ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფაღარათი

დაავადების აღწერა

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ფაღარათი გამოიხატება, როგორც ხშირი დეფეკაცია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტების მიღების შემდეგ.

ყველაზე ხშირად, ფაღარათი მსუბუქია და ანტიბიოტიკის შეწყვეტის შემდეგ მალე გაივლის. ზოგიერთ შემთხვევაში, ფაღარათი იწვევს კოლიტს (ნაწლავის ანთებას) ან კოლიტის უფრო მძიმე ფორმას, ფსევდომემბრანულ კოლიტს. ორივე ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, სიცხე და სისხლიანი განავალი.

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული მსუბუქი ფაღარათი არ საჭიროებს მკურნალობას, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტა ან მისი ჩანაცვლება.

გამომწვევი მიზეზი

ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფაღარათი გამოწვეულია “კარგი” და “ცუდი” ბაქტერიების ბალანსის დარღვევით მომნელებელ სისტემაში.

ანტიბიოტიკები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ფაღარათს

თითქმის ყველა ანტიბიოტიკს შეუძლია გამოიწვიოს ფაღარათი, კოლიტი ან ფსევდომემბრანული კოლიტი, თუმცა ყველაზე ხშირად გამომწვევი ანტიბიოტიკებია:

  • ცეფალოსპორინები (ცეფიქსიმი, ცეფპოდოქსიმი)
  • კლინდამიცინი
  • პენიცილინები (ამოქსიცილინი, ამპიცილინი)
  • ფტორქინოლონები (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი)

როგორ იწვევს ანტიბიოტიკი ფაღარათს

მომნელებელი სისტემა კომპლექსური ეკოსისტემაა, რომელშიც მილიონობით მიკროორგანიზმი (ნაწლავური ფლორა) თანაარსებობს, მათ შორის ასეულობით ბაქტერიული სახეობა. ამ ბაქტერიების დიდი ნაწილი სასარგებლოა და ასრულებს მნიშვნელოვან მომნელებელ ფუნქციას.

თუმცა, ზოგიერთი ბაქტერია პოტენციურად საშიშია და ძირითადად მათი აქტივობა ითრგუნება “სასარგებლო” ბაქტერიების მიერ. ზოგჯერ, ეს ფრთხილი ბალანსი სასარგებლო და საშიშ ბაქტერიებს შორის ირღვევა ანტიბიოტიკების, ავადმყოფობის ან სხვა ფაქტორების მიერ.

ანტიბიოტიკები კონკრეტულად არღვევენ ამ ბალანსს, რადგან ისინი ანადგურებენ როგორც სასარგებლო, ისე საშიშ ბაქტერიებს. ზოგჯერ, საკმარისი რაოდენობის სასარგებლო ბაქტერიების გარეშე, საშიში ბაქტერიები მრავლდებიან, წარმოქმნიან ტოქსინებს, აზიანებენ ნაწლავს და იწვევენ ანთებას.

კლოსტრიდიუმ დიფიცილე იწვევს ყველაზე საშიშ ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ ფაღარათს

მძიმე ფაღარათისა და ფსევდომემბრანული კოლიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ბაქტერია კლოსტრიდიუმ დიფიცილეა. ძირითადად, ამ ორგანიზმით გამოწვეული კოლიტი პაციენტებს საავადმყოფოში ყოფნის დროს ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ემართებათ.

სიმპტომები

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფაღარათის სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიც და მძიმეც.

ხშირი ნიშნები და სიმპტომები

ძირითადად, სიმპტომები მსუბუქია და მოიცავს:

  • თხევადი განავალი
  • გახშირებული დეფეკაცია

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა მისი მიღებიდან ერთ კვირაში ვითარდება. ზოგჯერ, სიმპტომები რამდენიმე კვირის ან დღის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკის მიღება შეწყდა.

შედარებით მძიმე ნიშნები და სიმპტომები

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება უფრო მძიმე ფაღარათი. როცა ბაქტერიების გამრავლება ინტენსიურად ხდება, შეიძლება გქონდეთ კოლიტის ან ფსევდომემბრანული კოლიტის ეს ნიშნები:

  • ხშირი, თხევადი ფაღარათი
  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები
  • სიცხე
  • ლორწოვანი განავალი
  • სისხლიანი განავალი
  • თავბრუსხვევა
  • უმადობა

როდის მივმართოთ ექიმს

დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე სიმპტომები. ეს სიმპტომები სხვა მდგომარეობებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს, ამიტომ ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს სხვა ტესტები მიზეზის დასადგენად.