ანთრაქსი (ჯილეხი)

დაავადების აღწერა

ანთრაქსი იშვიათი მაგრამ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სპორების წარმომქმნელი ბაქტერია, ანთრაქსის ბაცილა იწვევს. ანთრაქსს საქართველოში ჯილეხსაც უწოდებენ. ჯილეხი ძირითადად შინაურ ან გარეულ პირუტყვს აავადებს, ხოლო ადამიანები ინფიცირდებიან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით პირუტყვთან.

ჯილეხის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება დადასტურებული არ არის, თუმცა შესაძლებელია კანის დაზიანებების კონტაქტის შემთხვევაში ეს დაავადება გადაგედოთ. ძირითადად, ანთრაქსის ბაცილა ორგანიზმში კანზე არსებული დაზიანებიდან აღწევს, ასევე შესაძლოა დაინფიცირდეთ ინფიცირებული ხორცის ჭამით ან სპორებს ინჰალაციით.

ნიშნები და სიმპტომები ინფიცირების გზაზეა დამოკიდებული და შესაძლოა გამოიხატოს, როგორც კანის დაზიანებები, ღებინება, შოკი. ანტიბიოტიკებით დროული მკურნალობა ძირითადად წარმატებულია. ინჰალაციური ჯილეხი ყველაზე რთული სამკურნალოა და ზოგჯერ შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

გამომწვევი მიზეზი

ანთრაქსის სპორები წარმოიქმნება ანთრაქსის ბაქტერიებისგან, რომლებიც ნიადაგში გვხვდება მსოფლიოს მრავალ ადგილას. სპორები შესაძლოა ნიადაგში წლობით არააქტიურ ფორმაში ძლებდეს, სანამ არ შეაღწევს მასპინძელ ორგანიზმში. მასპინძელი ორგანიზმები კი ძირითადად შინაური პირუტყვია, როგორიცაა ცხვარი, ძროხა, ცხენი ან თხა.

ანთრაქსი გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, ერაყი, თურქეთი, პაკისტანი და აფრიკის ნაწილები.

ადამიანებში ანთრაქსი ძირითადად ინფიცირებული ცხოველების ხორცთან კონტაქტით გადადის.

ანთრაქსის ერთ–ერთი ცნობილი შემთხვევა იყო 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ანთრაქსის სპორები ტერორისტებმა ფოსტით გააგზავნეს ერთ–ერთ დაწესებულებაში, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 5 დაიღუპა.

ახლახანს, ჰეროინის 45 მომხმარებელი დაინფიცირდა ანთრაქსით ინექციის გამო. 18 დაიღუპა. სავარაუდოა, რომ ევროპაში იმპორტირებული ჰეროინი მსოფლიოს იმ ადგილებიდან მოდის, სადაც ანთრაქსი გავრცელებულია.

სიმპტომები

ანთრაქსით ინფიცირების ოთხი მთავარი გზა არსებობს, სხვადასხვა ნიშნებითა და სიმპტომებით. ძირითადად, სიმპტომები ინფიცირებიდან 7დღის განმავლობაში ვლინდება. გამონაკლისია ინჰალაციური ანთრაქსი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირის შემდეგაც გამოვლინდეს.
კანის ანთრაქსი

კანის ანთრაქსის დროს ინფიცირება ხდება კანზე არსებული დაზიანებებით. ეს ჯილეხის ყველაზე ხშირი გადადების გზაა, ასევე ყველაზე მსუბუქიც– დროული სწორი მკურნალობით კანის ანთრაქსი იშვიათად იწვევს სერიოზულ გართულებას. ნიშნები და სიმპტომებია:

  • ამობურცული კანი, როგორც მწერის ნაკბენის დროს, რომელსაც ახლავს ქავილი და ყალიბდება წყლულად შავი შეფერილობის ცენტრით
  • შესიება დაზიანების გარშემო და გადიდებული ლიმფური კვანძები



მომნელებელი სისტემის ანთრაქსი
ანთრაქსის ეს ფორმა ვითარდება ბოლომდე მოუმზადებელი (ან უმი) ინფიცირებული ხორცის მიღების შემდეგ. ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • უმადობა
  • სიცხე
  • მძიმე, სისხლიანი ფაღარათი დაავადების შემდგომ სტადიებში
  • ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება
  • შესიებული კისერი


ინჰალაციური (ფილტვის) ანთრაქსი
ინჰალაციური ფორმა სპორების ჩასუნთქვით ვითარდება. ეს ყველაზე საშიში ფორმაა და ზოგჯერ მკურნალობის ფონზეც კი ფატალური შედეგი აქვს. საწყის ეტაპზე ნიშნები და სიმპტომებია:

  • გრიპის მსგავსი სიმპტომები რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში: ყელის ტკივილი, სიცხე, დაღლილობა, კუნთის ტკივილი
  • მსუბუქი დისკომფორტი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • სისხლიანი ნახველი
  • მტკივნეული ყლაპვა
  • როცა დაავადება მძიმდება, შესაძლოა შეინიშნოს:
  • მაღალი სიცხე
  • გაძნელებული სუნთქვა
  • შოკი
  • მენინგიტი– პოტენციურად ფატალური ანთება ტვინის ქსოვილებში


ინექციური ანთრაქსი
ეს ანთრაქსის ყველაზე ახლადაღმოჩენილი ფორმაა. გადადება შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალებების საერთო ნემსით ინექციით. ეს დაავადება ჯერჯერობით მხოლოდ ევროპაშია დაფიქსირებული. ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:

  • შეწითლება ინექციის ადგილას (გაშავების გარეშე)
  • ძლიერი შესიება
  • დაავადების დამძიმებასთან ერთად შესაძლოა შეინიშნოს:
  • შოკი
  • ორგანოთა მრავლობითი უკმარისობა
  • მენინგიტი– პოტენციურად ფატალური ანთება ტვინის ქსოვილებში


როდის მივმართოთ ექიმს

  • გრიპისმაგვარი სიმპტომებით მრავალი დაავადება იწყება. იმის ალბათობა, რომ ყელის ტკივილი და კუნთის ტკივილი ანთრაქსის გამოწვეულია, ძალიან დაბალია.
  • თუ ფიქრობთ, რომ ანთრაქსთან გქონდათ შეხება (მუშაობთ ისეთ გარემოებებში, რომ შესაძლებელია ინფიცირება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ განვითარდა ეს ნიშნები და სიმპტომები ხორცთან კონტაქტის შემდეგ და თუ თქვენს რეგიონში ჯილეხი გავრცელებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია.