ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
დაავადების აღწერა
ანტიფოსფოლიპიდურმა სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს კოლტების ფორმირება ფეხის ღრმა ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი). ასევე, თრომბოზი შესაძლებელია განვითარდეს ორგანოებში, როგორიცაა თირკმელი ან ფილტვი. დაზიანების პროგნოზი დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. მაგალითად, სისხლის შედედება ტვინში შესაძლოა ინსულტით დასრულდეს.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტები ამცირებენ გართულებების რისკს.
გამომწვევი მიზეზი
- ფოსფოლიპიდების ფუნქცია
- ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს ორგანიზმი “შეცდომით” წარმოქმნის ანტისხეულებს ფოსფოლიპიდებთან შეკავშირებული ცილების საწინააღმდეგოდ. ფოსფოლიპიდები ცხიმოვანი მოლეკულებია, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში (კოაგულაციაში). ანტისხეულები სპეციალური ცილებია, რომლებიც ნორმაში უცხო ორგანიზმებს ებრძვიან (ვირუსები, ბაქტერიები). როცა ანტისხეულები წარმოიქმნება ფოსფოლიპიდებთან შეკავშირებული ცილების წინააღმდეგ, სისხლის შედედების ფუნქცია დარღვეულია.
კლასიფიკაცია
არსებობს ანტიფოსფოლიპიდურის სინდრომის ორი მთავარი კლასიფიკაცია:
- პირველადი. თუ არ გვაქვს სხვა გამომწვევი მიზეზი (აუტოიმუნური დაავადება) მაშინ სინდრომი პირველადია.
- მეორეული. თუ პაციენტს აქვს სისტემური მგლურა ან სხვა აუტოიმუნური დაავადება, ინფექცია, მედიკამენტების მიღების ისტორია შესაძლოა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იყოს მეორეული. ამ შემთხვევაში სინდრომის გამომწვევი მიზეზი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ან ფაქტორებია.
- ზოგიერთი ფაქტორი ასოცირებულია სინდრომის განვითარებასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამ ფაქტორების ქონის შემთხვევაში აუცილებლად დაგემართებათ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ესენია:
- ინფექციები. გარკვეული ინფექციები, როგორიცაა სიფილისი, აივ/შიდსი, ჰეპატიტი, ლაიმის დაავადება და სხვ. ზრდიან სინდრომის განვითარების რისკს.
- მედიკამენტები.არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატი ჰიდრალაზინი, ანტიარითმიული საშუალება ქინიდინი, ანტიეპილეფსიური მედიკამენტი ფენიტოინი და ანტიბიოტიკი ამოქსიცილინი დაკავშირებულია ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების წარმოქმნის რისკთან.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა. სინდრომი არ ითვლება მემკვიდრეობითად, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ პაციენტების ნათესავებს აქვთ გაზრდილი რისკი სინდრომის ჩამოყალიბებისა.
სიმპტომები
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:
- ფეხის ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება ფილტვის ემბოლიაში გადაიზარდოს
- ნაყოფის განმეორებითი დაკარგვა ან მკვდრადშობადობა, ასევე ფეხმძიმობის სხვა გართულებები (ნაადრევი მშობიარობა, არტერიული წნევის მომატება–პრეეკლამფსია)
- ინსულტი
- პერიფერიული არტერიული თრომბოზი
- სხვა, შედარებით იშვიათი, ნიშნები და სიმპტომებია:
- ნევროლოგიური სიმპტომები: ქრონიკული თავის ტკივილი, შაკიკი, დემენცია, გულყრა შესაძლოა განვითარდეს თუ სისხლის კოლტი ბლოკავს სისხლის შედინებას ტვინში
- გამონაყარი. ზოგიერთ პაციენტში ვლინდება წითელი გამონაყარი, ქსელის მაგვარი გავრცელებით
- გულსისხლძარღვთა დაავადება. გულის სარქველები შესაძლოა დაზიანდეს სინდრომის გამო.
- სისხლდენები. ზოგიერთი პაციენტის თრომბოციტების რაოდენობა იკლებს, შედეგად არ ხდება სისხლდენის ნორმალური შეჩერება. თუ გაქვთ თრომბოციტების კლება (თრომბოციტოპენია), შესაძლოა სიმპტომურად არც გამოიხატოს. თუმცა, თუ თრომბოიტების რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს, დაიწყება სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან კანქვეშ, პეტექიების სახით.
- იშვიათი ნიშნებია:
- მოძრაობის დარღვევები, როდესაც სხეული ახორციელებს უნებლიე მოძრაობებს (ქორეა)
- კოგნიტიური პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება
- უცაბედი სმენის დაქვეითება
როდის მივმართოთ ექიმს
თუ უკვე გაქვთ სხვა აუტოიმუნური დაავადება, ჰკითხეთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა ტესტის ჩატარება ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე.
ექიმთან მიმართვის სხვა მიზეზებია:
- ტკივილი ან შესიება ფეხში ან ხელში. მიმართეთ ექიმს თუ ფეხის ან ხელის ნაწილი წითელი, შესიებული და მტკივნეულია. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ვენის შეშუპება მძიმეა და ახლავს გულმკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა (ფილტვის ემბოლიის ნიშნები).
- ვაგინალური სისხლდენა ფეხმძიმობის დროს. ეს შეიძლება მუცლის მოშლის ნიშანი იყოს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს სისხლდენას, თუმცა ფეხმძიმობა ნორმალურად მიმდინარეობს. თუ გაქვთ აუხსნელი განმეორებითი მუცლის მოშლა ან ფეხმძიმობის ხშირი გართულება, შესაძლებელია გქონდეთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ესაუბრეთ ექიმს გამოკვლევების შესახებ.
- თუ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და აპირებთ ბავშვის გაჩენას, თქვენთვის არსებობს შესაბამისი მკურნალობა. ესაუბრეთ პროფესიონალ მეან–გინეკოლოგს შესაძლო მკურნალობისა და გართულებების შესახებ.
როდის უნდა მოითხოვოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ ეს ნიშნები და სიმპტომები:
- ინსულტის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა უცაბედი დაბუჟება, სისუსტე ან პარალიზი სახეზე, ხელზე ან ფეხზე; მეტყველების უნარის სწრაფი დაქვეითება; მხედველობის დარღვევა; სწრაფი, მძიმე თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა.
- ფილტვის ემბოლიის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სისხლიანი ნახველი.
- ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ფეხის შესიება და ტკივილი.
- სისხლდენის სხვა ნიშნები: აუხსნელი სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან; უჩვეულოდ ხანგრძლივი და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა; ღია წითელი ამონაღები მასა; შავი განავალი ან წითელი განავალი; აუხსნელი ტკივილი მუცლის არეში.