აორტის კოარქტაცია

დაავადების აღწერა

აორტის კოარქტაცია აორტის შევიწროებაა. აორტა ყველაზე დიდი სისხლძარღვია, რომელიც გულიდან გამოდის და ჟანგბადით მდიდარი სისხლი გადააქვს მთელ ორგანიზმში. როცა აორტა შევიწროებულია კოარქტაციის გამო, გულს სჭირდება მეტი ძალის განვითარება შევიწროებულ სეგმენტში სისხლის გასატარებლად.

აორტის კოარქტაცია ძირითადად თანდაყოლილია. კოარქტაცია შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი.ზოგჯერ, ვერ ხდება დიაგნოსტირება მოზრდილ ასაკამდე, გააჩნია რამდენად შევიწროებულია აორტის სეგმენტი.

აორტის კოარქტაცია ხშირად გულის სხვა დეფექტებთან ერთად გვხვდება. ამ მდგომარეობის მკურნალობა ძირითადად წარმატებულია, მაგრამ საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს ჩვილობისა და მოზრდილობის პერიოდშიც.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს აორტის კოარქტაციას. უცნობი მიზეზების გამო, მსუბუქი ან ძლიერი შევიწროება ვითარდება აორტის გარკვეულ სეგმენტზე. კოარქტაცია ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირია აორტის იმ სეგმენტზე, რომელიც ბოტალის სადინართან ახლოს მდებარეობს. კოარქტაცია ძირითადად დაბადებამდე იწყება.

იშვიათად, კოარქტაცია ვითარდება მოგვიანებით ცხოვრების განმავლობაში. ასეთ მდგომარეობას შესაძლოა იწვევდეს ტრავმა ან იშვიათად, არტერიების გამაგრება (არტერიოსკლეროზი) ან ანთებითი მდგომარეობა (ტაკაიასუს არტერიტი).
აორტის კოარქტაცია ძირითადად ხდება ზედა კიდურების მკვებავი სისხლძარღვების გამოყოფის შემდეგ, თუმცა ქვედა კიდურების მკვებავ სისხლძარღვებამდე. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა იყოს მაღალი წნევა ზედა კიდურებში და დაბალი წნევა ქვედა კიდურებში.

სიმპტომები

აორტის კოარქტაციის სიმპტომები დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე. ბავშვები მძიმე კოარქტაციით ადრევე ავლენენ სიმპტომებს, ხოლო მსუბუქი დაზიანება ზოგჯერ მოზრდილ ასაკში იჩენს თავს.

ბავშვების უმეტესობა დაბადებიდან მოკლე პერიოდში ავლენს გარკვეულ სიმპტომებსა და ნიშნებს. ესენია:

  • ფერმკრთალი კანი
  • გაღიზიანებადობა
  • ჭარბი ოფლიანობა
  • გაძნელებული სუნთქვა

მკურნალობის გარეშე, კოარქტაცია იწვევს გულის უკმარისობას და სიკვდილს.

ზოგიერთ პაციენტს სიმპტომები არ აქვს, რადგან შევიწროება შედარებით მსუბუქია. თუ ნიშნები და სიმპტომები მაინც გამოიხატა, ყველაზე ხშირია მკლავზე გაზომილი არტერიული წნევის მომატება. სხვა სიმპტომებია:

  • მაღალი არტერიული წნევა
  • სუნთქვის გაძნელება
  • თავის ტკივილი
  • კუნთების სისუსტე
  • ფეხის კუნთების კრუნჩხვითი ტკივილი ან გაციებული ტერფი
  • სისხლდენა ცხვირიდან



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ სასწრაფო დახმარების ობიექტებს, თუ ბავშვს აქვს:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში
  • გონების დაკარგვა
  • სუნთქვის უცაბედი გაძნელება
  • აუხსნელი მაღალი არტერიული წნევა



ამ სიმპტომების ქონა არ ნიშნავს, რომ მძიმე დაავადება გაქვთ, მაგრამ აუცილებელია შემოწმება. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა გადაარჩენს თქვენს ან თქვენი ბავშვის სიცოცხლეს.