კარპული არხის სინდრომი)
  • სისხლიანი ან უსისხლო ფაღარათი, ყაბზობა
  • ადვილად დანაყრება, წონაში მნიშვნელოვნად კლება
  • გადიდებული ენა
  • კანის ცვლილებები: შესქელება, ადვილად დალურჯება, ალისფერი ლაქები თვალების გარშემო
  • არარეგულარული გულისცემა
  • გაძნელებული ყლაპვა
  • როდის მივმართოთ ექიმს
  • აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება ამილოიდოზთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი