აქილევსის ტენდონიტი (მყესის ანთება)

დაავადების აღწერა

აქილევსის მყესის ანთება (ტენდინიტი) მისი ზედმეტი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აქილევსის მყესი ის ქსოვილია, რომელიც კანჭის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან.

აქილევსის მყესის ანთება ყველაზე ხშირად მორბენალ ათლეტებს ემართებათ, რომლებმაც სწრაფად გაზარდეს სირბილის სიჩქარე ან ხანგრძლივობა. ტენდინიტი ასევე გვხვდება შუახნის ასაკის ადამიანებში, რომლებიც რომელიმე სპორტის სახეობას მისდევენ, მაგალითად კალათბურთს, ჩოგბურთს, მხოლოდ შაბათ–კვირას ან გართობის მიზნით.

აქილევსის მყესის ანთების მკურნალობა ძირითადად ექვემდებარება მარტივ, სახლის პირობებში შესაძლებელ საშუალებებს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობა ანთების შემდგომი ეპიზოდების განმეორების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. ანთების უფრო მძიმე შემთხვევებმა შესაძლოა მყესის რუპტურა (გაწყვეტა) გამოიწვიოს, რასაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

გამომწვევი მიზეზი

მყესის ანთებას განმეორებითი, ხშირი დატვირთვა იწვევს. მყესი სიარულის, სირბილის, ხტუნვის, ფეხისწვერებზე დადგომის დროს იჭიმება.

აქილევსის მყესის სტრუქტურა ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება, რის შედეგადაც, მოზრდილ ადამიანებში დაზიანების რისკი დიდია, განსაკუთრებით სპორტის რომელიმე სახეობის მიმდევრებში ან მორბენალებში.

სიმპტომები

აქილევსის მყესის ანთების დროს ტივილი ძირითადად საშუალო სიმძიმით იწყება, ფეხის უკანა ზედაპირზე ან ქუსლის ძვალთან, სირბილის ან სხვა აქტივობის შემდეგ. ძლიერი ტკივილი კი შესაძლოა ხანგრძლივ სირბილს, მაღალ კიბეზე ასვლას ან სწრაფ მოძრაობებს მოჰყვეს.

ასევე შეიძლება გქონდეთ გაშეშების შეგრძნება და მგრძნობელობის მომატება, განსაკუთრებით დილით. ეს შეგრძნება მოძრაობასთან ერთად გაივლის.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაწუხებთ ხშირი ტკივილი აქილევსის მყესის არეში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ტკივილი განსაკუთრებით მძიმეა და გიზღუდავთ მოძრაობას, რადგან ამ დროს შესაძლოა გქონდეთ გაწყვეტილი აქილევისის მყესი..