აორტის აშრევება

დაავადების აღწერა

აორტის აშრევება მძიმე კლინიკური მდგომარეობაა, რომლის დროსაც აორტის კედლის შიდა შრეები ცალკევდება. აორტა სხეულის უდიდესი არტერიაა და სისხლი გადააქვს გულიდან ქსოვილებში. აშრევების გამო, სისხლი აღწევს შრეებს შორის და კიდევ აცალკევებს შიდა და შუა შრეს (დისექცია). თუ სისხლით სავსე აორტა გაიხევა (რუპტურა) აშრევების გამო, ეს მდგომარეობა ხშირად ფატალურია.

აორტის აშრევება არც ისე ხშირია. ძირითადად გვხვდება 60–70 წლის მამაკაცებში. აორტის აშრევების სიმპტომები შეიძლება გავდეს სხვა დაავადებების ნიშნებს, ამიტომ დიაგნოზი ხშირად გვიანდება. თუმცა, თუ აორტის აშრევება მალე დიაგნოსტირდა და მკურნალობა ჩატარდა, გადარჩენის შანსი საგრძნობლად იზრდება.

გამომწვევი მიზეზი

აორტის აშრევების ადგილი კედლის სუსტი ნაწილია. ქრონიკული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) აწვება აორტის კედელს და ზრდის აშრევების რისკს. შესაძლოა სუსტი აორტა მემკვიდრეობით გქონდეთ, როგორიცაა მარფანის სინდრომის დროს, ორკარედიანი აორტის სარქვლის დროს ან სხვა გენეტიკურ დაავადებებში. იშვიათად, აორტის აშრევებას იწვევს ტრავმა გულმკერდის არეში, როგორიცაა საავტომობილო ავარიები.

აორტის აშრევება ორ ტიპად იყოფა, გააჩნია აორტის რომელი ნაწილია აშრევებული:

  • A ტიპი. ეს უფრო გავრცელებული და საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც აშრევება ხდება აორტის გულიდან გამავალ ნაწილში (ასწვრივი აორტა), შეიძლება გავრცელდეს მუცლის აორტამდე.
  • B ტიპი. ეს ტიპი კი აორტის ქვედა, დაღმავალ ნაწილს მოიცავს (დასწვრივი), ასევე შეიძლება გავრცელდეს მუცლის აორტამდე.

სიმპტომები

აორტის აშრევება გავს გულის სხვა პათოლოგიებს, მაგალითად ინფარქტს, სიმპტომების თვალსაზრისით. ტიპიური სიმპტომები და ნიშნებია:

  • უცაბედი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში ან ზურგის ზედა არეში, ხასიათდება როგორც ბასრი, გამჭოლი ტკივილი, ვრცელდება კისრისაკენ ან ზურგის ქვემო არეში
  • გონების დაკარგვა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მეტყველების უნარის, მხედველობის უცაბედი დაქვეითება, ასევე სისუსტე, პარალიზი სხეულის ცალ მხარეს (ინსულტის მსგავსად)
  • ცალ ხელში შესუსტებული პულსი (მეორესთან შედარებით)



როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, გონების დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა ან ინსულტის მაგვარი ნიშნები, სასწრაფოდ დარეკეთ 112–ზე. ეს ნიშნები და სიმპტომები ყოველთვის მძიმე პრობლემის მანიშნებელია და აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკა. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა შესაძლოა სიცოცხლის შემანარჩუნებელი იყოს.