ანტისოციალური პიროვნული აშლილობა
დაავადების აღწერა
ანტისოციალური პიროვნებები სხვა ადამიანებს ან უპირისპირდებიან, ან უხეშად, უყურადღებოდ ექცევიან. ისინი ხშირად არღვევენ კანონებს, ექმნებათ პრობლემები მაგრამ არ თვლიან თავს დამნაშავედ და არ ნანობენ საქციელს. შესაძლოა იცრუონ, ჩაიდინონ ძალადობრივი ქმედება, მოიქცნენ იმპულსურად და ჰქონდეთ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს თვისებები ასეთ ადამიანს ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში ოჯახის, სამუშაოს ან სკოლის გარემოში.
გამომწვევი მიზეზი
პიროვნება ფიქრების, ემოციებისა და ქცევის კომბინაციაა, რაც ყველას უნიკალურს ხდის. პიროვნება მოიცავს ადამიანის დამოკიდებულებასა და ურთიერთობას გარშემო სამყაროსთან, ასევე საკუთარი თავის აღქმას. პიროვნება ყალიბდება ბავშვობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით:
- გენეტიკა. მემკვიდრეობითი ტენდენციები ბავშვს მშობლებისგან გადაეცემა, როგორიცაა სიმორცხვე, პოზიტიური განწყობა, ა.შ. ამ თვისებებს ზოგჯერ ტემპერამენტსაც უწოდებენ.
- გარემო. გარემო, სადაც ადამიანი გაიზარდა, ოჯახური ურთიერთობები და სხვადასხვა მდგომარეობები მოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ასეთი მდგომარეობები შეიძლება გამოიხატებოდეს მშობლების მიერ აღზრდის ტიპებით, როგროიცაა მოსიყვარულე ან ძალადობრივი აღზრდა.
- პიროვნული აშლილობა გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ყალიბდება. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა ანტისოციალური პიროვნების ჩამოყალიბების მიმართ, ხოლო გარემო ფაქტორებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ ამ პიროვნების აშლილობას.
- შეიძლება იყოს კავშირი ბავშვობაში თანაგრძნობის უნარის განვითარებასა და მოგვიანებით ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ჩამოყალიბებას შორის. ამ თვისებების ადრეული შემჩნევა შესაძლოა დაგვეხმაროს გრძელვადიანი შედეგების საკონტროლოდ.
სიმპტომები
ანტისოციალური პიროვნული აშლილობის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- სწორისა და არასწორის გარჩევის უგულებელყოფა
- ხშირი სიცრუე, მოტყუება
- გარეგნობის ან სხვა თვისების გამოყენება სხვების მანიპულირებისათვის
- ეგოცენტრიზმი, ეგზიბიციონიზმი, საკუთარ თავზე მომატებული წარმოდგენა
- პრობლემები კანონთან
- სხვა ადამიანების უფლებების დარღვევა დაპირისპირებით, უპატიოსნებით ან ტყუილით
- ძალადობა ბავშვებზე ან მათ მიმართ უყურადღებობა
- გაღიზიანებადობა, აგიტაცია, იმპულსურობა, აგრესიულობა, ძალადობა
- სხვების მიმართ თანაგრძნობის არარსებობა, სინანულის გრძნობის არქონა
- რისკიანი, საშიში ქცევა
- ძალადობრივი ურთიერთობები
- უპასუხისმგებლობა სამსახურში
- არ ითვალისწინებს გარკვეული ქცევის უარყოფით შედეგებს
- ანტისოციალური პიროვნული აშლილობა შესაძლოა დაიწყოს ბავშვობაში და მთლიანად გამოვლინდეს 20–30 წლის ასაკში. ბავშვებში, ძალადობა ცხოველებზე, თანატოლებზე, იმპულსურობა, ბრაზი, სოციალური იზოლაცია და სკოლაში ცუდი აკადემიური მოსწრება შესაძლოა იყოს აშლილობის ნიშანი.
- აშლილობა მიჩნეულია მუდმივ დაავადებად, თუმცა გარკვეული სიმპტომები, მაგალითად კრიმინალური ქცევა ან ალკოჰოლის/ნარკოტიკების მიღება შეიძლება შემცირდეს, თუმცა ეს შემცირება შეიძლება ასაკის მატების შედეგი იყოს ან ანტისოციალური ქცევის შედეგების გააზრების.