არა–ჰოჯკინის ლიმფომა

დაავადების აღწერა

არა–ჰოჯკინის ლიმფომა სიმსივნეა, რომელიც იწყება ლიმფურ სისტემაში–დაავადებებთან მებრძოლ ქსელში, რომელიც მთელ ორგანიზმში მდებარეობს. არა–ჰოჯკინის ლიმფომის დროს, სიმსივნე ლიმფოციტებში ვითარდება–სისხლის გარკვეულ თეთრ უჯრედებში.

არა–ჰოჯკინის ლიმფომა უფრო ხშირია, ვიდრე ლიმფომის მეორე, ზოგადი ტიპი– ჰოჯკინის ლიმფომა.

არსებობს არა–ჰოჯკინის ლიმფომის მრავალი ტიპი. ყველაზე ხშირი ქვეტიპებია დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომა და ფოლიკულური ლიმფომა.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, ზუსტად რა იწვევს არა–ჰოჯკინის ლიმფომას.

არა–ჰოჯკინის ლიმფომა ვითარდება, როცა ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბ, პათოლოგიურ ლიმფოციტებს– სისხლის თეთრი უჯრედის ერთ–ერთ ტიპს.

ნორმაში, ლიმფოციტი გაივლის სიცოცხლის ციკლს, ანუ ძველი უჯრედი კვდება, ხოლო ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ახალი უჯრედი ჩაანაცვლებს მას. არა–ჰოჯკინის ლიმფომის დროს, ლიმფოციტები არ კვდებიან, პირიქით, იზრდებიან და მრავლდებიან. ლიმფოციტების სიჭარბე დიდ ადგილს იკავებს ლიმფურ კვანძებში და იწვევს შესიებას.

B უჯრედები და T უჯრედები

არა–ჰოჯკინის ლიმფომა შესაძლოა დაიწყოს:

  • B უჯრედებში. B უჯრედები წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც ანეიტრალებენ უცხო მიკროორგანიზმებს. არა–ჰოჯკინის ლიმფომის უმეტესი შემთხვევა B უჯრედოვანია.
  • B უჯრედების შემცველი ლიმფომების ტიპებია: დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომა, ფოლიკულური ლიმფომა, ბურკიტის ლიმფომა.
  • T უჯრედებში. T უჯრედები პირდაპირ კლავენ უცხო ორგანიზმებს. არა–ჰოჯკინის ლიმფომა უფრო იშვიათია T უჯრედებში.
  • T უჯრედოვანი ქვეტიპებია: პერიფერიული T უჯრედოვანი ლიმფომა და კანქვეშა T უჯრედოვანი ლიმფომა.
  • არა–ჰოჯკინის ლიმფომის ზუსტი წარმომავლობისა და უჯრედების დადგენა გვეხმარება მკურნალობის შერჩევაში.


სად ჩნდება არა–ჰოჯკინის ლიმფომა

არა–ჰოჯკინის ლიმფომა ზოგადად ჩნდება ლიმფური კვანძების ავთვისებიანი ლიმფოციტების გამო, მაგრამ დაავადება ვრცელდება ლიმფური სისტემის სხვა ნაწილებშიც. ესენია: ლიმფური ძარღვები, გლანდები (ტონსილები), ადენოიდები (პოლიპები), ელენთა, თიმუსი, ძვლის ტვინი. ზოგჯერ, არა–ჰოჯკინის ლიმფომა ჩაითრევს სხვა შინაგან ორგანოებსაც, რომლებიც ლიმფური სისტემის გარეთ მდებარეობს.

სიმპტომები

არა–ჰოჯკინის ლიმფომის სიმპტომებია:

  • უმტკივნეული, შესიებული ლიმფური კვანძები კისერში, იღლიებში ან საზარდულში
  • მუცლის შესიება ან ტკივილი
  • ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა, სუნთქვის გაძნელება
  • დაღლილობა
  • ცხელება
  • ოფლიანობა ღამით
  • წონაში კლება


როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე ხანგრძლივი ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც გაშფოთებთ.